ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემის წამყვანები სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი პირდაპირ ეთერში მათ მიერ ელტონ ჯონის მისამართით გამოთქმული პირადი მოსაზრებები გახდა, რამაც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ აღშფოთება გამოიწვია.
„იდენტობა“ წამყვანებს ჰომოფობიურობაში ადანაშაულებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს.
დავით ქაცარავა კი თვლის, რომ მათი ქმედება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს არ გასცილებია. უფრო მეტიც, მათ, როგორც წამყვანებმა, კომენტარი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გააკეთეს, რაც ერთსქესიანი წყვილების ქორწინებასა და მათ მიერ ბავშვების ყოლას არ აღიარებს.
მართალია, დილის გადაცემის წამყვანების გამო „იმედის“ გადაცემა „ქრონიკამ“ ბოდიში მოიხადა, მაგრამ სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა არ თვლიან, რომ ბოდიში მოსახდელი აქვთ. პირიქით, მათი აზრით, დილის ეთერში არ შეიძლებოდა იმის პროპაგანდა და გაღიმებული სახით იმის გამოცხადება, რომ თურმე რა კარგია, რომ ერთსქესიანმა ოჯახმა დამატებით მეორე შვილი შეიძინა. „ასე რომ მომხდარიყო, ეს უფრო მეტი დანაშაული იქნებოდა“, - მიიჩნევს სალომე გოგიაშვილი.
დილის გადაცემის წამყვანებს გათავისუფლების შესახებ ორშაბათს ეცნობათ, თუმცა ისინი ეთერში 18 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილან. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანები დღემდე მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიას მათი დაცვა შეეძლო, ისინი „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებენ.
For.ge ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს ესაუბრა.
- ტელეკომპანიამ ჩვენ გამოგვიშვა. არ ვიცი, რა კომენტარს გააკეთებენ ახლა. ალბათ, იტყვიან, რომ მათ არ გამოვუშვივართ და ჩვენ თვითონ წამოვედით. რეალურად, მათ ჩვენ ეთერიდან მოგვხსნეს განუსაზღვრელი ვადით და შეგვიწყვიტეს არარსებული კონტრაქტი, რომელიც დადებული არ გვქონია. აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებაც ასეთი იყო, რომ წამოვსულიყავით, რადგან, როცა ხელმძღვანელობა გეუბნება, რომ ეთერში არ უნდა იჯდეთ და როდის დაბრუნდებით, კაცმა არ იცის, თანაც, ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ შენ თვითონვე მიხვიდე ამ გადაწყვეტილებამდე, ლოგიკურია, მეც და დათოც წამოვიდოდით. რაც ყველაზე საწყენი იყო, იმის ნაცვლად, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას დაეცვა თავიანთი ჟურნალისტები, პირიქით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გაგვემიჯნენ. არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც უფრო მკვეთრად ჩანს, რომ მათ დაიჭირეს ორგანიზაცია „იდენტობის“ მხარე, ვიდრე თავიანთი ჟურნალისტების.
„იმედის“ ეთიკის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ელტონ ჯონის შვილების მისამართით არ უნდა გეთქვათ, რომ ნამდვილად არ გშურთ ამ ბავშვების, რომლებსაც ორი მამა ეყოლებათ. თუმცა, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, ფარისევლობა იქნებოდა, თუ იტყოდით იმას, რასაც არ ფიქრობდით და ეს თავისუფალი აზრის გამოთქმის დაბრკოლება გამოვიდოდა.
- პირდაპირ ეთერს ის სპეციფიკა აქვს, რომ რა დროს რა შეცდომა გაგეპარება, არავინ იცის, შეიძლება, ელემენტარული შეცდომაც დაუშვა. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. თუ ვილაპარაკებთ ტელევიზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით, რადგან კონტრაქტი არ გვქონდა დადებული, ისინი თვლიან, რომ შეცდომა დავუშვით. ამიტომაც ჩვენგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს პირდაპირ ეთერში. ეს ლოგიკურია, რადგან წამყვანები ვიყავით და პირდაპირ ეთერში უნდა მოგვეხადა ბოდიში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რადგან, ჯერ ერთი, არ ვთვლით თავს დამნაშავედ, მეორეც, ადრესატს ვერ ვხედავდით, ვისთვის უნდა მოგვეხადა ბოდიში. ის ხალხი, რომლებიც დღეს ითვლებიან უმცირესობაში, ჩვენნაირად ფიქრობენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უმცირესობის წარმომადგენელი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, რადგან ისინი თავს არ მახვევენ თავიანთ პირად ცხოვრებას და ყველას თავისი არჩევანი და თავისი გზა აქვს. მაგრამ, როცა საქმე ეხება ბავშვს და მის უფლებებს, აქედან გამომდინარე, ჩემს კომენტარშიც დავაფიქსირე ბავშვის უფლებები და გამოვხატე წუხილი იმ ბავშვის გამო, რომელიც გაიზრდება და ორი მამა ეყოლება - №1 და №2 მამების სახით.
