„შონზოს“ მოთმინების ფიალა აივსო და ნაციონალების ჭაობიდან გამოაღწია“

„შონზოს“ მოთმინების ფიალა აივსო და ნაციონალების ჭაობიდან გამოაღწია“

ზურაბ გაჩეჩილაძემ, იმავე „შონზომ“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზურაბ გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო და უკვე შეუერთდა ფრაქცია „თავისუფლებას“.

ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გაგრძელდება და საკრებულოს წევრები უახლოეს მომავალში დატოვებენ მათ რიგებს, რადგან ხალხს სურს სამართლიანი, დაბალანსებული ხელისუფლება ქალაქში. ამ დროისთვის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“, 29 დეპუტატით, ხოლო ოპოზიციაში - 18 დეპუტატი. რაც შეეხება კონკრეტულად ფრაქცია „თავისუფლებას“, მათი წევრების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

რატომ არ გააკეთა განცხადება თავად ზურაბ გაჩეჩილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ, ამის თაობაზე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ „შონზო“ თბილისში არ იმყოფება, იგი ერთ კვირაში დაბრუნდება და თვითონ გამოეხმაურება აღნიშნულ ფაქტს.

For.ge ირაკლი შიხიაშვილს ესაუბრა.

რატომ დატოვა შონზომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა?

- ზურა გაჩეჩილაძე (შონზო) ჩვენი მეგობარია და მეგობრებს, პირველ რიგში,  ერთნაირი სულისკვეთება აერთიანებთ. ამ ადამიანმა ბოლომდე იგრძნო პასუხისმგებლობა თავისი ამომრჩევლის, მეგობრების, ოჯახის, შვილების, საერთოდ, მომავლის წინაშე, რომ ის არის არჩეული დეპუტატი და ვალდებულია, დადგეს იქ, სადაც მისი ამომრჩევლის ინტერესებია და არა იქ, სადაც კონკრეტული რომელიმე პარტიის ინტერესებია. აქედან გამომდინარე, მან გადადგა ეს ნაბიჯი, გაემიჯნა „ნაცმოძრაობას“ და შემოგვიერთდა ჩვენ, როგორც მის მეგობრებს. ამაში გასაკვირი არაფერია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე გაკოტრებული და დისკრედიტირებულია. რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება უსამართლო სიტუაცია ქალაქში, შეიძლება, მით უფრო იმატოს მოსახლეობის გაღიზიანების ტემპერატურამ. ეს გულისხმობს, რომ დღეს ქალაქის მერს, ანუ ერთ პირს აქვს უზურპირებული ძალაუფლება და ფაქტობრივად, საკრებულოს პატივი და ღირსება აყრილი აქვს, რომ თავისი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვას. სანამ ქალაქის სახელისუფლო შტოებს შორის დისბალანსი იქნება, მანამ ყოველთვის იარსებებს დაპირისპირების საფრთხე. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რამენაირად ესკალირება მოახდინოს, დესტაბილიზაციის სურათი წარმოსახოს ქალაქში, ქვეყნის გარეთ გაუტეხოს ავტორიტეტი ახალ ხელისუფლებას. ეს ქმედებები იმდენად უსუსურია, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხვდება. ნაციონალები მხარეს არ წამოადგენენ, მათ შესახებ მოსახლეობაში მოსაზრება გახლეჩილი არაა, ამდენად, ნაციონალები მარტო საკუთარ დაჯგუფებას წარმოადგენენ. ისინი აგონიასა და ამნეზიაში მყოფი ადამიანები არიან. ამიტომ გულწრფელად მეცოდებიან და მირჩევნია, მალე გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან.

ზურა გაჩეჩილაძე მაინც ცნობადი სახე იყო, იგი შოუბიზნესიდან გახლდათ წამოსული და მისმა ყოფნამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ გარკვეული როლი გასწია. რატომ არ მოხერხდა მისი გამოსვლა ნაცმოძრაობიდან თავის დროზე, თუნდაც, როცა თქვენ დატოვეთ ნაციონალური მოძრაობა? რა გახდა შონზოს ახლანდელი გადაწყვეტილების კატალიზატორი, ის მოვლენები ხომ არა, რაც საჯარო ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარდა?

