მელნიკოვის „ახალმა რუსეთმა“ აფხაზეთი და ცხინვალი დააბნია

მელნიკოვის „ახალმა რუსეთმა“ აფხაზეთი და ცხინვალი დააბნია

„ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოსთვის გადასაცემად“, - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის ალექსეი მელნიკოვის ამ ნათქვამმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბნეულობა გამოიწვია.

მელნიკოვის აზრით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული ექსპერიმენტი, ჩიხში შესული, არა შორსმჭვრეტელური პოლიტიკა საქართველოს ამ ორ რეგიონთან მიმართებით. მელნიკოვი თვლის, რომ ასეთივე „ჩამოკიდებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი, რომელიც რუსეთმა უნდა გადასცეს მოლდოვას.

აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში დაიწყეს იმის გარკვევა, ნამდვილად არის თუ არა მელნიკოვი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის თანაშემწე. აფხაზებს უკვირთ, რას ნიშნავს მელნიკოვის განცხადება, როცა თავად ნავალნი გამოდიოდა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, დნესტრისპირეთის აღიარების მოწოდებით და ამას ქსენია სობჩაკთან ინტერვიუს დროს არც მალავდა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მელნიკოვი პოლიტიკოსია პარტია „იაბლოკოდან“ და რუსეთში საკმაოდ აქტიურ ბლოგერად ითვლება.

მელნიკოვის განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთში ზედმეტი ტვირთის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოშორებაზე ფიქრობენ? მომავალი რუსეთი დაგვიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამორიცხავს, რუსი მოხელეებისგან სიკეთის იმედი გვქონდეს. მისი მოსაზრებით, თუკი ნავალნის თანაშემწეზეა საუბარი, მაშინ თვით ნავალნის არასდროს არ უთქვამს, აფხაზეთი საქართველოაო.

„ნავალნის თვალყურს ვადევნებ უკვე ათი წელია და ის არ გეგონოთ პროქართულად განწყობილი. ასეთ საკითხებში ნავალნიც პატარა პუტინია. კი, პუტინს ეწინააღმდეგება, მაგრამ სულაც არ ფიქრობს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას. ეს გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, თუ თვითონ რუსეთში ძლიერად არ შეიცვლება სიტუაცია და, თუ თავად აფხაზეთში არ შეიცვალა ჩვენდამი დამოკიდებულება. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც აფხაზები ნახავენ, რომ ჩვენთან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე აფხაზეთში“,-აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას და ერთ ისტორიულ ფაქტსაც იხსენებს.

კერძოდ, ევროკავშირში რომ მიიღეს კვიპროსი, ერთი კვირის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსში, რომელიც თურქეთს აქვს ოკუპირებული, თურქი მოსახლეობა გამოვიდა პროტესტით, ჩვენც გვინდა გაერთიანება კვიპროსთანო, რადგან იმავე დღეს კვიპროსმა პირველი გრანტით 2 მილიარდი ევრო მიიღო დახმარების სახით. კარგი ცხოვრება უნდოდათ თურქებს, ნახეს თურქებმა, რომ კვიპროსს ფულს აძლევს ევროპა და თვითონაც მოისურვეს გაერთიანება. ამისგან განსხვავებით, ჩვენთან დღეს საპირისპირო მდგომარეობაა - უმუშევრობა, შიმშილი, ყოველდღიურად გვესმის, იმან ეს მოიპარა, ამან ტენდერი უსამართლოდ მოიგო, აფხაზები კი ამ ყველაფერს უყურებენ.

„არ ვიცი, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები რუსეთში. ჯერ ერთი, მელნიკოვს ვინ ეკითხება აფხაზეთისა და ცხინვალის ჩვენთვის დაბრუნებას, ან როგორ უნდა მოამზადონ ეს საკითხი ახალმა რუსებმა? ჰიპოთეტურად, თუ რუსეთთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ, რომ ნატოში არ შევალთ და რუსეთი ცხინვალიდან და სოხუმიდან ჯარებს გაიყვანს, სიტუაცია შეიცვლება. თუკი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსის ჯარი არ იქნება, კარდინალურად შეიცვლება ვითარება, მაგრამ მაშინ აფხაზებიც და ოსებიც მოგვთხოვენ იმ ფულს, რასაც რუსეთიდან იღებენ. თუნდაც იმავე პენსიებს, დახმარებებს. კორუფცია აფხაზეთშიც არის და ცხინვალის რეგიონში ხომ საშინელებაა. ეს არის შავი ხვრელი, მილიარდობით რუბლი მოდის და სად იკარგება, დღესაც ვერ გაურკვევიათ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთში იმის მზაობა ნამდვილად არ არის, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვიბრუნონ. უბრალოდ, მელნიკოვი „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია, „იაბლოკოს“ გავლენა კი ნულის დონეზეა რუსეთში, 2%-საც ვერ ქაჩავს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ლიბერალური ოპოზიციის პოლიტიკური პარტია.

რაც შეეხება ნავალნის, მისი ულტრანაციონალისტური განცხადებების ფონზე ვახტანგ მაისაიას ეეჭვება, ჩვენს სასარგებლოდ ნავალნიმ რამე შეცვალოს.

„ნავალნიც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც ახლა ჰიპოთეტურია, შეიძლება უფრო უარესი პოლიტიკა აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. ბოლოს და ბოლოს, ულტრალიბერალი ელცინიც იყო რუსეთის სათავეში, მაგრამ სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი უბედობის ათვლის სათავეები. ელცინის მთავრობამ ჩამოაგდო საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მოახდინა ფარული სამხედრო ჩარევა საქართველოს საქმეებში. სხვათა შორის, ახლა ვწერ წიგნს, „სახელმწიფო გადატრიალებების სახელმძღვანელო“, სადაც პოლიტოლოგიის კუთხით შეფასებას მივცემ ამ გადატრიალებებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას და არ გამორიცხა, მსგავსი განცხადებები კრემლის მხრიდან სიტუაციის მოსინჯვა იყოს.

 

 

Katana . "ვახტანგ მაისაიამ... არ გამორიცხა, მსგავსი განცხადებები კრემლის მხრიდან სიტუაციის მოსინჯვა იყოს."
და, რა აინტერესებთ, გაგვიხარდება თუ არა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება?

ცხადია, ყველა რუსი არ არის "დერჟავნიკი", ოღონდ... სანამ ხელისუფლებაში მოვა!
3 წლის უკან