ოპოზიციაში დიდი ამბებია - პარტია „ევროპული საქართველო“ მარტივ მამრავლებად დაიშალა, ამას ემატება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის გირაოს არ გადაიხდის. ხელისუფლება კი მელიას ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
როგორც for.ge-თან უმრავლესობის წევრი, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, კანონმდებელი კანონს არ უნდა არღვევდეს და ის მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემულ ნიკა მელიას, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ედებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა გასული წლის პირველ ნოემბერს აქციაზე მელიამ სამაჯური მოიხსნა, სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, გუნდში მარტო დარჩა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა ბოკერია.
„ევროპული პარტია“ დაშლის პირასაა. მმართველი გუნდის შეფასება როგორია ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
ირაკლი ქადაგიშვილი: ზოგადად, მარტო მაგ პარტიაში კი არა, ოპოზიციაში მიმდინარე დაშლის თუ დაბნეულობის პროცესი გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ აბსოლუტურად არასწორი სტრატეგია აირჩია. კერძოდ, როდესაც საკუთარი ამომრჩევლის ნება უგულებელყო, დაუსაბუთებლად დაიწყო ძახილი, რომ არჩევნები არის გაყალბებული, არ შევიდა პარლამენტში და დემოკრატიულ პროცესებს უარი უთხრა. ამან გამოიწვია სწორედ ეს მძიმე შედეგები.
გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე ერთ აზრზე იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრუნდება. გიგა ბოკერია კი მარტო დარჩა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამ სამეულში დაპირისპირება?
- როდესაც საქმე ცუდად მიდის, შემდეგ საქმის გარჩევა ერთმანეთში იწყება. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შორს არც არასდროს ყოფილა. საიდანაც წამოვიდნენ, ისევ იქ ბრუნდებიან.
გიგა ბოკერიას მომავალს სად ხედავთ, სად წავა?
- გიგა ბოკერიას არც არსად არ ვხედავ. მასზე ცალკე განსხვავებული ხედვა არ მაქვს.
ასევე მინდა შევეხო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, რომელიც ამ კვირაში უნდა გადაწყდეს. ვიცით, რომ მმართველი გუნდი მხარს უჭერს მისთვის დეპუტეტის მანდატის შეჩერებას, თუმცა ოპოზიცია საწინააღმდეგოს აცხადებს. მაგალითად, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მელიას გავრილოვის ხარკს ახდევინებენ, სხვები აქციებით იმუქრებიან...
- ამ საკითხზე პასუხი ბევრჯერ არის გაცემული. საქართველოში კანონი ყველასთვის თანაბარია. განსაკუთრებით, პოლიტიკოსი უნდა იყოს კანონის დაცვის მომხრე და არა დარღვევის მასტიმულირებელი, რომ ქვეყანა დაშალოს და ჩამოაქციოს. აქ გავრილოვი რა შუაშია?! ის, რომ მათ ნებისმიერი გზით ქვეყანაში ძალაუფლების მოპოვება უნდათ, მათ შორის ქვეყნის ინსტიტუციური ნგრევის გზით, ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ.
ანუ, თქვენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარს დაუჭერთ?
- დიახ, არ დავმალავ და გეტყვით, რომ მხარს დავუჭერ.