12 თებერვალი ბოლო ვადაა, როდესაც პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. მელია მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიდის და გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართავს, პარლამენტი იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტი შენობის წინ, აქციაზე გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, რომ შესულიყვნენ პარლამენტის ეზოში და არა პარლამენტში.
„ეს, რა თქმა უნდა, იყო მოწოდება. ეს არის გავრილოვის საქმის ფარგლებში დაკისრებული რაღაც სანქცია, რომელიც გულისხმობდა სამაჯურს, პასპორტის ჩამორთმევასაც და მერე ამიკრძალეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლის უფლებაც. გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ მელიას არ აქვს უფლება მიტინგზე სიტყვით გამოვიდეს, მაინც გამოვდიოდი.
20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ყველაფრის ერთ–ერთი შემოქმედი – ბატონი კობახიძე ისევ არის პარლამენტის წევრი და არის ის, ვინც არის. ეს ნამდვილად ჩემი პასუხისმგებლობაც არის. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულ ენაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 თებერვალს პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავების ორდერს გასცემს. მელიამ იცის, რომ მის მიმართ კანონით განსაზღვრული სასჯელი ამოქმედდება, ამიტომ პარტიამ შესაბამისი გეგმაც დასახა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრება მოინდომა, ამ პროცესის საწინააღმდეგოდ კანონიერი პიკეტის ფორმა იქნება გამოყენებული.
„მათ დღესაც შეუძლიათ ნიკა მელიას საკითხი ცალკე გამოიტანონ და გაუუქმდეს მანდატი, ვინაიდან მას განცხადება დაწერილი აქვს. ნიკა მელიასთვის არ არის საჭირო იმ ძალიან გრძელი და სამარცხვინო პროცედურის ჩატარება, რაც ერთხელ გააკეთა პარლამენტმა და ეს ისტორიაში შევიდა – ნიკა მელია მარტო მჯდომი თეთრ პერანგში, ეს კადრი ისტორიაში შევიდა როგორც ძალიან ხატოვანი სიმბოლო. მას აქვს დაწერილი განცხადება და (დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა) შეიძლება მოხდეს ერთ წუთში. რატომ არ აკეთებენ, თუ დაჭერა უნდათ? რატომ დაიწყო პროკურატურამ მუქარა? თუ გაკეთება უნდათ, გააკეთონ, მაგრამ მათ იციან, რომ ნიკა მელიას გარეთ ყოფნით, შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ მათ, ვიდრე ციხეში. ამას მოჰყვება, ძალიან დიდი მღელვარება. ნიკა მელიას დაკავება თუ უნდათ, მოვა პარტიის ოფისში და ის პარტიის ოფისი იქნება დაცული - ახლავე გეტყვით წინასწარ საიდუმლოს. მიდი და აიღე მაშინ ძალით იმიტომ, რომ ეს უსამართლოა. კანონიერი პიკეტის ფორმა იქნება გამოყენებული“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
მელია აცხადებს, რომ კანონს არ აღასრულებს და გირაოს არ გადაიხდის. შესაბამისად, პროკურატურას რჩება ერთი გზა – მიმართოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. ასეთ შემთხვევაში კი, პარლამენტი მზად არის იმსჯელოს მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მელიას მიმართ საპატიმრო თუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების საკითხი უშუალოდ ერთი ადამიანის, თავად ნიკა მელიას ხელშია.
„სიტყვა ეკუთვნის პროკურატურას და თავად დეპუტატს, ვისი ბედიც უნდა იქნას გადაწყვეტილი. მელიას არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ არ უნდა გადაიხადოს გირაო. არ არსებობს ახსნა და სწორად მოტივირებული მსჯელობა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია მომავალში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი მელიას ახლად გამოჩეკილ ლიდერს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მელია კანონს არ შეასრულებს, მკაცრად დაისჯება.
„ეს ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება! ყველას მოვუწოდებ, ეს იქნება პროკურატურა, სასამართლო თუ პარლამენტი, ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორობა იგივეა, რომ „ფაშისტურ პარტიასთან პარტნიორობდე და ებრაელი ერის გენოციდზე საუბრობდე“. შეუძლებელია ამათთან ერთად პოლიტიკურ მომავალზე საუბარი. ეს ადამიანები არ იცვლებიან“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ არსებობს კანონი, სახელმწიფო ამ კანონს გვერდს ვერ აუვლის.
„არსებობს კანონი, სახელმწიფო ამ კანონს გვერდს ვერ აუვლის, იმიტომ, რომ თუ ის არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს იქნება, ფაქტობრივად, სახელმწიფო ფუნქციების აღსრულებაზე უარის თქმა, ამიტომ სახელმწიფოს აქედან აქვს ძალიან მცირე გამოსავალი – გირაოს ფორმა ან აღუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც კანონითაა განსაზღვრული.
გირაოს არგადახდის შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებამ პროტესტის ტალღა ააგოროს, ამაზე იქნება, რა თქმა უნდა, განცხადებები. ეს ის თემაა, სადაც ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატაროს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გირაოს თანხის გადახდაზე უარის თქმა, პროვოკაციული ქმედებაა.
„მელიას განცხადება არის ზუსტად იმის პროვოცირებისთვის, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს და შემდეგ ატეხოს ყვირილი, დამიჭირესო. ეს ყვირილი გათვლილია უცხოეთსა და დასავლეთზე. ხოლო ბოლო პერიოდში ჩანს, რომ დასავლეთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით კი, მათი, ვინც უშვერი სიტყვებით აგინა, დამცველი არ იქნება. არ არის კარგად გათვლილი რას რა მოჰყვება. ხელისუფლებამ უნდა მკაცრად გაატაროს ის ხაზი, რასაც კანონი კარნახობს“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.