უმრავლესობის ახალი საარჩევნო რეფორმის მიხედვით 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიეირის 0-დან-3%-მდე დაწევა იგეგმება. რადიკალური ოპოზიციისთვის აღნიშნული რეფორმა კვლავ მიუღებელია და მხოლოდ ქუჩის აქციებს თანხმდება. მათგან განსხვავებით, მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციის ნაწილმა მოიწონა.
როგორც for.ge-თან უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ხელისუფლება წავიდეს და თავად დაბრუნდნეს უმრავლესობაში.
მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულმა ნულოვანმა საარჩევნო ბარიერმა რადიკალურ ოპოზიცია ვერ მოხიბლა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს რეფორმაც მათთვის მიუღებელი?
- ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს - ოპოზიციას ერთადერთი საკითხი მოსწონს, რომ ჩვენ გამოვიდეთ და ვთქვათ - ჩვენ წავედით და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდეს. ამის გარდა, რა დემოკრატიული ნაბიჯებიც არ უნდა გადავდგათ, ისინი არაფერს არ იწონებენ. სამწუხაროა, რომ თავად აქვთ არჩევნებში მიღებული მონაწილეობა, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნეს, რომ ხმა მათთვის მიეცათ, თუმცა არ აპირებენ თავიანთი საქმე პარლამენტში გააკეთონ. დანარჩენი, რეფორმა თუ არ მოიწონეს, ეს სამწუხაროდ, არ მიკვირს. ამის მიუხედავად, 2024 წელს პროპორციული მაინც იქნება და 0-დან 3%-მდე ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა იყოს კამათი, თუ რომელი ჯობია 0% , 1,2 თუ 3%. აქედან გამომდინარე, ის ორივე პირობა, რასაც ამბობს „გირჩი“, რომ გავაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას, ეს უკვე კარგია.
ფაქტი კიდევ ის არის, რომ ამ ბარიერით რომ ჩატარდეს არჩევნები, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციამაც გადალახა ბარიერი, ჩატარდა ისევ და ისევ ჩვენი მხარდაჭერით. გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება? ამ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომლის საფუძველზეც ისინი ჯერ პარლამენტში შევიდნენ და მანდატები მიიღეს, ახლა კიდევ ამას არ ასრულებენ.
ანუ, თვლით, რომ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო რეფორმას იმიტომ არ უჭერს მხარს, რომ ეშინიათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ?
- რადიკალურ ოპოზიციის მიზანი ერთია - ქუჩა. ასევე, ამ ოპოზიციას მოძღვრავს უკრაინიდან ერთი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს 0%-იანი ბარიერი იქნება თუ 3%-იანი. მას აინტერესებს მხოლოდ, რომ საქართველოში არეულობა იყოს. ამ არეულობას კი ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ეს უნდა, თუმცა იძულებულები იქნებიან რომ დაგვთანხმდნენ.
მმართველი გუნდის შეთავაზებულ ახალ საარჩევნო რეფორმაზე იმ ოპოზიციასთან მოლაპარაკება თუ დაიწყეთ, რომლებიც სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევის მომხრეები არიან?
- ჩვენ ღია ვართ ყველასთან, ოღონდ ეს რაციონალური უნდა იყოს. ასე რომ, რეფერენდუმის გაფორმებისთანავე, დღემდე შეთანხმება ძალაშია ისევ.
ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ საკადრო რეფორმები მიმდინარეობს, ასევე „ლელო“ დატოვა ლევან კობერიძემ, ხოლო უპარტიოდ დარჩა ასევე ბექა ნაცვლიშვილი. ხომ არ ფიქრობთ, ამ ადამიანებს მოსწონთ თქვენს მიერ შეთავაზებული რეფორმები, ისინი დათმობაზე წამოვიდნენ და პარლამენტშიც შემოვლენ?
- მე ვისურვებდი, რომ ოპოზიციური ფრთა გაძლიერდეს, ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანების მიერ. თუ ასეთი რამე მოხდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. ჯანსაღი კრიტიკა მისასალმებელია და კარგი იქნება, ასეთი ოპოზიცია თუ იქნება.