მოსამართლის ბრალეულობის შესახებ ხშირად დაწერილა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადვოკატი მტკიცებულებებს შეგნებულად აყალბებს, რათა სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს?! ზოგჯერ ადვოკატები თავს იმართლებენ, რომ მათ კლიენტის დასაცავად ყველა ღონეს უნდა მიმართონ და, თუ საჭირო იქნება, კლიენტის სასარგებლოდ უნდა იცრუონ კიდეც. მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა და, თუ ისინი ადვოკატთა ეთიკის კოდექსს გადააბიჯებენ, სისხლის სამართლის კოდექსს ვერ დაუსხლტებიან, თუკი სახელმწიფო თავის კანონებს პატივს სცემს.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგებდა, რომ მართალი და პატიოსანი ადვოკატი სიმართლეს უნდა შეეწეოდეს, ხოლო, თუ მისი ჭკუა და სინდისი ხედავს, რომ ვინმე მთხოვნელთაგანი მართლა დამნაშავე, ქურდი და კაცის მკვლელია, მაშინ მისი მფარველობა და გამართლება თავის თავზე არ უნდა აიღოს.
ამასთან, გაბრიელ ეპისკოპოსი დანანებით აცხადებდა, რომ ახლანდელი ცრუ ადვოკატები, ამის საწინააღმდეგოდ, მომჩივანთა გამრავლებას ცდილობენ, ცრუ მოწმეებს შოულობენ და თავიანთ „სიმართლეს“ ასე ამტკიცებენ; მაგრამ ამაში არა მხოლოდ ადვოკატები, არამედ მთელი საზოგადოებაა დამნაშავე, რადგან მათ მოქმედებას ჩვენი ცუდი ხასიათი და სისუსტე უწყობს ხელს. ასეა თუ ისე, ადვოკატები ფულის მიღების ხათრით დანაშაულსაც ჩადიან. ეს მაშინ, როცა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ასეთი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ადვოკატთა ეთიკის კოდექსში კი ვკითხულობთ, რომ ადვოკატებს ეკრძალებათ მოწმისადმი და დაზარალებულისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება ცრუ ჩვენების მიცემისათვის; ასევე, მათ ეკრძალებათ ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება, რათა ექსპერტმა წარადგინოს ყალბი დასკვნა ან შეცვალოს წარმოდგენილი დასკვნა და ასევე თარჯიმანმა თარგმნოს არასწორად.
სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ზოგიერთი დამნაშავე ადვოკატი დაუსჯელობის იმედად იყო და ზემოხსენებულ დანაშაულს ჩადიოდა. ერთ-ერთ ასეთ საქმეს დღეს პროკურატურა განიხილავს. კერძოდ, დაზარალებული ქალბატონი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადვოკატმა შოთა შავერზაშვილმა ბინის ორდერის დანართი გააყალბებინა ნოტარიუსის თარჯიმანს და ამ სიყალბის შესახებ თარჯიმანმა მოგვიანებით ნოტარიულად დადასტურებული წერილობითი ხელწერილით დაასტურა. კერძოდ, ადვოკატი შოთა შავერზაშვილი მისულა თარჯიმანთან და მისთვის ქათინაურები უთქვამს, ისეთი კარგი თარჯიმანი ხართ, რომ სულ სხვა უბნიდან თქვენს გამო ამხელა მანძილს გავდივარ ფეხით და თქვენი მომსახურებით ვსარგებლობო. ამასთან ერთად, სრულიად სხვა დოკუმენტი უჩვენებია, შეცდომაში შეუყვანია თარჯიმანი და ორდერის დანართის ქართულად ნათარგმნ ტექსტში ჩაუმატებინებია სიტყვა „საერთო“, რაც რუსულენოვან დედანში არ არსებობდა. ამის შემდეგ აღნიშნული ნათარგმნი სასამართლოში წარუდგენია და იმის მიუხედავად, რომ მხარეები აცხადებდნენ, რომ ნათარგმნი ორდერის დანართი გაყალბებული იყო და სასამართლოს უნდა შეეფასებინა სსსკ-ს 137-ე მუხლის შესაბამისად და მტკიცებულებიდან უნდა გამოერიცხა, სააპელაციოს მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანს მაინც ადვოკატ შავერზაშვილის კლიენტის მხარე დაუჭერია და მესაკუთრეების საერთო საკუთრებაში დამატებით შავერზაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი შეუყვანია, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა აღნიშნულ ფართთან. ამით მესაკუთრეების მფლობელობის უფლება დაარღვია და კონსტიტუციით დაცული საკუთრება შეუმცირა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამრიგად, გაყალბებული თარგმანის და მტკიცებულების ფალსიფიკაციის გამო, მხარეები დაზარალდნენ და ადვოკატმაც თავისი მოვალეობა „პირნათლად“ შეასრულა. ამ საქმეში საინტერესოა ნოტარიუსის თარჯიმანის აღიარება, რომ მას შავერზაშვილმა სრულიად სხვა დოკუმენტი აჩვენა და ათარგმნინა.
For.ge ადვოკატის ეთიკის საკითხებით დაინტერესდა.
ახალგაზრდა იურისტი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ადვოკატის დასჯადობა არსებობს, როცა მას შეგნებულად შეჰყავს სასამართლო შეცდომაში ან გაყალბებულ დოკუმენტებს წარმოადგენს.
