ციხე თუ გირაო? – მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა

ციხე თუ გირაო? – მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ამ მოტივით გირაოს არ გადაიხდის. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თანხას გადაიხდის, ეს შესაძლოა, ხელისუფლების ან პროკურატურის მაქინაცია იყოს. ნიკა მელიას საქმეზე, აღსრულების ბიუროს მიერ დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, რაზეც განცხადება მელიამ გააკეთა, როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხა ბრალდებულს ან სხვა ნებისმიერ პირს, ბრალდებულის სახელით ან მის სასარგებლოდ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

საბანკო დაწესებულებაში გირაოს თანხის გადასახდელად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის საქმის ნომერი, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვის სასარგებლოდაც ხდება თანხის გადახდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის რეკვიზიტები. აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ასევე ეს რეკვიზიტები ცნობილია თავად ბრალდებულ ნიკანორ მელიასთვის, რადგან მისთვის თავდაპირველად შეფარდებული გირაოს თანხის – 30 000 ლარის ოდენობით გადახდა, სწორედ ამ ანგარიშზე განხორციელდა.

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელი სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე და, რომელზეც აპელირებდა მელია, არანაირი ასეთი კოდი არ მოუთხოვია არც მელიას და მის ადვოკატს. შესაბამისად, მელია აცხადებს, რომ თუკი ვინმე მის მაგივრად გადაიხდის 40 000 ლარს, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოქმედებს, ეს ცხადია. სწორედ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ნიკა მელია თავისი ფეხით წავიდეს და ჩაჯდეს ციხეში. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“.

„ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ მექნება უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურას აქვს. მინდა თხოვნით და პატივისცემით მივმართო „საქართველოს ბანკს“, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და მოგმართავთ თხოვნით, ეს არა მხოლოდ უფლებების, არამედ კანონის დარღვევაცაა. იმედია, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო დაწესებულება „საქართველოს ბანკი“.

ძვირფასო ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ მიუთითებდა, პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის, ეს პოლიტიკური დევნაა, თუმცა, აქვე დასძენეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არსად გაქცევას არ აპირებს.

„ნიკა მელიასთან მიმართებით უამრავი კანონი დაირღვა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური სამარცხვინოდ შეკერილი საქმე, როგორც ყველა სხვა საქმე. ამოცანა არის, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერზე წნეხი, მისი განეიტრალება, ან ზოგადად, ყველას დაშინება. თავიდან ბოლომდე, ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული საქმე.

რაც შეეხება გირაოს ასპექტს, სრული სისულელეა. მელია არსად გაქცევას არ აპირებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს მთლიანად მოგონილი ამბავია, თავი რომ დავანებოთ რამდენი პროცედურა დაირღვა ამ პირობებში. ასე რომ, ამ კონტექსტში საუბარი, თითქოს მელიამ რამე დაარღვია, არასერიოზულია. არ ეკუთვნის გირაოს გადახდა. ეს არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბადრი ჯაფარიძე. „ლელოს“ ერთ–ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები.

„წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ზოგადად, ამ ტიპის საქმეებზე სამწუხაროდ, კარგი მოლოდინი არ მაქვს. მგონია, რომ ბატონი მელიას ადვოკატები მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. უნდა დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება პროკურატურას, ასევე რა ნაბიჯები გადაიდგმება ნიკა მელიას ადვოკატების მხრიდან, რომ არ დავუშვათ კრიზისის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და ერთ–ერთი მსხვილი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება. ხელი უნდა შევუშალოთ დაპირისპირების ზრდას და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხოთ პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციის შეფასებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ურჩევენ კანონზე მაღლა არ დადგეს და დაკისრებული გირაო გადაიხადოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მელიას განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადების მოტყუების მცდელობის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაცებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს.

„ნიკა მელიას განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, მისი გირაო გადაიხადოს ე.წ. გვერდითა გზებით. თითს იშვერენ ჩვენი მისამართით, თითქოს ჩვენ რაღაც აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო, რაც არასდროს მომხდარა სხვების შემთხვევაში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეტიც, გარანტიას ვაძლევთ ყველა ჩვენგანი პირადად მას, არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას, არც ასეთზე ფიქრს. თუმცა, ისინი მაინც იშვერენ ხელს ჩვენსკენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხის მოტყუებას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, არანაირი სპეციალური ნებართვა და სპეციალური კოდი ბრალდებულისაგან ან მისი ადვოკატისგან საჭირო არაა, ამიტომ თუ აღმოჩნდება ისე, რომ მელიას გირაოსთვის თანხა იქნება შეტანილი, ამ თანხასთან არანაირი კავშირი არ ექნება სხვას, თუ არა თვით ნიკა მელიას პირდაპირ, ან ირიბად.

„რაც შეეხება მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე ვერ მოხერხდება გირაოს შეტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ზოგადად არსებობს სახელმწიფო ხაზინაზე გახსნილი ანგარიში, სადაც იმ ბრალდებულისათვის, ვისაც გირაო აქვს შეფარდებული, თავისუფლად ხდება თანხის გადარიცხვა და ასეთი ფაქტები მომხდარა ადრეც, როდესაც გვარამიასთან დაკავშირებით ვიღაცებმა გადარიცხეს ფული“, – ამბობს ქადაგიშვილი.

მისი თქმით, იგივე იყო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შემთხვევაში, როდესაც თითქოსდა ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადარიცხეს თანხა.

„არანაირი სპეციალური ნებართვა და სპეციალური კოდი ბრალდებულისაგან ან მისი ადვოკატისგან საჭირო არაა, ამიტომ თუ აღმოჩნდება ისე, რომ ნიკანორ მელიას გირაოსთვის თანხა იქნება შეტანილი, ამ თანხასთან არანაირი კავშირი არ ექნება სხვას თუ არა თვით ნიკანორ მელიას პირდაპირ ან ირიბად. მას უნდა, რომ ყველაფერი ეს უკვე წინასწარ დაგეგმოს ისე, თითქოს ის არის მებრძოლი ქარის წისქვილებთან და ხელისუფლება უხდის აქეთ ფულს. ასე რომ, ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ჩვეულებრივი ტყუილი ჩადებული, ისევე, როგორც გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით იყო მთელი ეს კამპანია ტყუილზე აგებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.