- მინდა გითხრათ, რომ ნიშანდობლივად 8 თებერვალიც ძალიან დიდი სტიმული იყო „შონზოს“ გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან აშკარად ჩანდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა აზრთა სხვადასხვაობას და კამათს საკრებლოს შენობის გარეთ უმართავი სახე მიეღო. არა იმიტომ, რომ ეს სურს დღევანდელ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, არამედ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები თვლიან, რომ სხვა გზა არ დარჩენიათ, თუ არა კმარელების მეთოდების გამოყენება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები ვერ გაიზარდნენ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ არსებობს ერი, ქვეყანა, სამშობლო, მოსახლეობა, ამომრჩეველი და პასუხისმგებლობა მათ წინაშე. ისინი მარტო თავიანთი ჯგუფის წევრებთან გადაჯაჭვულობას ეძახიან ერთგულებას და სიმართლეს. როგორც ამდენი ხნის მანძილზე მართავდნენ ქვეყანას და იგნორირებული ჰყავდათ მოსახლეობა, ისე აგრძელებენ დღესაც. „შონზოს“ რაც შეეხება, ერთი რამეა, „შონზოსთვის“ ნაცმოძრაობას არაფერი მიუცია. პირიქით, გარკვეული პერიოდის წინ „შონზომ“ მისცა „ნაცმოძრაობას“ თავისი ენერგია, მაგრამ მიხვდა ეს ადამიანი, რომ იქ ყოფნა მისთვის მიუღებელია და ასეთი ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებაში ისეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს, ადამიანი, როცა გარკვეულ ნაბიჯს გადადგამს, რაღაც ახსნაც უნდა ჰქონდეს მის ნაბიჯს. ისე გაართულეს ნაციონალებმა სიტუაცია, რომ ეს გასაკვირი გახდა, არადა, ღმერთი აძლევს ადამიანს არჩევანის უნარს, „შონზოსაც“ ამის ნება აქვს და მას არ სურს ნაციონალებთან.

ალბათ, მარტო 8 თებერვალი წყალგამყოფი არ იქნებოდა. როგორც მეგობარს, რისი თქმა შეგიძლიათ, კიდევ რამ იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე?

- ამის მიზეზი იყო მთელი ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ამ ხნის განმავლობაში, ის ბაკხანალია, რასაც მერია აწყობდა ქალაქში. უბრალოდ, „შონზო“ თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან არა იმიტომ, რომ ნაციონალებთან ყოფნა სწორად მიაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ თვლიდა, იქნებ, საერთოდ ამ სიტუაციას გარიდებოდა და წასულიყო. მაგრამ მასში თავისი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა არსებობდა.

ანუ პოლიტიკიდან საერთოდ წასვლას აპირებდა?

- დიახ, მაგრამ ბოლოს მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან გაქცევა და გვერდიდან პროცესების ყურება გამოსავალი არ არის. სულ ვიძახი, გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველის სიტყვებს, რომ ყველა კანუდოსელი ერთად არ მისულა ქალაქ კანუდოსში, ეს პროცესი გაგრძელდება. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ, რადგან მე ადრე ამეხილა თვალი, ამიტომ უფრო მაგარი ტიპი ვარ, ასეთი მიდგომა არასწორია. ამით ადამიანებს დაბრკოლებას ვუქმნით, რადგან ადამიანს რაღაც აქვს შიგნით, რომლითაც იმართება მისი ბუნება. ამიტომ ყოველთვის დაველოდებით და მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი იპოვის ძალას და ამ საშინელი ჭაობიდან გამოვა.

დიდხანს გაგრძელდა შონზოსთან თქვენი მოლაპარაკებები და ნაციონალებისგან რა რეაქცია წამოვიდა მის საქციელზე?

- ნაციონალების ერთადერთი კომენტარი ის იყო, რატომ უნდა ვიგებდეთ ასეთ გადაწყვეტილებებს სხვა ფრაქციის წარმომადგენლებისგანო?! არადა, რატომ თვლიან ნაციონალები, რომ ადამიანებს მათთან ვალდებულებები აქვთ? არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია, უბრალოდ, აივსო შონზოს საწყაული, მოთმინების ფიალა და მან თვითონ გამოხატა სურვილი და გამოაღწია ამ ჭაობიდან.

თქვენ აცხადებთ, რომ ნაციონალების ფრაქციიდან წამოსვლის პროცესი გაგრძელდება. იქნება თუ არა წამოსულთა რიცხვი შთამბეჭდავი?

- ვნახოთ. იმედი მაქვს, ღირსეული და გონიერი ადამიანები საკრებულოში ბევრნი არიან და ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.