ახალგაზრდა ადვოკატები რუსეთისგან ძველი ვალის დაბრუნებას ითხოვენ

ახალგაზრდა ადვოკატები რუსეთისგან ძველი ვალის დაბრუნებას ითხოვენ

„ახალგაზრდა ადვოკატთა“ ასოციაცია საქართველო-რუსეთს შორის დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესს ეხმაურება და ცდილობს, ახალი თემები შემოიტანოს, უფრო სწორად, თითქმის მივიწყებული ძველი გაიხსენოს. ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია, თუმცა, სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საკითხმაც, რომელიც საქართველოს და საქართველოს მოქალაქეთა ლეგიტიმურ მიზნებსა და მოთხოვნილებებს მიესადაგება.

ახალგაზრდა ადვოკატები მთავრობას მოუწოდებენ საბჭოთა ვალების დაბრუნების თემა წამოსწიონ.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების პარალელურად დააყენოს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, პირველი - საქართველოს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება საბჭოთა ოკუპაციის გამო რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის მიღება მოითხოვოს და მეორე - საქართველოს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური არგუმენტები რუსეთის ფედერაციისგან, როგორც საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრესგან  საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოთხოვნის“ - აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიესალმება ახალგაზრდა ადვოკატთა შემართებას, თუმცა აცხადებს, რომ ზოგიერთ თემაზე საუბარი ნაადრევია, ზოგზე კი უპერსპექტივო.

„საქართველოსთვის დეოკუპაციის საკითხი და დევნილთა დაბრუნება არის ცენტრალური, სასიცოცხლო საკითხი, მაგრამ ეს შტურმით არ კეთდება, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული, თანმიმდევრული მუშაობა. ვფიქრობ, ეს მუშაობა ნელ-ნელა დაიწყება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ პრობლემისგან ვერ გავთავისუფლდებით და პრობლემა შეიძლება ტრაგედიად გვექცეს. რაც შეეხება პირველ ორ თემას ეს ის თემებია, რომელიც საქართველოში დღის წესრიგიოდან არასდროს არ მოიხსნება და ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ინტენსიურად იმუშაოს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლება მონდომებულია და ამ მხრივ იდგმება გარკვეული ნაბიჯები. წინა ხელისუფლება გამოდიოდა საკუთარი ქვეყნის მტრად და ანტირუსული პოლიტიკა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე არსებობდა, რადგან საქართველოში რუსებს თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება ჰქონდათ და ფლობენ კიდეც სოლიდურ სიმძლავრეებს საქართველოში. ეს უნდა ყოფილიყო პოლიტიკური დარეგულირებისთვის გამოყენებული, მაგრამ როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. ქართველმა ხალხმა ამ ძალას გამოუტანა განაჩენი, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქაროთ, მაგრამ ეს არის ძალიან რთული საკითხი. მოითხოვს ძალიან საღ, გათვლილ და ზუსტ მქმედებას და იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ ეს პრობლემა დავუახლოვოთ გადაწყვეტას“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

გიორხელიძის შეფასებით, რაც შეეხება რუსეთის ვალების საკითხს და საბჭოთა ოკუპაციის თემების წამოწევას, ეს უკვე განვლილი ეტაპია, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით.

„მიმაჩნია რომ ეს სწორი იყო, ჩვენ გადავიხადეთ თავისუფლებისთვის ის, რომ საბჭოთა ვალებში არ ჩავძვერით, არ მოვითხოვეთ საბჭოთა კავშირის აქტივებიდან რამე და არც ვალებში მივიღეთ მონაწილეობა. ეს იქნებოდა რამდენიმე ათეული წლით გაგრძელებული საუბარი იმაზე, თუ რა გვეკუთვნის და რა არა და ისეთ მარაზმში ამოვყიფდით თავს, რომელიც უშედეგოდ დასრულდებოდა. მაშინ პარლამენტში ვიყავი, როდესაც მე, პირადად მხარი დავუჭირე იმას, რომ აღარ გვაინტერესებს არანაირი ვალები და ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა და თავისუფლება.

მე მესმის ახალგაზრდა ადვოკატებისა, ძალიან გულიანი და ენერგიული ხალხია, აშკარაა, მაგრამ არის პოლიტიკა, რომელიც თავის თამაშის წესსა და თავის თანმიმდევრობას ითხოვს. არ ვფიქრობ, რომ ძველი თემების წამოწევა შედეგიანი ან რეზონანსული იყოს“,- აცხადებს გიორხელიძე.

„ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ წერილით მიმართავს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძეს, რათა ოფიციალურ მოლაპარაკებებზე  საქართველოს მხრიდან დაისვას ზემოთხსენებული ორი მნიშვნელოვანი საკითხი და რუსეთის ფედერაციისგან  სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, მივაწოდოთ მასალები, მივაწოდოთ დოკუმენტები, რათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოხდეს საბჭოთა ოკუპაციის ზარალის დადგენა და საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პრობლემის სამართლებრივი ანალიზი. მეტიც, ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, რომლის შესწავლასაც ორგანიზაცია დღეიდან იწყებს, საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზი იქნება“ –  აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძე: „როგორც ჩანს, ახალგაზრდა ადვოკატები ძალიან ახალგაზრდები არიან, უაღრესად ნაადრევია მსგავს თემებზე ლაპარაკი. რაც შეეხება ლიტვას, მათ არაფერი მიუღიათ და რამდენად პერსპექტიულია მათი მოთხოვნა, ესეც არ ვიცი. ბატონ კარასინთან მოლაპარაკებათა დღის წესრიგში ეს საკითხები არ დგას არანაირად, ანაბრებზე საუბარი ძალიან ნაადრევად მეჩვენება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ.

