გადადგება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებამდე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და იქნება თუ არა მისი გადადგომა ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის შეთანხმების მთავარი თემა, ჯერჯერობით უცნობია. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ხელისუფლებას ფაქტობრივად ულტიმატუმს უყენებენ და ამბობენ, რომ მათ მიერ „ოცნებასთან“ გაფორმებული მემორანდუმი ამის გარანტორი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1-ელი მარტისთვის მანდატებზე უარს იტყვიან და პარლამენტს დატოვებენ. მმართველ გუნდში ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებებისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეული პოზიციების შესაჯერებლად მათ ერთი კვირა სჭირდებათ, ხოლო ჟვანიას გადაყენებაზე საუბრი ჯერჯერობით ნაადრევია.
როგორ უნდა მოხდეს ჟვანიას გადაყენება, უცნობია, რადგანაც ის ცესკოს თავმჯდომარედ 2023 წლამდე არის არჩეული. პარლამენტში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა საარჩევნო დავებთან, ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
შეხვედრას საელჩოების, NDI-ს, IRI-ს, მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოქალაქეები“ ამბობენ, რომ შეხვედრაზე, რომელიც „ოცნებასთან“ გაიმართა კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს. ეს ცვლილება კი ძალიან მალე განხორციელდება. მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივები 1-ელ მარტამდე კანონპროექტად უნდა იქცეს, ხოლო ამ დოკუმენტმა უკვე 1-ლი მაისისთვის კანონის სახე უნდა მიიღოს.
„დოკუმენტი ჟვანიას პერსონალურ ცვლილებას არ ითვალისწინებს, მაგრამ რეფორმა ცესკოს სხვაგვარად დაკომპლექტების წესს გულისხმობს. შესაბამისად, ამ დაკოპლექტების წესში ჟვანია თავმჯდომარედ ვეღარ დარჩება. ჟვანია რომ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს, ამაზე მე მგონი მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყანას უკვე ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს. ამიტომ ახალი თავმჯდომარის არჩევა თუ მოხდება ჟვანია ავტომატურად ხომ გადადგება“, - აცხადებს ლევან იოსელიანი for.ge-სთან.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე კი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება, ამიტომაც მისი გადარჩევა როგორ მოხდება, მისთვის გაუგებარია, ხოლო შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.
„ცესკოს ადმინისტრაციის დღეს მოქმედი წევრები, 6 პარლამენტის მიერ არის არჩეული, თამარ ჟვანია სხვა წესით და დანარჩენები პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულები. მათ უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურებათ. შესაბამისად ამ ვადის ფარგლებში, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა“, - აცხადებს შარაბიძე.
საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის წევრმა და ჯგუფის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მემორანდუმი ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას არ ითვალისწინებს და ის გარკვეული ვადით არის არჩეული.
„რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, ის არის გარკვეული ვადით არჩეული, ამიტომ ეს არ არის ამ მემორანდუმის განხილვის საკითხი. მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები. მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებს, სისტემას და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული მათ შორის მოლაპარაკების პროცესი. სწორედ ამიტომ, პიროვნებები და პიროვნული საკითხები არ არის მემორანდუმის ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ცესკოს მიმართ არაერთი პრეტენზია გაჟღერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ამიტომ მოლაპარაკებების ფარგლებში ხდება შეთანხმება სისტემაზე და არა კონკრეტულ ადამიანებზე.
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თამარ ჟვანიას შეცცვლა „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციას დამატებით მანიპულაციების საშუალება არ მისცეს და ისევ არ იძახონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ პოსტზე ჟვანია დარჩება, მიუხედავად იმისა, რა წვლილი მიუძღვის მას და გააფუჭა თუ არა რეალურად რამე, ოპოზიცია მას ისევ წამოაძახებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას, თუკი რეალურად საარჩევნო სისტემის ცვლილება უნდა, ოპოზიციას ჟვანიას თემით ბოიკოტის გამოცხადების საბაბი აღარ უნდა მისცეს. ამ მნიშვნელოვანი საკითხის გაფეტიშება არ უნდა მოხდეს.
„მე თუ მკითხავს კაცი, თამარ ჟვანიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და „ოცნებას“ ეს ტვირთი უნდა მოხსნას. როცა ასეთი კრიზისული სიტუაციაა, უმჯობესია, რომ ჟვანია ნებით წავიდეს და ეს თემა ისევ საჯილდაო ქვად არ იქცეს. თუ საარჩევნო კოდექსზე შეთანხმება იქნება, ეს საკითხი ამ რეფორმის განხორციელებას ხელს შეუშლის. ჩათვალეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები როგორ კარგადაც არ უნდა ჩატარდეს, ოპოზიცია თუკი ჟვანია კვლავ თავმჯდომარე იქნება, მაინც იყვირებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
მისი დატოვებით ხელისუფლება ისევ დამატებით თავის ტკივილს იქმნის და მისთვისვე უმჯობესია, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. გააყალბა თუ არ გააყალბა არჩევნები ჟვანიამ, ამაზე არ ვსაუბრობ. ის ცამდე მართალიც რომ იყოს, ეს დღეს ოპოზიციისთვის ძალიან კარგად გამოსაყენებელი თემაა. მაგალითად, მურუსიძემ ყველა საქმე როგორ კარგადაც არ უნდა წარმართოს, მას იმ ერთ შეცდომას, რომელიც გირგვლიანის საქმეში დაუშვა, ყოველთვის შეახსენებენ. ჟვანიასთვისაც ჯობია, თუ მას სამომავლოდ თავისი კარიერა და მომავალი ანაღვლებს, ამ უბედურებას თავი უნდა დააღწიოს“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას თავისი პროცედურები აქვს, ამიტომაც თუკი მისი გადაყენების საკითხი დადგება, სამართლებრივად ყველა ნორმის დაცვით უნდა მოხდეს. ანაჯაფარიძე ამბობს, რომ ამას მმართველი გუნდი როგორ მოახერხებს და შეეშველება თუ არა ამაში თავად ჟვანია, ეს მათი გადასაწყვეტია.
„ოცნება“ ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ ბევრი ოპოზიციონერის ამ კომისიაში შეყვანა უნდა. კომისიაში ოპოზიციის ფართო მონაწილეობა არა მარტო ადგილობრივი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე უნდა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის დემონსტრირებისთვის. ამიტომაც ბევრი ფქტორია ერთმანეთთან გადაჯაჭვული. შესაბამისად, თქვენს კითხვაზე უნდა გადააყენოს თუ არა „ოცნებამ“ ჟვანია - უფრო კის ვიტყოდი, ვიდრე არას. იმის ალბათობას, რომ ჟვანია არ გადააყენონ უფრო ნაკლებად ვხედავ. ალბათ, რაღაცა ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნება, რომ ყველა მხარემ სახე შეინარჩუნოს“, - აცხადებს ანჯაფარიძე for.ge-სთან.