„ევროპულ საქართველოში“ „შავმა კატამ“ გადაირბინა, პარტიის რღვევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, რაც გიგა ბოკერიასა და პარტიის დანარჩენ ლიდერებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
თანაგუნდელების დაპირისპირების შემდეგ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, ძველ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრუნდება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით პარტიის დამფუძნებელი დავით ბაქრაძეც მიდის და მას თან მიჰყვებიან ირმა ნადირაშვილი, ოთარ კახიძე და ირაკლი აბესაძე.
თუმცა, თავად ბაქრაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„პოლიტიკურ პარტიას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.
for.ge-თან უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშორებულ ცოლ-ქმარს ადარებს და აცხადებს, რომ ეს ორი პარტია ცალ-ცალკე არც არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრები მიხეილ სააკაშვილს მიერ შედგენილი სიით მოხვდნენ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრუნდება. რამდენად მოსალოდნელი იყო ეს მართველი გუნდისთვის?
- ეს ცვლილება არცთუ რადიკალურია. „ევროპული საქართველო“ ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მისი ანასხლეტი პარტია. ყველა ის პირი, რომელიც პარლამენტში ვითომ „გამოეყო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ცალკე პარტია შექმნეს, სინამდვილეში, მე-9 მოწვევის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის შედგენილი სიით მოხვდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გამოჩნდა, რომ რეალურად საქმე ყოველთვის ერთ ძალასთან გვქონდა.
რაც შეეხება ზოგადად ამ პარტიას, მისი რეიტინგიდან გამომდინარე, არიან დესტრუქციულად მომართული და ამიტომ არ სურთ მოლაპარაკებების გამართვა. მეორე - მოლაპარაკებების ჩამშლელები არიან, რადგანაც ამ არჩევნებიდან ვერაფერი მიიღეს. საზოგადოებაში მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. ზოგადად, პარტიას რა რეიტინგიც აქვს, ამ პარტიაში მიმდინარე პროცესებს რელევანტური გამოხმაურება აქვს ხოლმე. ამიტომ, ასეთი რეიტინგის პარტიის რეორგანიზაცია არ მგონია საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო ერთი პარტია და სავარაუდოდ არც არასდროს გაყოფილან. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის თვალის ახვევა იყო. ვითომ გაყრილი ცოლ-ქმარი დღეს ისევ რიგდებიან.
უგულავას გარდა საუბარი არის, რომ დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილიც ტოვებენ პარტიას და როგორ ფიქრობთ, ისინიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდებიან?
- ვერ გეტყვით. საერთოდ, პოლიტიკა ისეთი სივრცეა, სადაც რეიტინგი, მით უმეტეს ოპოზიციური პარტიისთვის განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. „ევროპული საქართველოს“ რეიტინგიდან გამომდინარე, სად და როგორ შეიძლება ურეიტინგო პარტიიდან წასული პირების ნახვა, ვერ გეტყვით. შეიძლება კვლავ „ნაციონალური მოძრაობაში“ ვიხილოთ, შეიძლება სხვა რამე აირჩიონ. იქ მიმდინარე როტაციები საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა.
ანუ, თქვენი აზრით „ევროპულ საქართველოში“ როტაციები დაიწყო იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებში რეიტინგი ვერ დადეს და ეს არის მთავარი მიზეზი?
- დიახ, სავარაუდოდ, მიზეზი არის ის რომელიც თქვენ დაასახელეთ. საერთოდ, 2012 წლიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა არჩევნებში მარცხდება. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული სახით იარსებებს და მისი ბელადი მიხეილ სააკაშვილი იქნება, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან საზოგადოება წარსულს უკან არ დააბრუნებს.
რაც შეეხება მის ანასხლეტ პარტიებს და მათთან არსებულ სიტუაციას, ცხადია ურეიტინგობასა და დამარცხების პირობებში, ხშირად ხდება, რომ არსებობას წყვეტენ ან ერთიანდებიან სხვა პარტიასთან. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შემადგენლობას თვალს თუ გადავავლებთ, დედაპარტიასთან მიერთება და ამ წევრების იქ გადასვლა, გასაკვირი არაა.
უგულავა-ბაქრაძე გასაგებია, ბოკერიას როლი რა იქნება და ის სააკაშვილთან წავა?
- ბოკერიას ფაქტორი პოლიტიკურ დღის წესრიგში რამდენად წინ წაიწევს, არ ვიცი და ვერ გეტყვით იმ მაგიდასთან დასვამენ თუ არა, სადაც „დიდი ბიჭები“ სხედან. ბოკერია გამოირჩევა დესტრუქციული ბულინგით. მისი როლი საზოგადოებისთვის საინტერესო არ იქნება. ჩვენ საქმე გვაქვს ურეიტინგო პარტიასთან. ეს ერთი მოცემულობაა და მეორე მოცემულობაა - ქართული პოლიტიკური სივრცე აუცილებლად უნდა გაჯანსაღდეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვგულისხმობ. ის შეთავაზება, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ არის, რომელსაც საპარლამენტო ბარიერის ფაქტორი ჰქვია, ესეც პატარა პარტიების წახალისებისკენ არის მიმართული. საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო იქნება ახალი სახეების ნახვა. ამომრჩევლისთვის საინტერესო იქნება ჯანსაღი პოლიტიკის წარმოება და არა დრომოჭმული პიროვნებები, რომლებიც წამებასთან, დანაშაულთან, ქონებისა და ბიზნესის წართმევასთან ასოცირდებიან, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ხდებოდა.
ახალი სახეები ახსენეთ და ლევან კობერიძემ „ლელო“ დატოვა, უპარტიოდ არის ბექა ნაცვლიშვილი და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ისინი „ევროპულ საქართველოში“ ვიხილოთ?
- ზოგადად, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფიასკოს განიცდიან, მას პოლიტიკოსები ტოვებენ და სხვადასხვა პარტიებში ნაწილდებიან, ან ახალ პარტიას ქმნიან. მაგალითად, პარტია „მოქალაქეები“ და „გირჩი“, რომლებიც ხელისუფლებასთან ოპოზიციაში არიან, მთლიანი ოპოზიციიდან გამორჩეულები არიან იმით, რომ კონსტრუქციული ხვედრითი წონა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ბევრად მეტია, ვიდრე ეს არის დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრში. ეს არის გარკვეული ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება დაინტერესებულია იმით, რომ ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდეს, მით უმეტეს ოპოზიციაში. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რომელიც არჩევნებზეც ძალიან კარგად გამოჩნდა. გასაკვირი არ იქნება, თუ შეიქმნება პატარა პარტიები, ან პარტიებში როტაცია განხორციელდება.