„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და ამ გზით ხელისუფლების უკანონო ქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მან თანაგუნდელებსაც მოუწოდა, რომ მის მაგივრად თანხა არ ჩარიცხონ. როგორც მელიამ აღნიშნა, სურვილის შემთხვევაშიც, შეუძლებელია, გირაოს გადახდა, ვინაიდან ამისთვის საჭიროა პროკურატურაში დაბეჭდილი სპეციალური კოდის ქონა.
ოპოზიციონერი ლიდერი ეჭვობს, რომ არის ალბათობა, მის სასარგებლოდ გადაირიცხოს გირაო „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე, რადგან სწორედ ამ საბანკო დაწესებულების ანგარიშის ნომერია მითითითებული თანხის გადახდის შემთხვევაში. შესაბამისად, ნიკა მელიამ „საქართველო ბანკის“ ხელმძღვანელობას მიმართა და მოუწოდა, ამ უკანონობაში მონაწილეობა არ მიიღონ.
აღნიშნულის შესაფასებლად, თუ რას ნიშნავს ნიკა მელიას ეს განცხადება, For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე: ნიკა მელია ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებას, რომელიც მან „ფეისბუქ“ მიმართვაში გაახმაურა. ვფიქრობ, რომ ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, ოპოზიცია ერთგვარად კბილს უსინჯავს ხელისუფლებას, რამდენად შორს წავა ხელისუფლება, რამდენაც ეყოფა ნება და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე წავიდეს და აიძულოს მელია, გადაიხადოს გირაო ან ჩასვას ის ციხეში.
ასეთი განცდა მაქვს, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია იმედოვნებს და ალბათ, თავად მელიაც, რომ თუ მას ციხეში არ ჩასვამენ და დაინდობენ, მისცემენ კიდევ ერთ შანსს, როგორც ეს ადრე მოხდა, ამას წარმოაჩენენ სახელისუფლებო სტრუქტურების სისუსტედ, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლად და საზოგადოებაში შექმნიან სწორედ ამის განცდას.
ხელისუფლებაც არ არის ბოლომდე მართალი, მელიამ ელექტრონული სამაჯური ასე დემონსტრაციულად მოისროლა, აქედან გავიდა ორ თვეზე მეტი, ხელისუფლებას და მის სამართალმდაცველებს თავისუფლად შეეძლოთ, რომ მანამდე მოეკითხათ პასუხი ამის გამო, რასაც კანონი ავალდებულებს, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რადგან არ უნდოდათ არჩევნების შემდგომ პერიოდში სიტუაციის კიდევ ერთხელ დაძაბვა.
ახლა ამით ერთგვარი კოზირი მისცეს მელიას და ოპოზიციას, ამ კოზირით ისინი უკვე სარგებლობენ - „ხელისუფლებას ახლაღა გაახსენდა გირაოს გადახდის აუცილებლობა?“.
თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები ნიკა მელიას ირგვლივ?
- როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომელი ვარიანტი აირჩიონ, რბილი თუ ხისტი. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკა მელიამ თავისი გამომწვევი განცხადებებით უკვე გააღიზიანა საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეები და ერთგვარად გამოწვევა ესროლა სახელმწიფოს, ჩემი ვარაუდი ასეთია: თუ ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, არ დაიჭერენ.
როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებებით, რა პოლიტიკურ მოგებაზე მიდის ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა?“
- თუკი ხელისუფლება ბოლომდე წავიდა და ზუსტად კანონის მიხედვით იმოქმედა, მელიას პატიმრობა შეუფარდა, მას გახდიან წამებულ გმირად და მოასხამენ პოლიტპატიმრის მანტიას, ეს არის მათი გათვლა. შემდეგ, შესაძლოა, ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები საერთაშორისო პარტნიორებთან და სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ კონგრესმენების და სენატორების ზუსტად ანალოგიური შინაარსის წერილებს, როგორსაც ისინი იწერებოდნენ ნიკა რურუასთან დაკავშირებით.
და მაინც, რამდენად შესაძლებელია ნიკა მელიას პარლამენტმა შეუწყვიტოს მანდატი და შემდეგ იგი დააკაონ?
- პარლამენტმა უკვე გააუქმა ლევან ხაბეიშვილის და შალვა ნათელაშვილის მანდატები. შესაბამისად, მას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ პროკურატურამ პარლამენტს ოფიციალურად მიმართოს და ინდივიდუალური წესით გააუქმოს ნიკა მელიას მანდატი, მით უმეტეს, რომ მას აქვს ამის იურიდიული საფუძველი - გირაოს არგადახდა.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ნიკა მელია სწორედ ამაზე აპელირებდა თავის საჯარო გამოსვლებში, - მაინტერესებს ის დეპუტატები, როგორ გამიუქმებენ მანდატსო. გათვლაა, რომ საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, თითქოს ნიკა მელია არის უსამართლოდ დევნილი, წამებული გმირი. ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, რომლებიც არ გამოირჩევიან „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურობით და კეთილგანწყობით, ისინიც კი ამბობენ, რომ კანონის თანახმად, ნიკა მელია ვალდებულია გირაო გადაიხადოს.