მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეებისთვის“ წევრები პარლამენტში შევიდნენ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მათი მისამართით კრიტიკული განცხადებები არ წყდება. ამის საპასუხოდ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც სურთ, თუმცა ეშინიათ ერთგვარი ბულინგის, რაც თავად „მოქალაქეებმა“ გაიარეს.
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნახევარზე მეტს, ვინც გარეთაა დარჩენილი, მათი მოსაზრება ვიცი და პარლამენტში შესვლა უნდათ. უბრალოდ, ამის გაკეთებას ვერ ბედავენ. ზოგს ამის ეშინია, ზოგს - იმის, ზოგს იმ გზის გავლის ეშინია, რაც ჩვენ გამოვიარეთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ინიციატივას ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, ელისაშვილისთვის სრულიად მისაღებია და აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, გახდეს იმის საფუძველი, რომ ოპოზიციური სპექტრი საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ.
„თუ „ქართული ოცნება“ ამაზე მოდის, ეს, რა თქმა უნდა, კარგი შეთავაზებაა. ოპოზიციისთვის ეს უნდა იყოს საყურადღებო და საინტერესო. თუ ეს საკითხი სხდომაზე გამოვა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ბარიერი იყოს, მაგალითად ნულოვანი ან ბუნებრივი ბარიერი. დანარჩენ ოპოზიციას, თუ გულწრფელად უნდათ, რომ მართლა ბარიერი დაბალი იყოს, ამ იდეას მხარი უნდა დაუჭირონ“ - აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა.
ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ალეკო ელისაშვილი უბრალოდ საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს და სწორედ ამით აიხსნება ეს განცხადებაც. რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი ბარიერის განხილვას, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ხელს აძლევს თავად „ქართულ ოცნებას,“ თუმცა, წამგებიანია „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ რადგან ამით რეალურად ამომრჩეველთა ხმებს კარგავს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას ელისაშვილის განცხადებას ბულინგთან დაკავშირებით გადაჭარბებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლოა, უბრალოდ სხვა მოტივები ამოძრავებდეთ.
„იდეას იმის შესახებ, რომ ბულინგის ეშინიათ, ცოტა გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, ბულინგი უსიამოვნოა ყველასთვის, თუმცა, ალბათ, მხოლოდ ეს მიზეზი არაა, მრავალმოტივიანია მათი პარლამენტს გარეთ დგომა. ამ მოტივებში არის ბულინგიც, ოღონდ შეიძლება ასევე იყოს წმინდა წყლის ფინანსური ანგარება, პოლიტიკური ანგარებაც. შეიძლება ქუჩაში ამაყად დგომა არჩიონ, პარლამენტში მორიდებულად ყოფნას. გმირის იერი ქუჩაში აქვს ადამიანს, ხოლო პარლამენტში გმირობას ვერ იმსახურებს პოლიტიკოსი ხშირად. შეიძლება ზოგჯერ მართლა აქვთ იმის მოლოდინი, რომ რევოლუცია მოხდება და თუ ასე მოხდა, შემდეგ პარლამენტში შესულებს რევოლუციით მიღებული სიკეთეები აღარ ერგებათ.
თუ უნდა „გირჩს“ პარლამენტში შესვლა, ნულოვან ბარიერს საფუძვლად გამოიყენებს, თუ არ უნდა, იტყვის - „კი თანახმა ვარ, მაგრამ...“ კიდევ მიამატებს სხვა პირობას. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნულოვანი ბარიერი უსიამოვნო რამ არის: ნულოვანი ბარიერით ყველა ოპოზიციის დროშას დაიკავებს და შემოვარდებიან. სწორედ ნაციონალების ხმებს წაიღებენ. თუ ნაციონალებს ხმები დააკლდებათ, ეს უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, „ოცნება“ ამ წინადადებას ეთანხმება. გიწევთ ანგარიშს ოპოზიციასო, იძახის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილი უბრალოდ თავს იმართლებს და თვლის, რომ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე გამბედავი სწორედ თავად არის.
„სამმაგი გათვლაა - თითქოს თვითონ გამბედავია და შევიდა პარლამენტში, არ შეეშინდა ბულინგის და არის პრინციპული, მეორე ის, რომ მის გარდა კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში სურთ შესვლა, მაგრამ მისგან განსახვავებით მშიშრები არიან. მესამე - ჩნდება კითხვა, რომ ვიღაცას მართლა ხომ არ სურს პარლამეტში შესვლა და ვერ ბედავს?
რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, წინააღმდეგი არ ვარ, ამ შემთხვევაში უფრო მეტ პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება. 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენ კვლავ ვიხილოთ მაგალითად, სამპარტიული პარლამენტი. შესაძლოა, ოპოზიციამ განაცხადოს, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს ჩვენი პარლამენტში შეტყუება, რომ შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშაოს, რადგან ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, რომელიც ამ საარჩევნო სისტემას უკავშირდება.
შემდგომში ხელისუფლებას ექნება საფუძველი განაცხადოს, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და გვინდოდა საარჩევნო სისტემის ფორმირება, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიციის სინდისზე იყოს, რომ ცვლილებება ვერ განხორციელდა, რადგან ვერ შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.