„მიდის წუწაობა, ხელისუფლებამ მიაფურთხოს რა ამ სიტუაციას და მიხედოს ამ ქვეყანას, რა დროს ერთი-ორი კაცის პარლამენტში შესვლა-არშესვლაა?!“

„მიდის წუწაობა, ხელისუფლებამ მიაფურთხოს რა ამ სიტუაციას და მიხედოს ამ ქვეყანას, რა დროს ერთი-ორი კაცის პარლამენტში შესვლა-არშესვლაა?!“

„ჩვენ ვლაპარაკობთ ელისაშვილზე, ხვიჩიასა და „რესპუბლიკელებზე“, ამ დროს კი გემი როდესაც მიცურავს, თაგვი აქეთ გადაირბენს თუ იქით, ეს არანაირად არ მოქმედებს გემის მიმართულებაზე, მთავარია, კაპიტანი რას აკეთებს გემზე, ანუ რას აკეთებს ხელისუფალი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ხშირად მოგვისმენია ასეთი შეფასება, რომ მიშას თამაში მიმდინარეობს შალვა ნათელაშვილის მაგიდის გარშემო. მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა ამ ფაქტს და აღნიშნა, რომ ოპოზიციონრები შალიკოს ფანჩატურში შევიდნენ, როგორც რადიკალები და გამოვიდნენ ანარქისტები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანებს ანარქისტული ზრახვები ამოძრავებთ და სააკაშვილი მართავს ამ პროცესებს?

- არა მგონია, მიშა მართავდეს, საერთოდ მიშას მიმართ ძალიან დიდი განსხვავებული დამოკიდებულებაა ქართულ ოპოზიციაში, თვით „ნაცმოძრაობაშიც“ კი სააკაშვილის მიმართ არ არის ცალმხრივად დადებითი დამოკიდებულება, ზოგი ფიქრობს, რომ მისგან მეტი დისტანცირებაა საჭირო, ზოგი კი პირიქით ამბობს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მიშასთან ურთიერთობა. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, უბრალოდ, ის აჟღერებს სურვილებს და ვფიქრობ, მან არც იცის, რა არის ანარქია. ამიტომ ისვრის ასეთ სიტყვებს, ვიღაც რაღაცას იტყვის და უცებ ჩაებღაუჭება ამ ნათქვამს. ჩემი აზრით, ეს ანარქია კი არ არის, არამედ ოპოზიციას თავისი გაჭირვება ეყოფა და ოპოზიციამ არ იცის, რა გააკეთოს. მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა თავის დროზე არ შევიდნენ პარლამენტში, ახლა უკვე ვეღარ შევლენ, თავისი სიტყვა ნათქვამი აქვთ და ახლა მიდის წუწაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოღონდ სახელმწიფოს არ ემსახუროს „ქართული ოცნება“, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. ოქტომბერში დასრულდა არჩევნები და დღემდე მმართველი გუნდი იმაზე ლაპარაკობს, ვინ შევა და ვინ არ შევა პარლამენტში. მიაფურთხოს რა ამ სიტუაციას და მიხედონ ამ ქვეყანას, რა დროს ერთი-ორი კაცის პარლამენტში შესვლა-არშესვლაა?! მართლა გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ ასეთი სრული, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაიგივება ოპოზიციასთან. ოპოზიცია ხომ უპასუხისმგებლოდ იქცევა, „ქართული ოცნება“ კი ათასჯერ უფრო უპასუხისმგებლოა, რადგან ოპოზიციას ბაძავს, იმის ნაცვლად, განერიდოს და თქვას, ოპოზიციას თავში ქვა უხლია და პარლამენტში შემოსვლა თუ არ უნდათ, ნუ შემოვლენ, ჩვენ ქვეყანას მივხედავთო. მაგრამ არა, ქვეყნის შესახებ არ ლაპარაკობენ, უკვე რამდენი თვეა, მხოლოდ ოპოზიციაზე ლაპარაკობენ. ჩემთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ ასეთი სიზარმაცე და ლუარსაბ თათქარიძეობა, ოღონდ არაფერი აკეთონ და მიზეზად ლეღვის ფოთოლივით აფარებული აქვთ ოპოზიციის სისულელეები.

ფაქტია, ამ ფანჩატურში ოპოზიციონრები გამუდმებით იკრიბებიან, რაღაც გეგმა, სცენარი ხომ უნდა ჰქონდეთ, თუ რას აპირებენ? თქვენი აზრით, საბოლოო სცენარი რა იქნება?

- მე „ქართული ოცნება“ უფრო მაინტერესებს, ამიტომ დროულად ჩახსნან ოპოზიციონერთა სიები და მიხედონ ქვეყანას. არაა საჭირო წუწაობა, ეს სისულელეა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, დრო გაწელოს, რათა ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს. ვერ დააბრალებს ყველაფერს ოპოზიციას, რადგან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე მმართველი გუნდია პასუხისმგებელი. ოპოზიციის პრობლემა ოპოზიციის პრობლემაა, ხალხი ოპოზიციას ან მისცემს ხმას, ან არ მისცემს შემდეგ არჩევნებზე, მაგრამ მმართველი ძალის პრობლემა სახელმწიფოს პრობლემაა, ადამიანების მაცივრის პრობლემაა, ჩვენი შვილების პრობლემაა, განათლების პრობლემაა, პენსიების პრობლემაა, ეკონომიკაა. ყველა ეს საკითხი დამოკიდებულია სახელმწიფოზე, ესენი კი დღემდე ეჭიდავებიან ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა პარლამენტში შესვლა. არ უნდათ და თავში ქვაც უხლიათ. ამიტომ ერთადერთი რეკომენდაცია კი არა, მოთხოვნაა ხელისუფლების მიმართ, ჩახსნან ოპოზიცია, გაუნულონ ყველაფერი და მიხედონ ქვეყანას ოპოზიციის გარეშე. როგორ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში ამ სამარცხვინო თამაშის მაყურებლები აღმოვჩნდეთ საზოგადოების წევრები.

