ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, უკვე ოფიციალური კიევი ემიჯნება. ორიოდე დღის წინ, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა საჯაროდ თქვა, რომ მიუღებელია ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გეგმავს. გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ მიუღებელია მოწოდებები საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ და ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი უკვე ყელში ჰყავთ ამოსული და ხვდებიან, რომ ის უკრაინისთვის პრობლემად იქცა. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ ზელენსკიმაც მალე გაათავისუფლოს და ყველანაირი თანამდებობის გარეშე დარჩეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამის ნიშნები საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებაა, რომელიც სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არ დაარტყამდა. მათი ვარაუდით, პრეზიდენტის გარემოცვას სააკაშვილის ქცევები და განცხადებები მობეზრდათ და პირდაპირ მიანიშნეს, რომ გაჩერდეს.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მის ამ განცახდებას კი საქართველოში უკრაინის ელჩი გამოეხმაურა: „სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“.
ელჩის შეფასებით, დაუმორჩილებლობისკენ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მოწოდება არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.
ამ განცხადებას სააკაშვილის მუქარა მოჰყვა, რომელმაც სოციალურ ქსელში ელჩს „მექრთამე“ „ღრმად კორუმპირებული“ და „საბჭოთა ფუნქციონერი“ უწოდა.
„ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, - წერს სააკაშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადო მოღვაწეები არიან, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებებისგან.
მათი თქმით, ასეთი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ეს პოზიცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დააფიქსირა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ ბრალდებებს, ემოციების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს. უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მუშაობის მთავარი პრიორიტეტია.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილონ ეს საქმე, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ უკრაინის მოქალაქეები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი შიდა უკრაინულ საკითხში ჩარევას არ აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ხელისუფლების ქმედებას იხსენებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკრაინის 2 მეზღვაური უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული. მისი თქმით, სწორედ ასეთი ნაბიჯები ძაბავს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობას.
„საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უკანონოდ, როგორც მეკობრეები იქცევიან, ისე ჰყავს დაკავებული 2 უკრაინელი მეზღვაური. სწორედ ასეთი ნაბიჯები ძაბავს ორმხრივ ურთიერთობას და ასეთი ნაბიჯები აშორებს უკრაინასა და საქართველოს და არა ის განცხადება, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ეს მიმართულია იმისაკენ, რომ ამ ორ ქვეყანას მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეს“, - აცხადებს ბარამიძე.
პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ კი განაცხადა, რომ დიპლომატიურ კორპუსთან საუბრისას სიფრთხილეა საჭირო.
„ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვესაუბრებით ხოლმე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ პროცესში, როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე ელემენტარულ პროფესიულ ეთიკას და ოპოზიციურ იმიჯს. ასეთი ლექსიკა არ არის გამართლებული“, - აღნიშნა გეგელიამ.
სააკაშვილის განცხადებებს უკრაინის ელჩის მისამართით მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით ისინი უკრაინელ კოლეგებს აფრთხილებდნენ, რომ საქმე აქამდე მივიდოდა.
„ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. ადრე რომ გაეკეთებინათ ასეთი მკვეთრი განცხადებები, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. დღევანდელი განცხადება არის საკადრისი პასუხი საკუთარ მოქალაქე სააკაშვილთან მიმართებაში, რომ ის უცხო ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ამასთან, მან არ უნდა შეურაცხყოს დიპლომატები და არ დაადანაშაულოს ისინი მექრთამეობაში, კორუფციონერობაში და ა.შ.“, - აღნიშნავს სამხარაძე.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკრაინის ელჩზე არავის გაჰკვირვებია, რადგან მას ვინც თვალში არ მოსდის, ყველას კორუმპირებულად და რუსეთის აგენტად მოიხსენიებს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ფანტაზია ძალიან ვიწროა, ამიტომაც რას იტყვის და მოიმოქმედებს ადვილი გამოსაცნობია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა „ამას სიკვდილი“ და „ამას ჩამოხრჩობა“-ს მეტი არაფერი იცის. ამ ფონზე კი გასაკვირი არაფერია.
„როგორც ჩანს, რადგანაც თავად უკრაინელი ჩინოვნიკია, ელჩისგან სრულიად სხვაგვარ განცხადებას მოელოდა. ალბათ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის ელჩს საქართველოში უპატრონოს და უბრძანოს. თუმცა როგორც კი დაინახა, რომ ელჩი მის მხარეს არ იჭერს, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენა. ამიტომაც ბუნებრივია, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ზელენსკიმ უნდა გაარკვიონ მის ორ ჩინოვნიკს შორის რა ხდება. ეს საკითხი უკვე საქართველოს ირიბად ეხება. სააკაშვილს ელჩთან რა ვერ გაუყვია, რა უნდა? იქნებ ჩამოაყალიბოს, როგორი უნდა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იყოს.
