„გადაჭარბებული მოლოდინია, რომ მელიას დაკავებას მოჰყვება რევოლუცია“

„გადაჭარბებული მოლოდინია, რომ მელიას დაკავებას მოჰყვება რევოლუცია“

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო. პარლამენტის ბიუროზე გადის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. დღეს დილიდან, საკითხს სავალდებულო წესით განიხილავენ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც წარედგინება პარლამენტს პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

უმრავლესობის გადაწყვეტილება ცნობილია – მხარს უჭერენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნება. მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო, დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება – გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით, მხოლოდ თანხის ოდენობაა გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში, მას აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება – არდამძიმების ბედს. მისივე თქმით, ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაციაა და ქვეყანაში არსებული არეულობის მოწყობის და საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობა.

„მელიას ჰქონოდა დრო და შესაძლებლობა, კარგად გაეაზრებინა მისი უკანონო ქმედების მოსალოდნელი შედეგები, თუმცა ნაცვლად ამისა, მედიასივრცეში მისი და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებებიც კი გამოჩნდა. ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა – კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს.

მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება, დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ საკუთარი პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური, თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას გავრილოვის პატიმრად გასაღების მცდელობაა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარემ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.

მელია აცხადებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ აპირებს. ამბობს, რომ სანერვიულო არაფერი აქვს, ამიტომ პარლამენტს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავს ჟიული შარტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასათან აიგივებს.

„ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც, იყო ერთ–ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას. რა მოსატანია შიში, როდესაც მოწინააღმდეგე ახლა არის გავრილოვი, კობახიძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ივანიშვილი. უზომოდ დიდი ხარისხის სოლიდარობას ვგრძნობ, ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ღირს ცხოვრება. საქართველოში ვერასდროს წაშლიან ჟიული შარტავას ხსოვნას, ზვიად გამსახურდიასი, მერაბ კოსტავასი, საქართველოს ყველა იმ მოქალაქის, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნის სიყვარულისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ტაში მოჰყვა.

თუ, დღეს პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში მივა, წინააღმდეგობას ხატია დეკანოიძე გაუწევს და პოლიციას მელიას არ გაატანს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფიქრობს, რომ ვერ დააპატიმრებენ.

„თუ გადაწყვეტენ ნიკა მელიას დაპატიმრებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ვერ დააპატიმრებენ, მე გავუწევ მათ წინააღმდეგობას. მე, ერთი ადამიანი ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია. დიახ, ეს ასეა, ფიზიკურად მოუწევთ ჩემი დაპატიმრება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტრადიციულად, ძალადობას აანონსებს გიგი უგულავა, რომელიც ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. გიგი უგუალავა ძალოვანებზე თავდასხმას აანონსებს. მისი თქმით, ამგვარი ქცევა აბსოლუტურად კანონიერია და კონსტიტუციას ეფუძნება.

„მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას, მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და ძალადობს, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას. გავრილოვის ხარკის გადახდას არ ვაპირებთ, მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ. გავრილოვს ქართველი, თავისუფალი საზოგადოების მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ასე ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ამას საზოგადოების მხრიდან ცალკე რეაქცია მოყვება. მისივე თქმით, მელიას წინააღმდეგ საქმე აბსურდულია.

„თუ გაბედეს ეგეთი უტიფარი და სამარცხვინო ნაბიჯი, ეს ცალკე სცენარია, ამას მოყვება ცალკე რეაქცია საზოგადოების მხრიდან. თუ ეგეთი ნაბიჯი გადადგეს, ყველა ასეთ ნაბიჯს შემდეგ განვიხილავთ და საზოგადოებას გავაცნობთ. ნიკა მელიას აბსურდულ საქმეზე დაჭერა საერთოდ სერიოზულად არც უნდა განეხილათ და ვერც უნდა გაბედონ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ნიკა მელია გირაოს არ იხდის და ამბობს, რომ არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო მის მაგივრად. მაგრამ თუკი ვინმე მის მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, მელია ამბობს, რომ ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია. პარალელურად, ოპოზიციამ დააანონოსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების აგრესიული, ტოქსიკური რიტორიკა გასაკვირი არ არის. როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ოპოზიცია პერიოდულად იმუქრება მთავრობის ჩამოგდებით, ქვეყნის ჩამოშლით და ეს მუქარები ისმის მათ მიერ კონტროლირებადი ტელეარხებიდან, თუმცა აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციას ქუჩის რესურსი ამოეწურა.

„რაც შეეხება დაკავებას, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც კანონი ამას ამბობს. გაუწევს ვინმე წინააღმდეგობას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება უგულავა, სამადაშვილი, თუ ვინ, აი, როგორც კონგრესში შეიჭრნენ დესტრუქციული ძალები და პოლიციამ გასცა ადეკვატური პასუხი, ასევე საქართველოში ნებისმიერ ადამიანს გაეცემა ადეკვატური პასუხი.

