რატომ მიდის „ნაციონალური მოძრაობა“ ვაბანკზე და რატომ აღარ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ნიკა მელიამ გირაოს თანხა გადაიხადოს. მელიას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე გირაოს შეტანის ვადა ამოეწურა და პროკურატურამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებამ, პროცედურების გათვალისწინებით, პარალმენტს თხოვნით მიმართა, მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ დეპუტატი იმუნიტეტით სარგებლობს. ახლა ჯერი „ოცნებაზეა“, მიიღებს თუ არა მეორედ მელიასთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
ნიკა მელია პროკურატურის განცახდებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს. მას ერთხელ 30 000 ლარი უკვე გადახდილი აქვს და სამაჯურის მოხსნის გამო, მეორედ გირაოს აღარ გადაიხდის. პროკურატურამ მას 7-დღიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომლის უკანაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი დგას. მათი აზრით, ენმ მელიას ციხისთვის წირავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და პარტიის რადიკალურ ამომრჩეველში პროტესტის მუხტი გააძლიეროს. მელიას ჰგონია, რომ ამით გმირი გახდება და მას ეს „ვაჟკაცობა“ წარმატებას მოუტანს. მათ გათვლა ასევე დასავლეთზეც აქვთ და იმედოვნებენ, რომ გამოხმაურებები მწვავე იქნება. თუმცა ანალიტიკოსები არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ მელიას დაკავებით დიდ გამოხმაურებას არ ელიან. მათი აზრით ხელისუფლება თუ მელიას დაკავების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ ის საკუთარი ამომრჩევლის თვალში მხადაჭერას დაკარგავს და პროტესტს გამოიწვევს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს პროვოკაციის მიზნით ამბობს.
რა უფრო კომფორტული იქნებოდა მმართველი ძალისთვის, ნიკა მელია ციხეში, თუ პარლამენტში? - ამ კითხვაზე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კომფორტული იქნებოდა, ნიკა მელია პარლამენტში შესულიყო.
„ნიკა მელიას მხრიდან ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მათ პოლიტიკურ ხაზს ლიმიტი ეწურება და ახალ პროვოკაციაზე მიდის. პროკურატურა თავისი კანონმდებლობის მიხედვით მიჰყვება ამ საქმეს. ასევე, პროკურატურა ცდილობდა პირდაპირ აღკვეთის ღონისძიება არ გამოეყენებინა მის წინააღმდეგ და მაქსიმალურად მისცა ბრალდებულს საშუალება, რომ სხვა მეთოდი - გირაო, სამაჯური და ასეთი მეთოდები გამოეყენებინა. აქ საქმე პროვოკაციასთან გვაქვს - რევოლუციური, ქაოტური სცენარის გათამაშებას ცდილობენ.
ნიკანორ მელია ამბობს, რომ ჩაეფუშა პარლამენტის ჩამოშლის გეგმა და ახალ გეგმაზე გადავდივარო. ადამიანი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს ქვეყანა უნდა ჩამოვაქციოო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამაზე „ქართულ ოცნებას“ ექნება შეხვედრა და მსჯელობა. ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენთვის ყველაზე კომფორტული იქნება, ამ ადამიანებმა ის გააკეთონ, რაც ამომრჩევლებმა დაავალეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას სადეპუტატაო უფლებამოსილებას გაუუქმებს, ოპოზიციის წევრები სხვადასხვა მექანიზმის დახმარებით საჭირო პროცედურებს დაიწყებენ.
„ნიკა მელიას ეს აქტი არის პოლიტიკური დევნისა და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა და ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს. ციხეში იჯდა ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და საერთაშორისო ზეწოლით მოუწიათ მათი უკან გამოშვება. ნიკა მელიას დაპატიმრება, რომელიც მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა, არ არის უბრალოდ ვიღაცის ჭიის გახარება და ხუშტურის დაკმაყოფილება. ამას, პირველ რიგში, მოჰყვება სერიოზული ზიანი ქვეყნისათვის“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
კითხვაზე - ხომ არ ელოდება „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ მათი ლიდერის დაკავებას, რომ ამას შემდეგ ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესები მოჰყვეს, რომან გოცირიძე პასუხობს, რომ თუ მმართველი ძალა ასე ფიქრობს, შეუძლია ლამაზად დაიხიოს უკან.
„თუ ეჭვობენ და ასე ფიქრობენ, მაშინ ლამაზად დაიხიონ უკან და თქვან, რომ კარგი, ახლა ნიკა მელიას გირაო შევუფარდეთ 30 000 ლარი, ახლა შევუფარდოთ 31 000 ლარი, რაზეც კიდევ ვაძლევთ მომავალ 3 თვეს და შეუძლიათ, დრო გაწელონ“.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას შეეცდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ოფისის პიკეტირებას მოახდენს და ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მისცემს.