ეს სიები რომ ჩახსნან, ამით ოპოზიციას ქუჩისკენ ხომ არ უბიძგებენ? ფინალი რა იქნება, ისევ ანარქია, რაზეც მმართველი გუნდი მიანიშნებს?

- მე სახელმწიფო მაინტერესებს, ოპოზიციამ თვითონვე იცის, რას აპირებს. ოპოზიციამ ხომ მოინდომა პარლამენტში არშესვლა? ნუ შევლენ, დავიღალეთ ამ ოპოზიციით. „ქართული ოცნება“ კი არ დაიღალა ოპოზიციით და ბედნიერია ამ ოპოზიციის ქმედებებით. ვიდრე ოპოზიცია ასე თამაშობს, „ქართულ ოცნებასაც“ სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, თავი იმართლოს, რა დროს ქვეყანაა. სწორედ ახლაა ქვეყნის დრო და მიხედონ ქვეყანას.

ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს, ამ თამაშში შეყვეს ოპოზიციას?

- არა მარტო აწყობთ, უხარიათ კიდეც. რა დროს ეკონომიკაა, რა დროს სიღარიბეა, ნახეთ, ერთი კაცი კიდევ შემოსაყვანი გვყავს ოპოზიციიდან პარლამენტშიო. დაახლოებით ეს დამოკიდებულებაა. როცა ამ ერთ ადამიანს, ან ნახევარ ადამიანს შევიყვანთ პარლამენტში, მერე მივხედავთ სიღარიბეს, საგარეო პოლიტიკას და რეგიონალურ გამოწვევებსო. ჩემთვის ოპოზიცია არის არაფერი, მაგრამ ხელისუფლება არის ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობა. ამიტომ კეთილი ინებონ და მომხედონ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ჩვენ ძალიან ბევრი პრიორიტეტი გვაქვს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კინკლაობის ყურებაა.

თქვენ ამბობთ, რომ ნაკლებად გაინტერესებთ ოპოზიცია, მაგრამ მაინც გკითხავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში თუნდაც ამ ბოლო პერიოდში, როცა შერისხულების კიდევ ერთი ახალი ტალღა გამოჩნდა, ოპოზიციამ ჯერ მოიძულა ალეკო ელისაშვილი, ახლა „გირჩის“ დისკვალიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, „გირჩის“ წარმომადგენლებს გაპონიც უწოდეს. მართლაც მიმდინარეობს „გირჩის“ გაპონიზაცია?

- მიმდინარეობდეს გაპონიზაცია, ეს არ არის ქვეყნის პრობლემა, სინამდვილეში, პრობლემაა, რომ შეიცვალა ოთხი გუბერნატორი და ოთხივე არის პოლიციიდან. ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს და „გირჩსა“ და „რესპუბლიკურ პარტიაზე“ ლაპარაკობენ, ქვეყანა მიექანება საპოლიციო სახელმწიფოსაკენ. სააკაშვილი თავის ძმაკაცებსა და დაქალებს მაინც ნიშნავდა გუბერნატორებად, ანუ მეგობარ პოლიტიკოსებს, თუგინდ უღიმღამო, უუნარო და სახიფათო პოლიტიკოსებს, ესენი კი პოლიციელებს და უშიშროების ხალხს ნიშნავენ. ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ ელისაშვილზე, ხვიჩიასა და „რესპუბლიკელებზე“, რომელთა ქმედებები არანაირად არ მოქმედებს სახელმწიფოზე. გემი როდესაც მიცურავს, თაგვი აქეთ გადაირბენს, თუ იქით, არანაირად არ მოქმედებს გემის მიმართულებაზე. პრობლემაა, კაპიტანი რას აკეთებს გემზე, ანუ რას აკეთებს ხელისუფალი.

amo მართალია ეს კაცი. უნიათო ხელისუფლებაა.
3 წლის უკან
Ninja საქმე უნიათობაში კი არაა, იმაშია, რომ არ ხარ დამოუკიდებელი და შეყურებ, რას მოგიწონებს დასავლეთი და რას არა. ჩვენნაირი გეოპოლიტიკური მდებარეობის და სუსტი ეკონომიკის ქვეყანა კი ვერასდროს იქნება თავისუფალი სრულად, ამიტომ ეკონომიკას მივხედოთ პირველ რიგში, თუმცა აქაც საშინელ საბოტაჟს აქვს ადგილი.
3 წლის უკან
Maverick ამდენი ჭლის მანძილზე პირველად ვეთანზმები ამ კაცს!

ქოც კეკლუცებო, ძალიან ნუ იკეკლუცებთ თქვენი "შალახოს" ჰიმნის ჰანგებში, 3 წელი და 8 თვე დაგრჩათ, საქმეს მიხედეთ, საქმეს, ვინძლო ნაცბოზბანდიტების ბედი არ გაიზიაროთ!
3 წლის უკან