მოსალოდნელია თუ არა, რომ თანდათან, ნაცების გარეშე განვითარდეს ქართული პოლიტიკა? როგორც ცალკეული ოპოზიციონრები ირწმუნებიან, დასავლეთის მხრიდან მძლავრი ინტერესია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი ცენტრი, რომელსაც დასავლეთის სრული მხარდაჭერა ექნება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა აშშ-ში სხვადასხვა წრეებთან და მათ მოიწონეს ეს ინიციატივა. საუბარია იმაზე, რომ ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას „ნაცმოძრაობის“ გარეშე, რაც ორპოლუსიანი პარადიგმის შეცვლის საუკეთესო გზა იქნება.
როგორც ცნობილია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად კონსულტაციებს აწარმოებს „ლელოსთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ- ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მართლაც დაწყებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებთან, არამედ საზოგადოებრივად აქტიურ ცალკეულ პირებთან, რომლებიც შესაძლოა, „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდნენ.
შეიძლება თუ არა ე.წ. მესამე პოლიტიკურ ცენტრზე ვისაუბროთ „ევრონაცებთან“ გაერთიანების კონტექსტში, რომლებიც მაინც „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდებიან?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაცების გარეშე მესამე ცენტრის შექმნაში არაფერი გასაოცარი არ არის. ამ თვალსაზრისით „ევროპული საქართველო“ მოაზრებული იყო, როგორც ამერიკული პროექტი. ამას შეუერთდა კიდევ ორი პროდასავლური პარტია - „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. შესაძლოა, კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ ამ ძალებს და ეს ყველაფერი გახდეს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის წინაპირობა.
ვახტანგ მაისაიას თქმით, ნაცებმაც დაიწყეს ახალი თაობის მიზიდვა, მაგრამ ეს არაფერ სიკეთეს არ მოუტანს მათ, რადგან მათი ფიურერი პრორუსული ორიენტაციის მქონეა და ამერიკისთვისაც უკვე მიუღებელია სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ევრონაცებმა“ სამი კაციც კი ვერ გაიყვანეს პარლამენტში და მათზე მეტი გაიყვანა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც მერე მანდატები გადაულოცა „ევროპულ სოციალისტებს“, ამ გაურკვეველ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელიც სუპერ ხელოვნურადაა შექმნილი და შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკების გაერთიანებაა.
„თუ ასეთი ევროპული სოციალიზმი გვინდა, კარგად გვქონია საქმე. ინჯია და სხვები ნამდვილად არ არის ევროპული სოციალიზმი. ამერიკაში კითხვებია „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებითაც, ამერიკელებს აინტერესებთ, მმართველი პოლიტიკური პარტია რატომ არის სირაქლემას პოზაში, რატომ არ იჩენს აქტიურობას და მიუმხრობელ საგარეო პოლიტიკურ კურსს რატომ ავითარებს?! ასეთი პოლიტიკური სურათიდან გამომდინარე, მესამე პოლიტიკურ ცენტრზე ფსონის დადება რეალისტურია ამერიკის მხრიდან, განსაკუთრებით, ბაიდენის ადმინისტრაციას ექნება საქართველოსა და კავკასიის მიმართ სერიოზული ინტერესი, რადგან ამერიკა კარგავს აღმოსავლეთს, კავკასიას, ამიტომ ამერიკა შეცდება თავისი პოზიციები დაიბრუნოს კავკასიაში. ამერიკა ჯერ შავი ზღვის აკვატორიაში უნდა შემოვიდეს და გეოპოლიტიკურ სამკუთხედში (ცენტრალური აზია, კავკასია და აღმოსავლეთი), სადაც გავლენები უკვე დაკარგა, შემოაღწიოს და აღადგინოს თავისი პოზიციები“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ანალიტიკოსის აზრით, საფრანგეთის ელჩმაც გააკეთა მინიშნება, რომ საფრანგეთი აქტიურად მოახდენს ამ საკითხში ჩარევას და ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭებაც ზუსტად ეს ნაბიჯი იყო, რომ საფრანგეთმა შეიძლება აიღოს ევროკავშირის სახელით გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრის ფუნქცია და საქართველოზე გააკეთოს აქცენტი. ეს მიანიშნებს, რომ ამერიკელებს აქ სერიოზული დასაყრდენი სჭირდებათ. ამიტომ შემთხვევითი არ იყო გიორგი ვაშაძის ყოფნა ვაშინგტონში.
„ამერიკელთა დასაყრდენი უკვე აღარ არის არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“. პრინციპში, „ქართული ოცნება“ ისედაც არ არის პოლიტიკური პარტია, ბიძინა ივანიშვილი კი შეეცადა, პოლიტიკური პარტიის სახით ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ეს გადაიქცა კლანური დაჯგუფებების ერთობლიობად და კონიდიუმი უფროა, ვიდრე პოლიტიკური პარტია. მასში შემავალ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს პროდასავლური ორიენტაცია, რომლებზეც ამერიკელებმა შეიძლება დადონ ფსონი, მაგრამ ეს ჯგუფი რამდენად გავლენიანია, ეს ცალკე საუბრის თემაა“, - ფიქრობს ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ, თუ „ლელო“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაერთიანდებიან, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ამომრჩეველთა დაახლოებით 15-20%-ის მხარდაჭერა მიიღონ. ამიტომაც ამ სამი პროდასავლური ძალის გაერთიანება საჭიროც კია.
„მოგეხსენებათ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამ არჩევნებზე მიიღო დაახლოებით 3%, „ევროპულმა საქართველომ“ - 5%, „ლელომაც“ - 5%, ხმათა ეს რაოდენობა არც ერთი ამ პოლიტიკური პარტიისთვის არ არის საკმარისი. გაერთიანების შემთხვევაში კი, შესაძლებელია, მათ ერთად უფრო მეტი ხმა მიიღონ, თუნდაც იმავე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. რაც შეეხება იმას, გადაიქცევიან თუ არა ისინი მესამე პოლიტიკურ ცენტრად, ეს დამოკიდებულია, როგორი მხარდაჭერით ისარგებლებს ახალი პოლიტიკური ცენტრი, ეყოლებათ თუ არა მხარდამჭერები. ალბათ, მათ ეყოლებათ მხარდამჭერები, 10%-ზე მეტი მაინც, თუკი სამივე პარტია გაერთიანდება. შეიძლება, ამ გაერთიანებას მთლად მესამე ცენტრი ვერ დავარქვათ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შედარებით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.