საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, თურქეთში ქართული ტაძრების, იშხანისა და ოშკის, აღდგენის პროცესს ქართველი არქიტექტორები დააკვირდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრემიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, ივანიშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ძეგლების მოვლა-პატრონობას დაჰპირდა. ამასთან, გაირკვა, რომ იშხნისა და ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთი აშენდება, რასაც ქართული მხარე დააფინანსებს.
უკვე ცნობილია, რომ ეს მეჩეთი აზიზიეს სახელობის არ იქნება, რამაც ერთი წლის წინ ბათუმში ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც დამპყრობლის სახელობის მეჩეთის აშენების პერსპექტივამ. ეს იდეა მიუღებელი იყო საქართველოს საპატრიარქოსათვისაც.
იმ დროს საპატრიარქო აცხადებდა, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი და სხვა, იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. თუმცა რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, საპატრიარქომ არ იცოდა.
დღეს კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ თავის დროზე იგი მე-19 საუკუნის დამპყრობელი ოსმალეთის იმპერიის, ასევე, დამპყრობელი სულთან ალდუ აზიზიას სახელობის მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.
„საბოლოოდ დასამარდა ის ყბადაღებული დემაგოგია, რომ საქართველო და ბათუმი მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან“, - აცხადებს მურმან დუმბაძე და განმარტავს, თუ ქართველ მუსლიმანს მეჩეთის მშენებლობა სჭირდება, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა ამისთვის ადგილს გამოუყოფს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიღებულ იქნა ქართველი მუსლიმანებისთვის, რათა მათ ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა არსებობს გარკვეული მონახაზები და ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უცნობია ის არქიტექტურაც, რომლითაც ბათუმში მეჩეთი აშენდება.
ოშკისა და იშხანის თემას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და ოპონენტები თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების, ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის პროექტების შეფერხების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ის ხალხი, ვინც დღეს მოვიდა ხელისუფლებაში, ისტერიულ წინააღმდეგობას უწევდა სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაში. ამ წარმოუდგენელი, გააფთრებული, დაუსაბუთებელი ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად კი გართულდა პროცესი და დღეს ჩვენი ძეგლები უფრო მძიმე მდგომარეობაშია.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების აღდგენის სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა იშხანისა და ოშკის რესტავრაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.
იშხანისა და ოშკის აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ქართული ტაძრების აღდგენის მიზნით აუცილებლად უნდა შედგეს არა სახალხო-სატელევიზიო მსჯელობა, არამედ ამ საქმეში რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, შუა საუკუნეების სპეციალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ. ტაძრის აღდგენისთვის საჭირო ყველანაირი გეგმა საბჭომ უნდა განიხილოს, რადგან არსებობს ტაძრების აღდგენის სხვადასხვა პრინციპი. დღეს მსოფლიოში გავრცელებულია არა რესტავრაცია, არამედ ძეგლის გამაგრება.
ღმერთმა ნუ ქნას, ოშკი და იშხანიც ბაგრატის ტაძარივით ააშენონ. ბაგრატის ტაძარი დაიკარგა, ამიტომ რაც არის, ის უნდა გამაგრდეს და კონსერვაცია ჩაუტარდეს. ლიფტები ხომ საერთოდ კურიოზია, სატირალი რომ არ იყოს. შოუს გაკეთება ეკლესიისგან დაუშვებელია. იტალიელ არქიტექტორს უნდოდა, რომ ნახევარი ეკლესია ყოფილიყო, ნახევარი კი - შოუ, რაც გამორიცხულია. მისწრებაზეა იშხანი და ოშკი, ერთი მიწისძვრა რომ მოხდეს, ჩამოინგრევა. ოშკში შემორჩენილი გვაქვს გუმბათი, არადა, მე-10-12 საუკუნეების ძეგლი გუმბათით რომ არის მოღწეული ძალიან ცოტა შემორჩა“, - აცხადებს გოგი ხოშტარია.
