ნაციონალური მოძრაობიდან პოლიტიკურ შაჰიდობამდე

ნაციონალური მოძრაობიდან პოლიტიკურ შაჰიდობამდე

ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალური გახდა დამნაშავე ჩინოვნიკთა მიმართ რეალური შურისძიების სურვილი. გარდა ამისა, დაპირისპირების სულ უფრო მეტი ფაქტი ფიქსირდება - პირდაპირ ეთერში ჭიქების სროლა, დეპუტატებს შორის ცემა-ტყეპა, პრეზიდენტის ესკორტის კვერცხებით შემკობა... საჯარო ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარ მოვლენებს კი სამოქალაქო დაპირისპირების ლოკალური ელფერი დაკრავდა.

დანაშაული და სასჯელი - ეს ორი ცნება განუყოფელია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სამართლიანობის აღდგენის პროცესი დროში მეტისმეტად იწელება და უფრო და უფრო ამტკიცებს იმ აზრს, რომ სამართალი მართლაც ურმით დადის.

კოჰაბიტაცია იმ ხალხთან, ვინც დღემდე არაფერს ინანიებს და რეჟიმის მსხვერლპთ აცხადებს დამნაშავეებად, არ გამოდის. ამიტომ, ხომ არ დავდგებით ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოების ნაწილმა თავის თავზე აიღოს სამართლიანობის პროცესის აღდგენა?!

„ნუ გამოგვიწვევენ, ნუ გამოგვიყვანენ მდგომარეობიდან, თორემ ჩვენ ახალ ხელისუფლებას არაფერს შევეკითხებით“, - შვილმკვდარი მამების მხრიდან უკვე ასეთი კატეგორიული მოწოდებაც გაისმის. 

სადამდე გაგრძელდება მოვლენების ასეთი თვითდინება? როგორ უნდა მოხერხდეს ხალხის განმუხტვა ამ დაძაბულობისგან? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.    

ექსპერტი გია ხუხაშვილი ადასტურებს, რომ სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების უპირობო მოთხოვნაა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში. შესაბამისად, უკმაყოფილების, უსამართლობის შეგრძნება ადამიანებში ჯერ კიდევ დარჩენილია.

ექსპერტის თქმით, ყველას გვაქვს განწყობა, რომ ცალკეულ ადამიანებს ვაპატიოთ, მაგრამ ამ დროს ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთოს დამნაშავემ, ისაა, რომ პატიებამდე აუცილებელია ბოდიშის მოხდა. თუმცა, როდესაც ადამიანი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ცდილობს, აქეთ შეგიტიოს, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას და აგრესიას იწვევს.

„ყოფილი ხელისუფლება საზოგადოებას დაცხრომისა და პატიების საშუალებას არ აძლევს, ჭრილობაზე მუდმივად მარილის მოყრის რეჟიმში მუშაობენ, აბსოლუტურად არაადექვატურები არიან და, საბოლოო ჯამში, თავის თავს აყენებენ ძალიან მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსთვის საზიანოა, რადგან ისინი გარკვეული შანტაჟის რეჟიმში გვამყოფებენ და გვეუბნებიან, უპირობოდ ყველაფერი თუ არ მეპატია და კიდევ რაღაცები არ გამაკეთებინეთ, მაშინ თავსაც ავიფეთქებ და სახელმწიფოსაც ავიფეთქებო,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი და ყოფილ ხელისუფალთ პოლიტიკურ შაჰიდებად მოიხსენიებს. თუმცა მაინც ფიქრობს, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი ქართულ სახელმწიფოს ძლიერ ვერ დააზიანებენ, საკუთარ თავს კი ნამდვილად დიდ პრობლემას შეუქმნიან.

გია ხუხაშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის მათი არჩევანი და ისინი მაქციას როლში გამოდიან. უფრო მეტიც, ეს ადამიანები 8 თებერვლის შესახებ ლაპარაკობენ იმ ფონზე, რაც მათ აქვთ ჩადენილი 26 მაისს, 7 ნოემბერს და სხვა არაერთი შემთხვევაში. ამიტომ ეს ყველაფერი უსამართლობის განცდის გააათმაგებას იწვევს.

„ძალიან გვინდა, დავიცვათ ეს ადამიანები, მაგრამ როგორ უნდა დავიცვათ ისინი?! ჩემი აზრით, ფორმალური სამართლის გაგებით, „მაესტროს“ ეთერში სერგო რატიანმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა. ჯერ იყო, ჭიქა გატეხა და მისი ნამსხვრევები მოიფანტა, ბოლოს და ბოლოს, ქალბატონი იჯდა მის გვერდით და ეს მამაკაცური საქციელი არ იყო. ეს ქალაჩუნური, უზრდელური საქციელი გახლდათ. გასაგებია, თუ ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს და მის მიმართ აგრესია გაქვს, შეიძლება, დაელოდო, გარეთ გახვიდე და თუ რამე გაქვს გასაკეთებელი, იქ გააკეთო. როდესაც ქალბატონი გიზის გვერდით და ჭიქას ამსხვრევ, ეს ნამსხვრევები შეიძლება მას მოხვდეს“, - განმარტავს ექსპერტი.

