„ოპოზიცია თუ დარწმუნდება, რომ ქუჩიდან აქციების აგორება არის შეუძლებელი, უკვე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვფიქრობ, რომ ამაში მალე დარწმუნდებიან“

„ოპოზიცია თუ დარწმუნდება, რომ ქუჩიდან აქციების აგორება არის შეუძლებელი, უკვე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვფიქრობ, რომ ამაში მალე დარწმუნდებიან“

ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებამ მეორე შანსი მისცა, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და შევიდნენ პარლამენტში. თუმცა, რჩება მეორე გზაც - დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, რაც ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილის თქმით, შესაძლოა, ერთგვარი რევანშისტული გამოსვლით დასრულდეს. გარკვეული წრეებში არც იმას გამორიცხავენ, რომ ოპოზიცია კიდევ ერთი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის ფონზე, 2 თებერვალს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„ქართულმა ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით აამოქმედეს საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟის პრევენციული მექანიზმი და, ამავდროულად, ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შანსს აძლევენ.

ამ ყველაფრის ფონზე, ოპოზიციურ სპექტრში ვხედავთ გარკვეულ დაპირისპირებას, რაც ურთიერთბრალდებებში გადადის. გვესმის ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებებიც, რაც უფრო მეტ ასახვას ჰპოვებს, ერთ დროს ცნობილ, ოპოზიციურ ერთობაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად თავს „გირჩს“ ესხმის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, თუკი „გირჩელები“ პარლამენტში პოლიტიკური შეთანხმების გარეშე შევლენ, ეს „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასი იქნება.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ეს განცხადება თითქოსდა ეჭვს აჩენს, რომ „გირჩს“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე For.ge ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, ოპოზიციური სპექტრი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას თუ პროცესები კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს?

- თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, დაიწყება ქუჩის აქციები. ოპოზიციას მეტი არაფერი დარჩენია, უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეს პროტესტი იყოს, მაგრამ დღეს ზოგადად, ქვეყანაში არ არის ისეთი ვითარება, რომ ქუჩის აქციები აგორდეს. რას და როგორ გააკეთებს ოპოზიცია, ვერ გეტყვით. თუ ქუჩაში დარჩება ოპოზიცია, მას აქვს ერთადერთი მექანიზმი - მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება.

ბოლო პერიოდში ვხედავთ „გირჩის“ მისამართით „ხელის გაშვერას,“ რომ პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს მოსალოდნელი?

- იფიცებიან, რომ არ შევლენ. როგორც ამბობენ, წესით არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. თუ ისეთი რამ მოხდება, რაც მათ აზრს შეაცვლევინებს, ეს სხვა თემაა. ჯერჯერობით მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, თუმცა გააჩნია პროცესი სადამდე გაგრძელდება. ვგულისხმობ იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეპუტატის მანდატების გაგრძელება.

თუ ეს გაგრძელდება დიდხანს, არა მარტო „გირჩი“, არამედ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც შესაძლოა, ვიხილოთ პარლამენტში.

ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც დღეს არის, თუ დარწმუნდება, რომ ქუჩიდან აქციების აგორება არის შეუძლებელი, ისინი უკვე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან მალე დარწმუნდებიან.

„გირჩის“ გარდა, კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში?

- შეიძლება ვიხილოთ პარტიების ცალკეული პირები. ყველა შეიძლება იყოს, „ნაციონალური მოძრაობიდან,“ „ლელოდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდანაც.“ ასეთი ვარიანტები რომ არის, ცხადია.