მისივე თქმით, ოშკისა და იშხანის საფასურად, მეჩეთის აშენება, ალბათ, ღირს და ეს ბათუმელების საქმეა. თანაც, თუ ჩვენ რელიგიურ შემწყნარებლობას ვქადაგებთ, მაშინ მუსლიმან მრევლს უფლება აქვს, იქონიონ თავიანთი სალოცავი. მით უფრო, რომ თბილისში არსებული მეჩეთი და ქართული ან სომხური ეკლესიები ხელს არ უშლის ერთმანეთს. უფრო მეტიც, ამის გამო მაინც არ იმატებს მუსლიმანთა რიცხვი, რადგან ბათუმელების მრწამსს თუ დავაკვირდებით, იქაური მუსლიმანიც საბოლოოდ მაინც ქრისტიანდება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.
პირველ რიგში, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ტოლერანტულობის და ევროპულობის ნიშანი. სულ ამაზეა დავა, თითქოს, ახალი ხელისუფლება ანტიდასავლურია. „სინამდვილეში, ამით დაამტკიცებენ, რომ პირიქით, მოწინავე იდეებს იზიარებენ. აზიზიეს მეჩეთს კი ბათუმელები იმიტომ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ თვითონ აზიზიე აღიზიანებდათ, როგორც გენერალი, რადგან იგი ჩვენს წინააღმდეგ ომებში მონაწილეობდა. თავისთავად, მეჩეთი ისედაც ბევრია ჩვენთან“, - აცხადებს გოგი ხოშტარია.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ადასტურებს, რომ იშხანს და ოშკს ძალიან დიდი პრობლემა აქვთ მდგრადობის თვალსაზრისით და ხვალ და ზეგ შეიძლება, ჩამოიშალოს. ამიტომ დროულად სჭირდება კონსერვაცია და რესტავრაცია და მერე უკვე იმაზე უნდა ვიფიქროთ, შეიძლება თუ არა მათი აღდგენა და ფუნქციონირება.
არქიტექტორის განმარტებით, თვითონ თურქები ბიზანტიური კულტურის გამოყენებით უზარმაზარ შემოსავალს იღებენ, ტურისტულ ზონად აქციეს ყველაფერი, რაც ბიზანტიური კულტურის შედეგია. ტაო-კლარჯეთის ეკლესიებთან კი ვერ მივიდნენ, რადგან საბჭოთა კავშირის საზღვართან იყო ეს ეკლესიები და ტურიზმისთვის ხელმიუწვდომელი ზონად ითვლებოდა. ამიტომ არ ჰქონდათ მათდამი ინტერესი. დროთა განმავლობაში კი მწყობრიდან სრულიად გამოვიდა იშხანიც, ოშკიც და ხახულიც.
გიგა ბათიაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ახლაც თურქებს მერკანტილური ინტერესი ამოძრავებთ და ტურიზმისთვის სჭირდებათ ჩვენი ეკლესიები, რაც ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ საქმეში ჩვენი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ, რომ არ მოხდეს თურქების თვალთახედვით ჩვენი ტაძრების აღდგენა ისე, რომ ისინი ტურისტების სურვილს აკმაყოფილებდნენ.
„ამ უდიდესი განძისთვის საჭიროა ძირეული კულტურული ფესვის შენარჩუნება, რასაც ჩვენი სპეციალისტების მეტი ვერავინ უკარნახებს თურქებს, რადგან საფუძვლიანად არავინ იცის ამის შესახებ. ჩვენშიც ბევრმა არ იცის ამ ტაძრების სპეციფიკა, მაგრამ შემორჩა თითო-ოროლა ადამიანი, რომელთა შეხედულებაც ამ კუთხით საინტერესოა.
კარგია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად დაიძრა. რამდენად განხორციელდება, სხვა საქმეა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ეს სიტუაცია. არავინ იფიქროს, რომ თურქები ჩვენი სიყვარულით გადაირევიან და გააკეთებენ ყველაფერს, მათ მერკანტილური მოსაზრება აქვთ, ცალმხრივ ტურიზმი და ცალმხრივ მუსლიმანების ინტერესის დაკმაყოფილებაა მათი მიზანი. საბედნიეროდ, იმ მუსლიმანებს შორის ნაწილი ქართველები არიან“, - განმარტავს გიგა ბათიაშვილი.
