ფეხებმოკვეთილი ქართველი ჯარისკაცები აშშ-ს კლინიკებში მკურნალობენ

ფეხებმოკვეთილი ქართველი ჯარისკაცები აშშ-ს კლინიკებში მკურნალობენ

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის ვაშინგტონის ერთ-ერთ კლინიკაში ავღანეთში ნაბრძოლი ოთხი ქართველი ჯარისკაცი მკურნალობდა. ოთხივე მათგანს ფეხები მოკვეთილი აქვს. ვაშინგტონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულისგან შემთხვევით გაგებული ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ - ავღანეთში ნაბრძოლი ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ for.ge შეხვდა და ესაუბრა თავდაცვის მინისტრის მრჩეველს ვაკო ავალიანს.

ვაკო ავალიანი: ამჟამად შეერთებულ შტატებში ათი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. მანამდე ისინი გერმანიაში მკურნალობდნენ. ვაშინგტონში იყო ერთი ჯარისკაცი, რომელსაც თავის და სახის არეში დაზიანებები მიღებული აქვს მიღებული. ვაშინგტონში იყო კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელმაც საბრძოლო დაზიანება იანვარში მიიღო - კოჭის დონეზე მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია აქვს გაკეთებული.

ეს ადამიანი ახალ წელს სააკაშვილის ავღანეთში ყოფნისას ხომ არ დაჭრილა?

- არა, ეს შემდეგ მოხდა. ვაშინგტონში მკურნალობდა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც 2011-ში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. მას მრავალი დაზიანება აქვს მიღებული და მუხლის არეში ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. 

და 2011-ის შემდეგ საავადმყოფოში წევს?

- თავიდან გერმანიაში იყო, შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში. სამკურნალო შვებულებაშიც იმყოფებოდა და ამჟამად აშშ-ში სანდიეგოს კლინიკაში მკურნალობს. 

ვაშინგტონის კლინიკაში ასევე იმყოფება 2011 წელს დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა. მას კოჭის დონეზე მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია აქვს გაკეთებული.

ყველა ჯარისკაცი,  რომლებიც ამჟამად ვაშინგტონში მკურნალობს, როგორც წესი მანამდე გერმანიაში მკურნალობდა. საერთოდ, ასე ხდება, ამგვარი შეთანხმება არსებობს - გერმანიის შემდეგ ზოგიერთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში გადმოჰყავთ და მომზადების შემდეგ აქედან აშშ-ს კლინიკაში მიდიან.

ამჟამად ვაშინგტონის კლინიკაშია კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს.

ორივე ქვედა კიდური ამპუტირებული აქვს ჯარისკაცს, რომელიც ახლა სანდიეგოს კლინიკაში მკურნალობს.

ორივე ქვედა კიდური აქვს ვაშინგტონში სამკურნალოდ მყოფ კიდევ ერთ ქართველ ჯარისკაცს.

ასევე ვაშინგტონში მკურნალობს კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ორივე ქვედა კიდური ამპუტირებული აქვს.

რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ ფეხებმოკვეთილ ჯარისკაცს ხელიც აღარ აქვს. ვიცი მისი გვარი და ის, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს.

- ეს ინფორმაცია მე ჯერჯერობით არ მაქვს.

საერთოდ, რამდენი ჯარისკაცი დაიჭრა და დაიღუპა, ბოლო სამი წლის განმავლობაში?

- 3 წელია, რაც ავღანეთში ვართ, „აისაფის“ პროგრამაში ვმონაწილეობთ და ამ ხნის მანძილზე საბრძოლო ტრავმა 138-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, ხოლო 19 ჯარისკაცი სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანება - კიდურების ამპუტაცია და ასე შემდეგ 38-მა სამხედრომ მიიღო; ნაკლებად მძიმე დაზიანება 17-მა სამხედრომ; მსუბუქი დაზიანება 37-მა სამხედრო მოსამსახურემ, ხოლო მსუბუქზე ნაკლები, ანუ მაგალითად ნაკაწრი 22-მა.

მკურნალობის შემდეგ, ვინც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გაგრძელების სურვილს გამოხატავს, ჩვენ შესაბამის პირობებს ვქმნით - ასეთი სამხედრო მოსამსახურეები გარიყულნი არ უნდა იყვნენ და სახლში არ უნდა ისხდნენ. 

ამ სამინისტროში, რომ მოხვედით, ვინმე დაგხვდათ ორივე კიდურებმოკვეთილი?

- თავდაცვის სამინისტროს შენობაში არა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობენ. მათ ბევრი რამ იციან, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები არიან, ახალწვეულებისთვის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ.

ვიმეორებ - ამ ადამიანების გარიყვა დაუშვებელია, ეს მათთვისაც  მნიშვნელოვანია და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვისაც, იმიტომ, რომ არ შეიძლება ჯარისკაცი მიატოვო, იმის გამო, რომ დაიჭრა და ფეხი ან ხელი აღარ აქვს.

მინისტრის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებით, უშუალო კონტაქტი დავამყარეთ მათთან, ვინც ავღანეთის „აისაფის“ ოპერაცია გაიარა. მათ ვკითხეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების სურვილი ხომ არ ჰქონდათ. ზოგმა გვითხრა, რომ მუშაობს, ზოგმა განგვიცხადა, რომ ამ წინადადებაზე იფიქრებდა.

