„მელია სააკაშვილის ჩრდილიდან ვერ გამოდის, დაკავებით კი ფიქრობს, შანსი აქვს ვიღაცის თვალში ნაციონალური გმირი გახდეს“

„მელია სააკაშვილის ჩრდილიდან ვერ გამოდის, დაკავებით კი ფიქრობს, შანსი აქვს ვიღაცის თვალში ნაციონალური გმირი გახდეს“

ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად კიდევ რამდენიმე დღე აქვს. პარლამენტი მოსმენას არ გადადებს და საკითხი კენჭისყრაზე სავარაუდოდ, სამშაბათს გავა. „ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ მზად არის მელიას დეპუტატის უფლებამოსილება მეორედ შეუჩეროს. შეიცვლება თუ არა გირაო პატიმრობით, ამის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობას, უკვე სასამართლო განიხილავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების აღსრულებისთვის, პარლამენტის თანხმობის შემდეგ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სამართლებრივი პროცედურები ნათელია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მას მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს, რადგან პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და „ქართული ოცნება“ ახლა გამოსავლის ძიების პროცესშია.

მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელსაც არ აქვს რამდენიმე პარტიის ხელმოწერა, მათ შორის არიან „გირჩი“ და „მოქალაქეები“.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კრიზისის გადასაჭრელად ხელისუფლების გარდა ნაბიჯებს არც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს. „გირჩის“ ეს პოზიცია საფუძველი გახდა, რომ 22 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაზე მათი ხელმოწერა არ არის, თუმცა თვლიან, რომ საქმე პოლიტიკური მნიშვნელობისაა და ამაში ისინი კოლეგებს სრულად ეთანმხებიან.

ვადის ამოწურვის მიუხედავად, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გირაოს თანხის გადახდა ჯერ კიდევ შესაძლებელია. „ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

შეეცვლება, თუ არა ნიკა მელიას გირაო პატიმრობით, უკვე პარლამენტის ოფიციალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ნიკა მელიას რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ადამიანი ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა.

„სამწუხაროდ, ნიკა მელიას ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა, უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმება- არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დაკისრებული გირაოს გადახდაზე ისევ უარს აცხადებს. ამის შესახებ მელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა მას შემდეგ, რაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს და ნიკა მელიას საკუთარი გადაწყვეტილების გააზრებისკენ მოუწოდა.

„გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით, რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე - გავრილოვის გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ, ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ, რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მით უმეტეს, არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა. კიდევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ“, - წერს ნიკა მელია „ფეისბუკზე“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნის შესახებ ლოგიკური და პოლიტიკურად გამართლებულია. საყვარელიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ კანონის დაცვის მაგალითი საზოგადოებას უნდა აჩვენოს და მისი დამრღვევი თავად არ უნდა იყოს. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთვის მანდატი რომ არ მოეხსნათ, ის მადლობას მაინც არ ეტყოდა, ამით კი „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს დაკარგავდა და სისუსტეს აჩვენებდა. ამიტომაც ანალიტიკოსს არ მიაჩნია, რომ მელიას დაკავებით „ოცნება“ იმაზე დიდ ზიანს მიიღებს, რომელიც შეიძლება მისი არდაკავებით მიეღო.

რაც შეეხება ენმ-ის ჩანაფიქრს, რომ ამით საკუთარი ქულები ჩაიწეროს და ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწიოს, ამას ვერ შეძლებს, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ, ამ ფაქტს დიდი რეაქცია არ მოჰყვება.

„მელიასთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება სწორია, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. თუ ენმ-ს ჰგონია, რომ „ოცნება“ კუთხეში მიაყენა და ამით პოლიტიკურ ტემპერატურას აწევს, ძალიან ცდება. კუთხეში მიყენებული მაშინ გამოჩნდებოდა, თუკი ხელისუფლება მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ის საკუთარ ამომრჩეველს გაანაწყენებდა და დიდი დანაკრაგის ფასადაც დაუჯდებოდა. თუ კი ხელისუფლება, როგორც საზოგადოებასთან, ასევე დასავლეთთან შესაბამისად იმუშავებს, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება არ მოჰყვება.

