ჩინური ტორტი

ჩინური ტორტი

ჩინურ ტორტს, სინამდვილეში, ჩინეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს დასახელება, ალბათ, იმიტომ მოუფიქრეს, რომ ის კლასიკური ტორტებისაგან განსხვავებით არატრადიციულად მზადდება. გემოთი და არომატით კი ნამდვილად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ტორტებს.

ინგრედიენტები

3   ცალი ბანანი

3   ცალი საშუალო ზომის კივი

2   ცალი საშუალო ზომის ვაშლი

1/2  კგ. ორცხობილა

1/2  ლიტრი რძე

1   ჩ/ჭ შაქარი

1   ცალი კვერცხი

200   გრამი მარგარინი

3   ს/კ ფქვილი

მომზადება

ტორტის მომზადებას კრემით ვიწყებთ. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. თქვეფის დროს ნელ-ნელა დაუმატეთ ცივი რძე და 3 ს/კ ფქვილი. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემოდგით ცეცხლზე. კრემი წამოადუღეთ, თან ურიეთ. როდესაც შესქელდება გადმოდგით და გააგრილეთ.

გაგრილებულ კრემს შეათქვიფეთ მარგარინი. მოხარშული კრემიც მზად არის. ჩინური ტორტისთვის შეგიძლიათ, უფრო ჰაეროვანი კრემიც გამოიყენოთ. თუმცა, მოხარშული კრემი გაცილებით იოლი მოსამზადებელია და თან ძალიან უხდება.

დაჭერით ხილი კუბიკებად და მოათავსეთ ჭურჭელში.

ორცხობილა ხელით დაფშვენით და თასში მოათავსეთ. ამჯერად ვიყენებთ ორცხობილა (პეჩენია) "იუბილეინოეს", თუმცა, შეგიძლიათ, სცადოთ სხვა ორცხობილითაც.

გადავიდეთ ტორტის მომზადებაზე: საშუალო ზომის თასში მოათავსეთ დაფშვნილი ორცხობილის ნაწილი, ზემოდან წაუსვით წინასწარ გამზადებული კრემი და მოალაგეთ დაჭრილი ხილი. შემდეგ ისევ მოაყარეთ დაფშვნილი პეჩენია, წაუსვით კრემი და მოაყარეთ ხილი. ასე ფენა-ფენა ჩაუმატეთ ინგრედიენტები გამოლევამდე. ჩინური ტორტიც მზად არის, გემრიელად მიირთვით.

ჩინური ტორტი მომზადებისთანავე შეგიძლიათ მიირთვათ. თუმცა, მომდევნო დღეს, როდესაც ყველაფერი კარგად გაუჯდება, უფრო გემრიელი იქნება. ინახება მაცივარში. ძალიან გემრიელია ზაფხულის ცხელ დღეებში, თუმცა ჩინური ტორტის მომზადება ნებისმიერ სეზონზე, სხვადასხვა ხილის კომბინაციით, თავისუფლად შეგიძლიათ.