დაბრუნების პროცესი დაიწყო და ამჟამად 2 500-ზე მეტი განაცხადია შემოსული. სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც ამ ადამიანებს ხვდება. ასევე მიდის სხვადასხვა მიზეზების გამო დათხოვნილი ჩვენი სამხედროების უკან დაბრუნების პროცესი. მხოლოდ მაღალი რანგის ოფიცრებს არ ვგულისხმობ, საუბარია საშუალო რგოლზე - სერჟანტებზე, კაპრალებზე და ასე შემდეგ, რაც დამეთანხმებით, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხებათ ავღანეთში დაჭრილებს - ჩვენი პარტნიორები მათი მკურნალობისთვის, პროთეზირებისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ აქამდე მთავარი პრობლემა ის იყო, რომ საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი არ არსებობდა, ხოლო პროთეზები უცხოეთიდან ჩამოდიოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაჭრილები ჯერ გერმანიაში, შემდეგ საქართველოს თავდაცვის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ და თუ ამის შემდეგ მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი იყო, აშშ-ში გადაჰყავდათ, მაგრამ მალე, რეაბილიტაციის ცენტრი უკვე თბილისში იქნება და ჩვენს დაჭრილ ჯარისკაცებს აქვე მოემსახურებიან. ანუ მათ აღარ მოუწევთ ლოდინი როდის ჩამოვა პროთეზი და ასე შემდეგ.

რამდენ ლარიანი პენსია ექნებათ კიდურებმოკვეთილ ჯარისკაცებს?

- პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის 13 დეკემბრის განკარგულებით სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელმაც პენსიების და დაზღვევის საკითხს უნდა გადახედოს. აქამდე ასეთი სხვაობა იყო - მინისტრის და გენერლების სადაზღვევო პაკეტი 200 ლარამდე გახლდათ, ხოლო ჯარისკაცის 6 ლარი იყო. თავდაცვის სამინისტროს ახლანდელი ხელმძღვანელობიდან სადაზღვევო პაკეტი, არც ერთს არ აქვს. რეფორმის შემდეგ, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება და მინისტრის და ჯარისკაცის სადაზღვევო პაკეტი თანაბარი იქნება.

სამინისტროს კარი ყველასთვის გაიღო - აქამდე მაგალითად, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ცხადდებოდა. ახლა თქვენ მობრძანდით და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია მოიკითხეთ, რასაც უპრობლემოდ გაწვდით, ოღონდ პირადი მონაცემების გამჟღავნება, მათი ნება-სურვილის გარეშე არ შეგვიძლია. სხვა დანარჩენი დასამალი არაფერია, პირიქით, ეს ბიჭები გმირები არიან, ვაჟკაცურად იბრძოდნენ და ჩვენი ვალია, რომ ქვეყანამ ისინი სათანადოდ დააფასოს.

კიდევ რით დაეხმარება სახელმწიფო კიდურებმოკვეთილ ჯარისკაცებს?

- პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილი სახელმწიფო კომისია იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენს ჯარისკაცებს, დაჭრილებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ღირსეული სოციალური პაკეტი ჰქონდეთ.

აქამდე არ ჰქონდათ ასეთი პაკეტი?

- აქამდე ვეტერანს სახელმწიფო 22 ლარს აძლევდა.

ანუ, წინა ხელისუფლება მძიმედ დაჭრილ ბიჭებს 22 ლარს აძლევდა?

- ყველას მიმართ ინდივიდუალური მიდგომა იყო.

ნაცნობობით?
- ვერ ვიტყვი, რომ ნაცნობობით. ახლა ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე გადაბრალება ჩვენი მხრიდან უხერხული იქნება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე ჩვენ რას ვაპირებთ.

თქვენ რა დაგხვდათ?

- ჩვენ დაგხვდა ის, რომ იყო სერიოზული პრობლემა, სერიოზული გადინება და ავღანეთში ნამსახურებ ბიჭებს (დაჭრილები იყვნენ, თუ არ იყვნენ დაჭრილები)  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური აღარ სურდათ.

მართალია, რომ ახალაიას მინისტრობის დროს ჯარისკაცებს ავღანეთში მეორედ წასვლას აიძულებდნენ?

- ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები - ჯარისკაცის მშობელს, დას, ძმას, მეუღლეს, მაგრამ მსგავსი არ გამიგია.

კიდევ ერთი სიახლის შესახებ შეგახსენებთ - ბოლო სამი წელი ავღანელებისთვის ხელფასი არ გაზრდილა და ახლა მათი ხელფასი 300 დოლარით გაიზარდა - 700 ჰქონდათ და 1 000 გაუხდათ. ესაა მინიმალური ხელფასი. შესაბამისად, პროცენტულად მოიმატა ზემდგომების ხელფასმა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ყველაზე მინიმალური ხელფასის გაზრდა - 300-დოლარიანი მატება დაახლოებით 600 კაცს შეეხო.

უახლოეს მომავალში სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება საქართველოშიც გაიზრდება. ამაზე თავად მინისტრის ორწლიანი ხედვა მზადდება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.