ელჩმა გასაგებად აგრძნობინა ყველას, რომ მისი ერთერთი ჩინოვნიკის, ვინმე სააკაშვილის განცხადებები, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვნებს. ეს ელჩისგან საკამოდ სწორი და პირდაპირი განცხადება იყო. სააკაშვილმა კი ელჩი კორუმპირებულად გადაახურდავა. ამიტომ ჰაერზე პენალტი დაარტყა. საქართველოს პატრიოტი უკრაინის ელჩი უფრო გამოდის, ვიდრე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ადამიანი უფრო ნაღვლობს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, ვიდრე ვინმე სააკაშვილი“, - აცხადებს პაატა ზაქრეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ელჩმა უკრაინის ხელისუფლებას აჩვენა, რომ მოქალაქე სააკაშვილი აზრზე არ არის სადაა და რა უნდა. ის თავისი არასწორი განცხადებებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებს ვნებს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს თუკი უკრაინაში რაიმე სახის რეპუტაცია მაინც ჰქონდა შენარჩუნებული, ელჩზე თავდასხმის შემდეგ საერთოდ ინადგურებს. სჯობდა, რომ სააკაშვილს საერთოდ არაფერი ეთქვა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილს ურთიერთობები ყველასთან ეძაბება და მაქსიმუმ, 2 წელზე მეტად ვერც ერთ თანამდებობაზე ვერ ძლებს. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც კინწისკვრით გამოაგდოს.
„უკრაინაში მისი ადგილი უკვე აღარ არის. სააკაშვილს ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებს. ზელენსკის გარემოცვას ყელში ჰყავს გაჩხერილი და უკვე ყველას ნერვებს უშლის. მისით ნაკლები ადამიანიღაა აღფრთოვანებული. ერთმა ადამინისტრაციამ ხომ გააპანღურა უკრაინიდან, ახლა მე მგონი მეორე ადმინისტრაციასაც ყელში ამოუვიდა. მისი ქცევები აღარც ზელენსკის არ მოსწონს. უკრაინაში დიდი არაფერი არ შეუცვლია, ამ ფონზე კი თავს ელჩებს ესხმის.
როგორც ჩანს, სააკაშვილმა იცის, რომ მის მიმართ პრეზიდენტის ადამინისტრაციაში უკვე ცუდი ხმები დადის და ელჩის ეს დარტყმაც ცუდად ენიშნა. მან ის ტენდენცია დაინახა, რომ უკრაინის ელჩი სახელმწიფოს ინტერესებს აჟღერებს. დაინახა, რომ უკრაინაში უკვე ზდმეტია და ამან გააღიზიანა. რეაცქია საერთოდ რომ არ ჰქონოდა, ის სჯობდა. უკრაინაში უკვე იმდენი პრობლემა აქვს, რომ ელჩის განცხადება ემცნო და მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის ნათქვამი არაა. ესაა უკრაინის სახელმწიფოს განცხადება ელჩის სახელით“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ელჩი ახალი ჩამოსული რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ეს ადამიანი წლებია აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს. ელჩი კარგად ხედავს სააკაშვილი ორი ქვეყნის ურთიერთობას როგორ აფუჭებს. ამიტომაც ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი დიპლომატი სააკაშვილს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არ დაარტყამდა. როგორც ჩანს, იქაც მისი ქცევები უკვე ყელში აქვთ ამოსული და ელჩს მისცეს უფლება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ განცახდება გაეკეთებინა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინაშიც უკვე იმდენად მყრალი ფიგურაა, რომ მასზე განცახდების გაკეთება, სამინისტროსთან რამდენჯერმე შეთანხმებული იქნებოდა. რისკებსაც კი გათვლიდნენ, ამას სააკაშვილის მხრიდან რა რეაქცია მოჰყვებოდა. ეს არის კარგად მომზადებული განცხადება, რომელიც სააკაშვილისთვის ანთებულ წითელ შუქს ნიშნავს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს არ ეხება უკრაინის ერთი მოქალაქე მეორეს კორუფციაში რომ ამხელს. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ეს ამბავი ზელენსკიმ უნდა გაარკვიოს და დაადგინოს მის ელჩს უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქე ბრალს რაში სდებს. ანალიტიკოსის აზრით, ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე გაცვალა, უკვე ბევრზე მეტყველებს და ზელენსკის ადმინისტრაციაშიც მასზე დიდი წარმოდგენების არ არიან. ამიტომაც იყო, რომ ელჩმა მისი ქცევა პირდაპირ და ღიად დაგმო.
„რაც შეეხება მის მოწოდებებს უკრაინის მოქალაქეების დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, აქ უკვე პრობლემები ჩნდება. სააკაშვილი უკრაინაში უბრალო პირი არაა და ის საჯარო მოხელეა. ეს უკვე პრობლემატურია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძაბავს. ელჩმა უკრაინის ხელისუფლების სახელით დაგმო უკვე მისი ქმედება და ეს მხოლოდ დიპლომატის პირადი მოსაზრება არ ყოფილა. ამიტომაც სააკაშვილის ელჩზე თავდასხმა მასვე ვნებს.
სააკაშვილი ისეთი პიროვნებაა, რომ სადაც ყველაფერს არ განაგებს, იმ თანამდებობაზე დიდხანს ვერ ძლებს. ის საქართველოში 9-წლიანი პრეზიდენტობის დროს იმას მიეჩვია, რომ მისი ყველა ფრაზა, ნათქვამი ყოველგვარი სიტყვის შებრუნების გარეშე სრულდებოდა. მას ეს უფლებები აღარ აქვს, ამიტომ ცდილობს, რომ ისევ კონტროლი მოიპოვოს. ამიტომ არ ველი, რომ ზელენსკისთან დიდი ხანი გაძლებს. მალე მისი ყოფნა უკრაინისთვის პრომლემა გახდება. არ გამოვრიცხავ, რომ მას თანამდებობა მალე დაატოვებინონ. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.