ოპოზიციამ დააანონსა მასობრივი აქციები ერთი თებერვალში, მეორე მარტის ბოლოს. გამოდის, რომ თვეში ერთხელ მათ შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ავტობუსებით ჩამოიყვანონ აქტივისტები, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, რომ მომდევნო დღეებში არის რამდენიმე ასეული, თუ ათეული ადამიანი, ისიც ზოგი იდესითვის არის, ზოგი დაქირავებულია და ამისთვის ისინი იღებენ ფულს. ასე რომ, მე არ ველოდები, რომ მელიას დაკავებას მოჰყვება დიდი ამბები. თუ ეცდებიან რაღაცის დაბოქლომებას, ან სადმე შეჭრას, პოლიცია გამოიყენებს სპეცსაშუალებებს, როგორც ამას პოლიცია იყენებს ევროპაში და აშშ-ში“, – აცხადებს გია აბაშიძე.

რატომ არ იხდის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გირაოს და რატომ ირჩევს ციხეს, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მელიას ერთადერთი მიზანია პროცესების რადიკალიზაცია, შექმნას ექსტრაორდინალური ვითრება, რომელსაც მოჰყვება გართულება.

„ასეთი ადამიანის დაკავება ვერ გახდება დესტაბილიზაციის მიზეზი, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში. მელიას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, მაგრამ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, არ იხდის გირაოს.

ახლა სასამართლოს სამსჯელოა და როცა აღკვეთის ღონისძიება არ სრულდება, იგი იცვლება უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით და რასაკვირველია, სასამართლო მას დააპატიმრებს. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება პოლიტიკური ხმაური, მათ შორის გარკვეული საერთაშორისო რეზონანსიც, მაგრამ სახელმწიფო, რისი სახელმწიფოა, ამას რომ ვერ გაუძლოს. მაგრამ გადაჭარბებული მოლოდინია, რომ მელიას დაკავებას მოჰყვება რევოლუცია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის რეალობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მანამდე ყოველგვარი პრობლემის და ხმაურის გარეშე გირაოც გადაიხადა და სამაჯურიც გაიკეთა. მისი თქმით, მიზანია ნათლად იკითხება. ქვეყანაში სალაპარაკო უნდა გახდეს არა ის, რომ არჩევნები გაყალბდა, რომელიც არავინ არ დაიჯერა, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ დააკავა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.

„მელიას დაახლოებით იგივე ბრალი მიუძღვის, რაც კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის დროს დაკავებულ 80 ადამიანს. ამერიკის მოქალაქეებს მათი დაკავება არ აღუთქვიათ როგორც ტრამპის და „რესპუბლიკური პარტიის“ დევნად. მაგრან „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე აწიონ ტემპერატურა. მათი პოლიტიკური დღის წერიგია, მთელი მსოფლიო მოიაროს ინფორმაციამ, რომ დაკავებულია მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.

რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც ასევე გირაოთი გამოუშვა სასამართლომ და გადაიხადეს? მარტო მელიას არ უკეთია სამაჯური, ბევრს უკეთია, მაშინ ყველა მოიხსნის და გადააგდებს, რითი არიან მელიაზე ნაკლები. სრულიად, შეგნებული პოლიტიკური ნაბიჯია, რაზეც ადეკვატურია ხელისუფლების ნაბიჯი და ეს მათ ძალიან კარგად იციან. ხელს დაარტყამს უგულავა სპეცრაზმს, მიუჯდება მელიას, ძალიან მარტივია. წინააღმდეგობის გაწევას ექნება შესაბამისი პასუხი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.

გოგი „თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში მივა, წინააღმდეგობას ხატია დეკანოიძე გაუწევს და პოლიციას მელიას არ გაატანს“. როგორ ფსკერამდე დახვედი მელია, არ გრცხვენია უკვე ქალები გადაგეეფარენ?
3 წლის უკან
trampi ამ დებილების ადგილზე მელიას არ დავიჭერდი....
რევოლუციის შიშის გამო კი არა, უბრალოდ დაშლის პირას მყოფ ამ ოპოზიციას, მელიას დაჭერით ახალ ენერგიას არ შევმატებდი.
მელიას დაჭერით ეგენი ისევ გაერთიანდებიან, ისევ გონორზე მოვლენ.....
მელიას დაჭერის პრიჩინით მე მაგათ აღდგენას ხელს არ შევუწყობდი....
მოკლედ სჯობია ეს ამბავი ნებაზე მიუშვან------- ნაცების გარდა ეგენი ყველა დაიშლებიან.
3 წლის უკან