მისი თქმით, ბათუმში მეჩეთის აშენება, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ გარემო არ უნდა დაშავდეს და გარემოში ლიდერის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს მეჩეთს.
„თუ ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ, ბალანსი უნდა მოვახდინოთ. თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ბალანსი მოახდინა და შეუნარჩუნა კიდეც იდენტობა ქართველ ერს. ამიტომ ჩვენს საქციელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მათ აქვთ პრაგმატული ინტერესი და ჩვენ უნდა გვქონდეს კულტურულ-ეროვნული ინტერესი. ჩვენი უდიდესი განძი სწორედ ტაო-კლარჯეთშია“, - მიიჩნევს გიგა ბათიაშვილი.
ქართველების ამ საქმეში ჩართვას მიესალმება მხატვარი გია ბუღაძე, რადგან აღნიშნული ძეგლებია ქართული კულტურის ნაწილია და, პირველ რიგში, ქართველებს უნდა ჰკითხონ მათ შესახებ. ამასთან, მხატვარი იმედოვნებს, რომ ამ ძეგლებს ისე არ დაემართებათ, რაც ჩვენს ბაგრატს დაემართა.
„ლიფტის დამონტაჟებაზე არ არის საქმე. ბაგრატთან მიმართებით უარესი რამ მოხდა და ბაგრატში აირია ძველი და ახალი. ძველს ისე მიაკერეს ახალი, რომ ძველის იმიტაცია მოახდინეს, თორემ ლიფტი პრობლემას არ ქმნის, რადგან რესტავრაციის თანამედროვე პრაქტიკაში მიღებული ფორმაა, რომ ძველი რჩება ხელუხლებად, ახლისთვის კი ხაზგასმა კეთდება, რომ ის ახალია, რათა დამთვალიერებელს ან მაცხოვრებელს არ აერიოს ერთმანეთში და განასხვავოს, რა არის ისტორიული და რა არის თანამედროვე. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება იშხანსა და ოშკში. ამ ტაძრების გამაგრებაა საჭირო, რადგან ოშკის გუმბათი ძლივს დგას და ეს საშური საქმეა“, - აღნიშნავს გია ბუღაძე.
მისივე თქმით, დოკუმენტაციებს თუ ვერწმუნებით, საეჭვოა, ოშკმა კიდევ ერთი წელი გაძლოს. ამდენად, ქართველების ჩართვა ამ საქმეში აუცილებელი იყო. თურქებს დამოუკიდებლად რომ გაეკეთებინათ, ალბათ, ბევრად უხეშად მოიქცეოდნენ, ვიდრე ჩვენები, თუმცა გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ არც ჩვენ ვექცევით კარგად ჩვენს ისტორიულ ძეგლებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7-8 წელია, ბევრი ძეგლი აღდგა საქართველოში, ერთ-ერთი უნიკალური რესტავრაცია მაინც გელათში ჩატარდა, რაც იუნესკოსთვისაც სამაგალითო რესტავრაციის მაგალითია.
„თუ ამ დონეზე მოხდება იშხანისა და ოშკის რესტავრაცია, ეს ქართული კულტურის ამ კერის გადარჩენა იქნება. მესმის, რომ თურქებს მეჩეთის აღდგენის თავიანთი ინტერესი აქვთ. რა თქმა უნდა, აჭარელი მუსლიმანიც ქართველია და არაჩვეულებრივი იქნება, თუ ქართველ მუსლიმანებსაც გავუწევთ ანგარიშს და მათთვის მეჩეთის აშენებით გადარჩება ისტორიული ოშკი და იშხანი“, - აცხადებს გია ბუღაძე და მიიჩნევს, რომ ხანძთაც მისახედია და ოთხთაც. ისტორიული გენიალური ქმნილებები კი, რითაც საქართველოს მთლიანობა იწყება, დღეს ტაო-კლარჯეთშია და მათი მიხედვა ჩვენს გადარჩენას და აღორძინებას ნიშნავს.