„მელია ჯერ კიდევ პარლამენტის წევრია და თუ არ იქნა პარლამენტის თანხმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება,  მელიას ვერ დააპატიმრებენ“

„მელია ჯერ კიდევ პარლამენტის წევრია და თუ არ იქნა პარლამენტის თანხმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, მელიას ვერ დააპატიმრებენ“

გენერალური პროკურატურის მიერ ერთკვირიანი ულტიმატუმის ვადა იწურება, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს თანხას არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს. თუმცა, აქ განსახილველია მეორე საკითხიც - კონსტიტუციონალისტების ნაწილის შეფასებით, რადგან ნიკა მელიას ჯერჯერობით დეპუტატის მანდატი არ აქვს გაუქმებული, მისი დაკავება გამორიცხულია და ამ ყველაფერს წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცედურა უძღვის, კერძოდ: პარლამენტმა მას უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს, შემდეგ კი პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს.

ამის ფონზე, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე, რაც რეალურად, ამ ერთგვარ შეფერხებას განზე გასწევს და შესაძლოა, ნიკა მელია დააკავონ, თუკი გირაოს თანხას არ გადაიხდის.

კითხვა ჩნდება, ვინ დაუჭერს მხარს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას? – პარტია „მოქალაქებიის“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „თუ პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში“.

მისივე თქმით, 20 ივნისის საქმის მტკიცებულებებს იცნობს და ვერ მტკიცდება იმ ადამიანთა ბრალეულობა, რომლებსაც ამ საქმეს ედავებიან.

„ამ საქმეს 20 ივნისის საქმეების კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იგივეა. ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება მტკიცებულებების თვალსაზრისით. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას იმაში, რაშიც ედავებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად, ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა.

თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, მან ეს გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა იოსელიანმა.

მოკლედ ნიკა მელიას საქმის შესახებ: ოპოზიციონერ ლიდერს საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა კონკრეტული შეზღუდვებიც დაუწესა:

საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებამდე მთელი რიგი პროცედურაა გასავლელი, კერძოდ:

„სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი ვითარებაა: ნიკა მელია არის პარლამენტის წევრი, მისი განცხადება გადადგომის თაობაზე პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ამიტომ ის ჯერ კიდევ არის პარლამენტის წევრი. შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პატიმრობის სახით უნდა იყოს მიბმული, პირველი - პარლამენტის თანხმობაზე და მეორე - სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თუკი ამ ორიდან ერთ-ერთი არ იქნა, ამის გარეშე მელიას ვერ დააპატიმრებენ. თუ პარლამენტმა დააკმაყოფილა მელიას განცხადება გადადგომაზე და შეუწყვიტა უფლებამოსილება, მაშინ პატიმრობის შესაფარდებლად აუცილებელი იქნება სასამართლოს განჩინება, პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი იცავს და თუკი მას უფლებამოსილება შეუწყდება, პროცესი სხვა ხასიათს მიიღებს.

„ჯერჯეობით ნიკა მელია არის პარლამენტარი და თუ მის მიმართ იქნება განხორციელებული რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, პარლამენტმა უნდა მოუხსნას მანდატი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ცოტა ადრე დაიწყო, ვიდრე მელია გახდებოდა პარლამენტის წევრი. ამიტომ, ზუსტი შეფასების გაკეთება მიჭირს.

მას აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებად გირაო და თუკი ეს გირაო არ გადაიხადა, შემდეგ აღკვეთი ღონისძიების ფორმა იცვლება და უნდა აიყვანონ წინასწარ პატიმრობაში, თუმცა, ის არის დეპუტატი და წესით, მას ამაზე თანხმობა უნდა მისცეს პარლამენტმა“, - განაცხადა For.ge-სთან ვახტანგ ძაბირაძემ.

Aburjga Tasmanieli თქვე უნიჭო სოფისტებო, უთრაქოებო!!! კაქცი ამბობს არ ვარ პარლამენტის წევრი, არ მინდა, უარს ვამბობო! გაქიგეთ?! ვერ გაიგეთ?! რას გაიგებთ ან რას გაიგონებთ თავზე დასვლეთელი სტრაჟნიკებინგადგათ ხელში დუბინკით! ნაცმოძრაობის ვერხუშკის ტოლფასი გამყიდველები ხართ ყველა!
3 წლის უკან