„ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში პარტიის რღვევას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ლიდერები ხედავენ იმ უპერსპექტივობას, რაც რეალურად „ევროპულ საქართველოში“ დღეს უკვე მნიშვნელოვნად შეინიშნება. შესაბამისად, პოლიტიკოსები სხვა გზას ეძებენ იმისათვის, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან არ გაქრნენ. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს „ევროპული საქართველოს“ იგივე რეიტინგი არ აქვს, რაც, მაგალითად ოთხი ან ორი წლის წინ ჰქონდა.
ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი იმაზეც მიანიშნებს, რომ პარტიამ, პრაქტიკულად, თავისი თავი ამოწურა და ახალშექმნილმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმაც კი აჯობეს და გადაუსწრეს „ევროპულ საქართველოს.“ ამის ფონზე ლოგიკურია, ლიდერები ტოვებენ პარტიას, რის შემდეგაც, ისინი ან პოლიტიკური ველიდან ქრებიან, ან სხვა კონკრეტულ პარტიაში გადადიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გიგი უგულავა, რომელმაც უარი თქვა მომავალ ყრილობაზე კენჭი ეყარა პარტიის გენერალურ მდივნად, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიხილოთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას თავად პარტიაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ თემაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა. შესაბამისად, დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს, ვინ წავა პოლიტიკური ასპარეზიდან, ვინ არჩევს კვლავ ერთ წრეზე ტრიალს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიხილოთ, თუმცა, როგორც თავად აღნიშნიშნა, როგორც „ევროპულ საქართველოს,“ ასევე „ნაცმოძრაობასაც“ აღარ აქვს რაიმე პერსპექტივა პოლიტიკურ ველზე განვითარების.
„არ არის გამორიცხული, შეიძლება ვიხილოთ „ნაცმოძრაობაში.“ თუმცა, არც ეს პარტია ჩანს იმდენად მყარ მდგომარეობაში, რომ იქ გადასვლა სიმყარეს აძლევდეს პოლიტიკურ ფიგურას, ამ შემთხვევაში უგულავას. იქაც ახალი ხალხი შემოიყვანეს და, როგორც ჩანს, ახლებს დიდი პატივისცემით არ ექცევიან. გააჩნია, რა მდგომარეობაა თვითონ „ნაცმოძრაობაში“.
უგულავას რაღაც პოლიტიკური ამბიცია და ინტერესი ექნება, თუ გადავიდა „ნაცმოძრაობაში“. თუ წავიდა სადმე სხვაგან, ეს უკვე სხვა საკითხია. „ნაცმოძრაობაში“ გადასვლას სჭირდება ის, რომ თავად ეს პარტია იყოს პერსპექტიული პოლიტიკოსისთვის, რაც არ ჩანს, დღითიდღე უარეს მდგომარეობაში ვარდება. უპერსპექტივობის გამო ტოვებენ „ევროპულ საქართველოს“ და ერთიდან მეორე უპერსპექტივობაში გადასვლას, არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი.
ბაქრაძე და ჭიაბერაშვილი იყვნენ იმ ტიპის ფიგურები პარტიის შიგნით, რომელთათვისაც სწორედ საპარლამენტო მუშაობა იქნებოდა უფრო ადეკვატური, ვიდრე ქუჩაში ყოფნა. ეს სურვილი რომ მათ ჰქონოდათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ის, რომ ამ მხრივ ისინი მიაღწევდნენ შედეგს, არ ვიცი, ეტყობა გაუცრუვდათ იმედი და გადაწყვიტეს პოზიციის შეცვლა.
პერსპექტიულობა უნდა დაინახოს პოლიტიკოსმა პარტიაში. თუ უპერსპექტივოა პარტია, შემდეგ ეცდება რაიმე სხვა გზა იპოვოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სწორედ რეიტინგის ცვლილებამ გამოიწვია გარკვეული უთანხმოება პარტიაში. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. რაც შეეხება უგულავას, ჩიტაძემ აღნიშნა, რომ „მოსალოდნელია, მოვლენები სხვადასხვა სცენებით განვითარდეს.“
„ფაქტია, რომ „ევროპულ საქართველოს“ გააჩნდა გარკვეული რეიტინგი 2018 წლის მონაცემებით, როდესაც მათმა კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 11%, - დაახლოებით 150 ათასი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა. გამოდის, რომ 2018 წელს უფრო მეტი რეიტინგი გააჩნდა „ევროპულ საქართველოს“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ „ევროპული საქართველოს“ ხმების ნაწილი წაიღო მაგალითად, „ლელომ.“ 2018 წელს ეს პარტია ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული, მაგრამ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ლელომ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ხმათა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა მიიღეს.
„ლელოს“ და თუნდაც „გირჩის“ ასპარეზზე გამოჩენისთანავე „ევროპული საქართველოს“ რეიტინგმა ოდნავ დაიკლო. მიზეზებზე ვსაუბრობ, რატომ მოხდა გარკვეული განხეთქილება პარტიაში. ის ფაქტი, რომ მათმა რეიტინგმა დაიკლო და ამასთან, პარტია არ შედის პარლამენტში, - ალბათ ეს არის. აქედან გამომდინარე, პარტიის ფუნქციებთან დაკავშირებით, ალბათ, მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა პარტიის შიგნით და გარკვეულწილად, აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, რაც უშუალოდ გიგი წერრეთელმაც დაადასტურა. არსებობს გარკვეული უთანხმოება პარტიაში, თუმცა, არა ისეთი, რომ საზოგადოების განხილვის ობიექტი გახდეს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ 12 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ ყრილობაზე კენჭი იყაროს პარტიის გენერალურ მდივნად.
იგივე განცხადება გააკეთა დავით ბაქრაძემ, რომ „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენოს.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერიაშვილს, მან იმავე დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.