რაც შეეხება დამნაშავე ჩინოვნიკების სამართლებრივ დევნას, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ბუნების მიერ არიან გასამართლებულები, შემოქმედის მიერ არიან დასჯილები, რადგან ასეთი მახინჯი სული აქვთ. ამაზე მეტი დასჯა კი არ არსებობს და ისინი დაბადებიდან დასჯილები არიან. ამიტომ მათ შეიძლება, ვუთანაგრძოთ. მათებურად ცხოვრებას კი ცხოვრება არ ჰქვია.

„მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელსაც სისხლი ემჩნეოდა და მომხდარის შემდეგ იმავე საღამოს ვიხილეთ კადრებში, სამი დღის შემდეგ უკვე გაშხლართული ვიხილეთ საწოლში. დიდი ბოდიშით, მაგრამ ამ ადამიანებს ისევ სპექტაკლი ჰგონიათ პოლიტიკა, ქვეყანა, სახელმწიფო. ისევ სპექტალს თამაშობენ უსინდისოდ. ისე, ქალბატონი ჩიორა მწოლიარე ბევრად უფრო სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე წამომდგარი. მძინარე, ალბათ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება“, - აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეთანხმება აზრს, რომ უსამართლობის განცდა ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, თუმცა - არა მთლიან საზოგადოებას. თუ საით მიდის პროცესი და მიდის თუ არა უფრო მეტი სამართლიანობისკენ, ექსპერტის აზრით, აქაც დიდი ოპტიმიზმი არ ჩანს, რადგან ეს პროცესი ძალიან მდორედ მიმდინარეობს. პრაქტიკულად, იმის იმედი, რომ დამნაშავე დაისჯება, ადამიანს აღარ აქვს და ხან კვერცხს მოჰკიდებს ხელს, ხანაც - ჭიქას და ბოთლს.

„ჩვენ ვლაპარაკობთ წარსულზე, იმ დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, მაგრამ დღესაც არ წყდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ასეთ აგრესიას აჩენს. ყოველდღიურად დიდი დოზით ეკრანზე ჩანს ადამიანი და ლაპარაკობს იმას, რაც მისმა მსმენელმა კარგად იცის, რომ სიმართლეს არ შეეფერება. მეტიც, ამ მსმენელის თვალში იგი ბევრი დანაშაულის ჩამდენია და ბოდიშს არაფერზე იხდის. ამდენად, ის თავხედია. ანალოგიური ტიპის რომელიმე სერიალის გმირს ეკრანზე რომ უყურებს ადამიანი, იქ უნდათ ხოლმე ტელევიზორის დამტვრევა და ნერვებს უშლით ასეთი ტიპი. ხოლო, როდესაც რეალურ ადამიანზეა საუბარი, იქ ნუ გაგვაკვირვებს ასეთი რეაქცია,“ - აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, „მაესტროს“ ეთერში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რაც ქართულ პოლიტიკაში არ გვინახავს. ბობოხიძემ, საერთოდ, პარლამენტში დაიწყო ჩხუბი, იქამდეც მომხდარა არაერთი ჩხუბი პარლამენტის შენობაში თუ მის გარეთ. რაც მთავარია, არც სხვა ქვეყნებშია ასეთი დაპირისპირება გამორიცხული. მართალია, დასავლეთ ევროპულ რაფინირებულ ქვეყნებში ამას თავს არიდებენ, მაგრამ ცალკეული ქვეყნის ისეთი პარლამენტიც გვინახავს, სადაც ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეოდა. ამიტომ რამაზ საყვარელიძე დავითაშვილ-რატიანის დაპირისპირებაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავს.

„შურისძიება ადამიანური გრძნობა რომ არ იყოს, შეიძლება, სამართლის ძიებამდე საქმე არც მისულიყო. კაცობრიობის ისტორიას სამართალი და შურისძიება ახლავს. ასე რომ, საზღაური სიკეთისთვისაც უნდა მიიღოს ადამიანმა და სიავისთვისაც. ასეთი მოთხოვნა აქვთ გარშემო მყოფებს. თუ ცუდს დავთესავთ, ადამიანი ცდილობს, საპასუხო უსიამოვნება მოგვაყენოს. იგივე ურთიერთობები გადმოვიტანოთ პოლიტიკაში. საქართველოში რამდენი ადამიანისთვის მიუყენებიათ ნაციონალებს უსიამოვნება, თანაც, როგორი ტიპის უსიამოვნება, ახლობლის დაღუპვიდან დაწყებული, დაჭერებით, ქონების ჩამორთმევით და სხვა უამრავი უსამართლობით დამთავრებული. კიდევ მიკვირს, რომ ხალხი მხოლოდ კვერცხებს ესვრის ნაციონალებს“, - გაოცებას ვერ ფარავს ექსპერტი.