გაფიცულები რკინიგზის მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

გაფიცულები რკინიგზის მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

რკინიგზაში ახალი საპროტესო მოძრაობა დაიწყო. ბოლო 2 დღის განმავლობაში ხაშურსა და ზესტაფონში ზედიზედ გაიფიცნენ სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები. თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცულები ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალს გადაკეტენ და მოძრაობის პარალიზებას მოახდენენ.

უკმაყოფილო ხაშურელ რკინიგზელებს გუშინ დილით შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ერთსაათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

რკინიგზის წარმომადგენლებმა გაფიცულებს ხელფასის 50 ლარით გაზრდის პირობა მისცეს, თუმცა სალიანდაგო სამმართველოს რკინიგზელები ამბობენ, რომ შეთავაზება არასაკმარისია, რის გამოც გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

რკინიგზელთა თქმით, თუ მოთხოვნები სრულფასოვნად არ დაკმაყოფილდება, საქართველოს ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალს გადაკეტენ და მოძრაობის პარალიზებას მოახდენენ.

ხაშურში უკვე მეორე დღეა პროტესტი არ ცხრება. ასობით რკინიგზელი ხელფასების სხვა სარკინიგზო სამმართველოების თანამშრომელთა ანაზღაურებასთან გათანაბრებას და იმ შეღავათების აღდგენას მოითხოვს, რითაც წლების წინათ სარგებლობდნენ.

გაფიცული რკინიგზელები არ გამორიცხავენ, რომ მათ მიერ სამუშაო ადგილების მიტოვებას სარკინიგზო მაგისტრალზე უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რაზეც პასუხისმგებლობას რკინიგზის ხელმძღვანელობას აკისრებენ.

„საქართველოს რკინიგზაში“ კი აცხადებენ, ჯგუფი გონივრულ ვადებში შეისწავლის თანამშრომელთა სოციალურ-ეკონომიურ პრობლემებს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. შემუშავდება აღნიშნული პრობლემების დაძლევის გზებიც.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჯგუფის მუშაობა პროდუქტიული იქნება და ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიძლევა ყველა არსებული პრობლემა”, - აცხადებენ რკინიგზაში.

სანამ რკინიგზის ადმინისტრაცია ხაშურში გაფიცულ თანამშრომელთა პრობლემებს ეცნობოდა და მის მოგვარებას ცდილობდა, ამასობაში, ზესტაფონში სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები დაადგნენ ხაშურელი კოლეგების გზას.

მათი მოთხოვნებიც და პროტესტის ფორმაც მსგავსია -ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, დამატებითი სამუშაო საათების სრული ანაზღაურება.

ზესტაფონის სალიანდაგო სამსახურში 300-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათი საშუალო ხელფასი 400 ლარია. სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რკინიგზელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვალერიან მაყიშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში რკნიგიზელებს ანაზღაურება მოემატებათ, რაც ადრე თითქმის არ ხდებოდა.  ხელფასებს და პრემიებს მხოლოდ დიდი თანამდებობის პირები იღებდნენ, უბრალო მოსახმსახურეებს კი წლობით ერთი და იგივე ანაზღაურება ეძლეოდათ.

„რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას, ჯერ კიდევ შარშან, ირაკლი ეზუგბაიამ ხელფასი თანამშრომლების მხოლოდ მცირე ნაწილს, 10-15 პროცენტს მოუმატა. დანარჩენი 85-90 პროცენტი დატოვა რეაგირების გარეშე, მათ დღემდე 300-350 ლარის ფარგლებში ერიცხებათ ხელფასი, რასაც აპროტესტებენ.

უწყების ქვედა რგოლის თანამშრომლებს მთავრობა ხელფასების მატებას ჰპირდება და დანაპირებს მაქსიმუმ მეორე კვარტალში შეასრულებს. ასე რომ, მათი პრობლემების გადაჭრამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი”, - ამბობს ვალერი მაყიშვილი.