თავის დროზე ამ ვალებზე ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ უარი თქვა.  ყველა საკითხის წამოწევა შეიძლება, მაგრამ ჯერ საკანონმდებლო ბაზას უნდა გადახედო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ უარი თქვეს ყველანაირ ვალზე და შეთანხმდნენ ნულოვან ვარიანტზე. იყო ასეთი შეთანხმება, რომ უარი ვთქვით აქტივებზეც და ვალებზეც, რადგან საბჭოთა კავშირსაც და საბჭოთა რესპუბლიკებსაც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალები და საბოლოოდ, შეთანხმდნენ ნულოვან ვარიანტზე, ანუ ამ ვალების განულებაზე.

მივესალმები „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ ინიციატივას, კარგია, საზოგადოება ასე აქტიურად რომ არის ჩართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების თემებში, მაგრამ ზოგიერთი თემა პერსპექტიულია, ზოგიერთი - აბსოლუტურად უპერსპექტივო“.

„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ საყურადღებოა საბჭოთა ოკუპაციის გამო კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ლიტვის სახელმწიფოს დღევანდელი მკვეთრი პოზიცია, რომელიც რუსეთისგან კომპენსაციის მიღებას ლიტვის მოქალაქეებისთვის მიმართ სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს:

„ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, სამართლიანობის აღდგენის საკითხადაა მიჩნეული რუსეთის ვალდებულებები, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დროს, ასევე მეანაბრეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე თვლის, რომ თავის დროზე საქართველოს შეცდომა იყო ნულოვან ვარიანტზე დათანხმება, თუმცა დღეს ამ საკითხის განახლება სრულიად უპერსპექტივოა.

„თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელმა ხელი მოაწერა ნულოვან ვარიანტს, რომელიც ამ ყველაფერს უარყოფს. ჩვენ უარი ვთქვით სახელმწიფო უსაფრთხოების ავუარებზე და ეს 150 მილიარდი მანეთი იყო. რაღაც პატარა ვალების გამო, ამ ნულოვანი ვარიანტით ჩვენ უარი ვთქვით  ჩვენს წილზე რუსეთის შეიარაღებაში. ანუ, რაც რუსული ბაზები იყო საქართველოში, მთელი შეიარაღება გვეკუთვნოდა ჩვენ. ყველა სხვა რესპუბლიკებმა გამოიყენეს ეს რესურსი.

რაც შეეხება ლიტვას, მას ნულოვან რუსეთთან ხელი ვარიანტზე არ მოუწერია. ეს პარიზის კლუბის, ჩემი აზრით, სრულიად დამამცირებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებით, დავუშვით ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური შეცდომა შევარდნაძის პერიოდში.

ამ საკთხებზე ლაპარაკის დაწყება სრულიად გამორიცხულია, რადგან ნულოვან ვარიანტზე ხელის მოწერით ამ ყველაფერზე უარი ვთქვით. ურჩიეთ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ შეისწავლონ ნულოვანი ვარიანტის ხელშეკრულება. ამაში შედიოდა ანაბრებიც, ეს ავუარი მოსკოვში იმყოფებოდა და დარჩა მოსკოვში“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ლიტვაში ამ თემაზე ლაპარაკი შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურ ძალას აწყობდა, რადგან რეალურად ლიტვისთვის უფრო სხვა თემები და მიმართულებაა საინტერესო.

„ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს. ლიტვა, ისევე როგორც ბალტიისპირეთის დანარჩენი რესპუბლიკები აუმჯობესებს რუსეთთან ურთიერთობას, არის ძალზე დიდი ეკონომიკური პერსპექტივები. ასე რომ, არის განცხადებები და არის რეალობა. ლიტვას არაფერს ეს თემა არ მისცემს და შესაძლოა, ეს არის რომელიმე პოლიტიკური ძალის წამოწეული. მესმის, შეიძლება კონიუქტურა იყო ისეთი, რომ ეს თემა მომგებიანი იყო. თუ პარალელებზეა ლაპარაკი, 9 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება რუსებს ლანძღავდა და აგინებდა, სინამდვილეში კარი ღია ჰქონდა რუსული კაპიტალისა და ბიზნესისთვის. შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენს პრობლემებში ვერ წავიწიეთ ვერც ერთი ნაბიჯით, პირიქით  უარაესად გავეჩხირეთ ამ პრობლემებში“,- აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ასე რომ, საქართველოსთვის მართლაც სასარგებლო იქნებოდა ვალი, რომელზეც 20 წლის წინ უარი ვთქვით, ქვეყანაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილებებიც მიიღება. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკი საქართველოს საკმაოდ ძვირად დაუჯდა. სავარაუდოდ, ამ თემებზე ლაპარაკის დაწყება, მითუმეტეს ამ ეტაპზე, წინასწარ ნიშნავს ჩიხს, სადაც ჩვენი ქვეყანა უკვე საკმაოდ დიდი ხანი იმყოფებოდა.