„სასამართლოზე გაყალბებული მასალების გამოყენება, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. დოკუმენტის გაყალბება ცალკე დანაშაულია და ამ ფორმით სასამართლოს შეცდომაში შეყვანაც დანაშაულია. თუმცა ზოგადად პოზიციის ისე დაჭერა ან მოსაზრების ისე წარმოჩენა (ოღონდ ცხადია, გაყალბებების გარეშე), რაც კლიენტის სასარგებლო იქნება, ეს ადვოკატის მოვალეობაა“.
ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე ადასტურებს, რომ ადვოკატი ვალდებულია, ის მტკიცებულებები წარადგინოს, რომლის რეალობაც და საქმესთან შემხებლობა უტყუარობის საზომია. ამას ჰქვია ავთენტურობა და რელევანტურობა და პროცესი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ დოკუმენტი უნდა იყოს ავთენტური და რელევანტური.
ამიტომ ბესარიონ ქარცივაძის აზრით, თუ ადვოკატი დასაწყისშივე გამიზნულად სიყალბის მქონე დოკუმენტს წარადგენს, ეს მისი პრობლემა და მისი რისკია. მეტიც, „თუ გამოვა, შემრჩება,“ - ასეთი მიდგომა ადვოკატისთვის დამღუპველია და ამით ადვოკატთა კორპუსის სახელი ილახება.
„თუ დადასტურდება დოკუმენტის გაყალბება, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია, რომ საქმე საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნოს, რათა გაირკვეს, სიყალბე რამდენად რეალურია და ამაზე საქმე უნდა აღიძრას. სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ეს დოკუმენტი წარადგინა- ადვოკატი იქნება ეს თუ ბრალდების მხარე. თუ სიტყვა „საერთო“ განსაზღვრავს, რომ სრულიად იცვლება რეალობა, ეს ნიშნავს, რომ მოხდა ფაქტობრივი გარემოების გაყალბება, ანუ არარსებული არსებულად წარმოადგინა და შეგნებულად იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა“, - აცხადებს ბესარიონ ქარცივაძე.
მისივე თქმით, დოკუმენტი, როცა წარედგინა სასამართლოს, კარგი გაგებით, ფრთხილი მოსამართლე ქსეროასლს არ ენდობოდა და დედნის წარდგენას მოითხოვდა.
„მე შემხვედრია მოსამართლეები, რომლებიც ე.წ. „ბუკვაედები“ არიან. მით უმეტეს, თუ მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ ნათარგმნი გაყალბებულია და რუსულენოვან დედანში, ქართულისგან განსხვავებით, არ წერია სიტყვა „საერთო“, მაშინ მოსამართლეს უნდა გამოეძახებინა შესაბამისი ორგანოები“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ნებისმიერი გაყალბება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ამას არა მარტო ადვოკატთა ეთიკის კოდექსი არეგულირებს, არამედ - სისხლის სამართლის კოდექსიც.
„ადოკატმა ყველა კანონიერი უფლება უნდა გამოიყენოს კლიენტის დასაცავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაული ჩაიდინოს. ქართულ სასამართლოში წარმოების ენა ქართულია, მაგრამ ქართულ სასამართლოს აქვს უფლება, რომ უცხო ქვეყნის ენაზე მტკიცებულება წარადგინონ, რომლის ლეგალიზაციაც ხდება, შემდეგ ხდება თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. ამავდროულად, სასამართლო და მოსამართლე ვალდებულნი არიან, შეამოწმონ, რამდენად შესაბამისობაშია დედანი და ნათარგმნი დოკუმენტები“, - ამბობს ირმა ჭკადუა და მოსამართლის დანაშაულზე საუბრობს.
მისი თქმით, სწორედ მოსამართლეს ჰქონდა ვალდებულება, შეემოწმებინა დოკუმენტის რეალურობა და, თუ ასე არ მოხდა, მაშინ მოსამართლის დანაშაულია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ყალბი დოკუმენტის წარდგენას და მის საფუძველზე სასამართლოს შეცდომაში შეყვანას დაუშვებლად მიიჩნევს. მით უფრო, თუკი ამის შესახებ ადვოკატმა წინასწარ იცის. თუმცა, თუ საუბარია იმაზე, რომ ადვოკატს აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ მისმა კლიენტმა დოკუმენტი გააყალბა, ცხადია, ის ამას არ იტყვის. მაგრამ თვითონ რომ გამოიყენოს ყალბი დოკუმენტი კონკრეტულ საქმეში, ეს სამართლებრივად სწორი საქციელი არ არის და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამდენად, კახა კოჟორიძე დაზარალებულებს ურჩევს, პირველ ეტაპზე, ადვოკატის ეთიკის კომისიას მიმართონ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის შიგნით არსებული ორგანოა და, რომლის თავმჯდომარეცაა ეკა გასიტაშვილი. ასევე, შესაძლებელია, რომ ამ საქმეზე რეაგირება მოახდინოს პროკურატურამ.
„თუ ადვოკატმა თვითონ გააყალბა დოკუმენტი და ამით გარკვეული სარგებელი ნახეს, აქ შეიძლება იყოს არა მარტო ეთიკის კოდექსის დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დარღვევაც და ეს დანაშაულია. ამაზე რეაგირება შეიძლება მოახდინოს პროკურატორამაც“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.