„მან, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიხადოს გირაოს თანხა და ეს საკუთარი ლიდერის ციხისთვის გაწირვა არ არის. ის ციხეში რომც იყოს, დიდხანს ვერ დარჩება იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ იქნება დიდხანს. არ არის ძალიან მარტივი ნიკა მელიას დაკავება. მოვიდნენ აეროპორტის ოფისში, 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს... მოვახდენთ პიკეტირებას. ნიკა მელიას დაკავება შეუძლიათ, თუ სახლთან, კუთხეში დაიმალებიან და უცბათ, ღამით ხელბორკილს დაადებენ. დღისით, მზისით, მისი დაპატიმრება არ იქნება მარტივი“, - განმარტავს რომან გოცირიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვაბანკზე მიზანმიმართულად მიდის და მას ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევა სურს.
„ენმ ასეთ რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებს შეჩვეულია. სხვა არაფრის კეთება არ იციან, ამიტომაც მათი გადაწყვეტილება მათსავე ქმედებებს შეეფერება. ეს სჭირდებათ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად. ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის და რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ. ეს ასევე მათ რადიკალურ ამომრჩეველზეა გათვლილი. ვნახეთ კვლევებით რეიტინი 5%-მდე აქვთ ჩამოსული. ამიტომაც რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ, ამიტომ წირავენ მელიას. მას კი უხარია, რომ მის ამომრჩეველში გმირი გახდება და ვაჟკაცად შერაცხავენ. ეს ქმედება არც დასავლეთში არ იმუშავებს, რადგანაც ზუსტად პარალმენტში შეჭრისთვის და მოსახლეობისთვის მოწოდებებისთვის ტრამპს იმპიჩმენტი წაუყენეს. ამიტომაც მელიას არავინ დაეხმარება, რადგანაც მას იგივე ბრალდება აქვს წაყენებული. ეს იქნება ფუჭად გასროლილი ტყვია, რომელიც მიზანში ვერ მოხვდება.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თუ მელიას მანდატს არ შეუწყვეტს და არ დააკავებს, მაშინ ის საკუთარ ამომრჩეველს დაკარგავს. ეს იქნება დიდი სისუსტის გამოვლინება. ამ ხელისუფლებას თუ კიდევ მხარდამჭერები ჰყავს, ეს არის ენმ-ის მიუღებლობა, ამიტომაც მათი გულისწყრომა „ოცნების“ მიმართ ასე ადვილად არ ჩაივლის“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ვარაუდობს, რომ ეს არის პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა, რომ ოპოზიციას ახალი თემა გაუჩნდეს. თუმცა ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებს და პოლიტიკურ სიტუაციას ააყირავებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუკი „ოცნება“ მიზანმიმართულად და სწორად იმოქმედებს, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არ მოყვება.
„აქ ლაპარაკი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე რომ იყოს, რა ფაქტზეც მელიას ბრალი აქვს წაყენებული, კიდევ ჰო, მაგრამ აქ საუბარი გირაოს არგადახდაზეა. აღკვეთის ღონისძიება მას გირაოთი შეუცვალეს და არგადახდის შემთხვევაში, კანონით ის უნდა დააკავონ. ამიტომ ეს არის სხვადასხვა თემა და ამის ერთმანეთთან დაკავშირება დაუშვებელია. აქ ლაპარაკი, რომ რაღაცა საშინელება ხდება და ვერ დამიჭერენ, არ გამოვა. ესაა სახელმწიფო სტრუქტურების პროვოცირება და კანონის დარღვევა. მაშინ, თავის დროზე, მას არც ის ელექტრონული სამაჯური არ უნდა ეტარებინა. თუ მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო და ასრულებდა კიდეც, ახლა რა შეიცვალა? - ამიტომაც ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და პროვოცირებული ქმედება. როგორც ჩანს, პარტიაში ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება კონკრეტული შედეგის მისაღებად მიიღეს. თუმცა არ მგონია, რომ ამ საქმიდან დიდი რამე აჟიოტაჟი და ხმაური გამოვიდეს. გარკვეულწილად შეიძლება ეს იმაზე მუშაობდეს, რომ მათ ამომრჩეველში და პოლიტიკურ სპექტრში ტემპერატურის აწევა შეძლონ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლება ახლა დილემის წინაშეა და მარტივი არჩევანის საშუალება არ აქვს. თუ ხელისუფლება მელიას დაკავების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩაითვლება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უძლურია. თუ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაშინ მან მკაფიო არგუმენტი უნდა დადოს, ამას რისთვის აკეთებს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ აქვს და მისი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე პირადად ვიტყოდი, რომ სახელმწიფო ასეთი სულელური, ყოვლად გაუმართლებელი, ბეცი ასაქციელის გამო აუცილებლად გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთის უფლებას და მელიას, მგელიას, ალომიას თუ ქვეშაფსიას აუცილებლად დააპატიმრებს!...
რატომ უნდა ქონდეს ნებისმიერი პარტიის წევრს თუ ლიდერს (პარლამენტარს) ე.წ. ხელშეუხებლობის ინდულიგენცია, ისინი არჩევის შემდეგ ფიცს უნდა დებდნენ, რომ ემსახურებიან ხალხს-ამომრჩეველს და სახელმწიფოს, და თუ ემსახურებიან რატომ ეძლევათ ხელშეუხებლობის პრივილეგია, ე.ი. გარანტიას ირგებენ იდგნენ კანონზე მაღლა.
გააუქმეთ ეს მანკიერი უფლება და მეორე დღესვე ნახავთ როგორ მორჯულდებიან!