იგივე პარლამენტში შეჭრის მოწოდ ებისთვის, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ტრამპს ასამართლებდნენ და მისი იმპიჩმენტის საკითხი იყო დაყენებული. ამიტომ ეს არაა თემა, რომელიც ქვეყნაში რყევებს და რევოლუციას გამოიწვევს. ოპოზიცია იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მელია მხსნელად ვერ მოევლინება. თავის მხრივ მელიასაც ციხეში ჯდომა აწყობს, რადგანაც ჰგონია, რომ ვიღაცეების თვალში გმირი გახდება, ფიქრობს, რომ ამით პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებს. ვნახოთ, ჩაიხვიონ ეს თემა და იყვნენ, დიდი მაინც არაფერი გამოუვათ“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დაიჭერს თუ არ დაიჭერს ნიკა მელიას, ორივე შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაშია. თუკი მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდნენ, ამით გამოჩნდებოდა, რომ მამის გარეშე დატოვებული შვილები თავს ვერაფერს აბამენ. მთავარი ხერხემლის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე უკვე დასუსტდნენ და იშლებიან. ამიტომაც მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც „მეორე ვუი“ იწყება. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მელიას დაპატიმრების თემაც პოლიტიკურია, ამიტომაც ეს საქმეც სხვა საქმეების მსგავსად თაროზე იყო შემოდებული, თუმცა მატრიცა ამუშავდა და უნდოდათ თუ არა, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, მისი დაკავების გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

ხუხაშვილის აზრით, სავარაუდოდ, ხელისუფლებას ეგონა, რომ ნიკა მელია ამ ფულს გადაიხდიდა, მაგრამ ენმ ამ თემას ჩაეჭიდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ოპოზიციას ხელისუფლებამ ეს თემა გულწასულის მოსაბრუნებლად მიუგდო. მელიას კი, თავის მხრივ, ეს საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მოსატანად უნდა, რადგანაც ის მიხეილ სააკაშვილის აჩრდილიდან ვერ გამოდის და ვიღაცის თვალში შანსი მიეცა, რომ ნაციონალური გმირი გახდეს. ამიტომაც გაჯიუტდა და გირაოს თანხის გადახდაზე უარს ამბობს.

„აქ საქმე ის არ არის, დაიჭერენ თუ არა, ამ ხელისუფლებასაც ასეთი საქმეები პოლიტიკური მიზნებისთვის სჭიდება. გადატრიალების თეორიების საქმეები რამდენიმე აქვთ აღძრული, მაგრამ ის ბოლომდე არ მიჰყავთ და მისი მიზანი ეს არც არის. დანიშნულება ისაა, რომ ეს საქმეები პოლიტიკური პრესინგისთვის გამოიყენონ. მელია რომ დაიჭირონ, იძულებული ხდებიან, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. თუმცა მეტ-ნაკლებად ამ საქმის გადატრიალების ფაქტად შერაცხვა გაჭირდება. შესაბამისად, „ოცნება“ მელიას პოლიტპატიმრად თავად აფორმებს, რაც უკვე ხელისუფლებას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთად დააზიანებს. ოპოზიცია იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ხელისუფლება ამ საქმეს ჩუქნის. პირდაპირ გულწასულზე მიუსწრო. თავად მელიასთვისაც კარგია, ამიტომაც გადაწყვიტა გირაო არ გადაიხადოს. ის ისევ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილშია და თუ დაიჭირეს, ან არც დაიჭირეს, ნაციონალური მაშტაბის ლიდერი ხდება. საკუთარ პოლიტიკურ სახეს ქმნის. ენმ-მა ეს მთლიანად საპროტესტო ამომრჩეველზე გათვალა და ამისგან თემის წამოგორება უნდა, რის საშუალებასაც ხელისუფლება აძლევს. მეორე მხრივ „ოცნებამ“ უკან რომ დაიხიოს, ესეც მათთვის კატასტროფა იქნება. „ოცნება“ ახლა ისეთ მდგომარეობაშია, შვილს რომ მამა მიატოვებს და იძულებულია, რომ ისტერიულად მაგარი ბიჭის როლი ითამაშოს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, სისუსტე გამოიჩინონ, რადგან ეშინიათ, რომ ქვეყანა ჩამოეშლებათ“,-აცხადებს გია ხუხაშვილი for.ge-სთან.

trampi ამ დებილების ადგილზე მელიას არ დავიჭერდი....
რევოლუციის შიშის გამო კი არა, უბრალოდ დაშლის პირას მყოფ ამ ოპოზიციას, მელიას დაჭერით ახალ ენერგიას არ შევმატებდი.
მელიას დაჭერით ეგენი ისევ გაერთიანდებიან, ისევ გონორზე მოვლენ.....
მელიას დაჭერის პრიჩინით მე მაგათ აღდგენას ხელს არ შევუწყობდი....
მოკლედ სჯობია ეს ამბავი ნებაზე მიუშვან------- ნაცების გარდა ეგენი ყველა დაიშლებიან.
3 წლის უკან