თქვენ ახსენეთ, რომ თქვენს მეგობრებს შორის არიან უმცირესობის წარმომადგენლებიც. მათგან რა რეაქცია წამოვიდა თქვენი ეთერში გასვლის შემდეგ და შენიშვნები ხომ არ მიგიღიათ, რადგან ისინი მტკივნეულად აღიქვამენ ყველანაირ ნათქვამს.
- არ ვიცი, რამდენად მოუნდებათ მათ საჯაროდ გამოჩნდნენ, ალბათ, არც მოუნდებათ ამის განსაჯაროება, მაგრამ მათ მითხრეს, თქვენ რომ ეს კომენტარი არ გაგეკეთებინათ, ჩვენ აუცილებლად ვიტყოდითო, რადგან ერთია, ჩვენ რა გზა ავირჩიეთ, მაგრამ მეორეა, არაჯანსაღი მიდგომა ბავშვებთან მიმართებით. არ არის ნორმა, როდესაც ორი კაცი, ქალისა და მამაკაცის ფუნქციით, ზრდის ბავშვს. ჩემს მეგობრებს, უმცირესობიდან, ჰყავთ ოჯახები და ისინი ამბობენ, რომ არ სურთ ამავე გზას დაადგნენ მათი დისშვილები და ძმისშვილები, ახალგაზრდა ბიჭები. ეს ადამიანები ჯანსაღად აზროვნებენ და მივესალმები მათ აზროვნებას. აი, იმათ კი, ვინც სხედან ტელევიზორთან და ერთი სული აქვთ, რაღაც დაიჭირონ და აქედან გრანტები მოიპოვონ, ან პროვოკაციულ გარიგებებზე წავიდნენ, ეს ჩემთვის მიუღებელია. ამას უმცირესობის წარმომადგენლებზე კი არა, ზოგადად, პროვოკატორ ადამიანებზე ვამბობ. ყველაზე მთავარი რაც არის, სამართლებრივად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, თუ კარგად მოისმინეს მათ და არა მგონია, კარგად მოესმინათ, ჩვენი მხრიდან უმცირესობისადმი შეურაცხყოფა არ ყოფილა. არც მე და არც დათოს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ამ ადამიანებისთვის. უბრალოდ, ჩვენ გამოვთქვამდით წუხილს იმ ბავშვზე, რომელიც იშვილეს, რომელსაც არ აქვს თავისი სურვილისა და ნების გამოხატვის უნარი. თავისი მცირეწლოვნების გამო იგი აღმოჩნდება ასეთ ოჯახში და აუცილებლად გაიზრდება არასრულფასოვანი და დაკომპლექსებული.
თქვენ აცხადებთ, რომ სხვა არხების ჟურნალისტებსაც მსგავსი გადაცდომები დაუშვიათ, თუმცა ისინი დაუნდიათ. თქვენს მიმართ რატომ იყო ასეთნაირად გამოხატული პოზიცია?
- მე ესეც ვახსენე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა მსგავსი რეპლიკა გაუშვა თავის გადაცემაში. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს შეცდომა არ არის, მაგრამ მან მსგავსი რამ განაცხადა.
ანუ ელტონ ჯონზე და მის ოჯახზე?
- არა, ზოგადად უმცირესობის წარმოამდგენლებზე. ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მოითხოვეს ბოდიშის მოხდა ნანუკასგან, თუმცა მაშინ ტელევიზია გვერდში დაუდგა ნანუკას და ეს პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდა, არც ნანუკა გაუშვიათ არხიდან.
მაგრამ მაშინ „იმედის“ ხელმძღვანელობა სხვა იყო.
- ხელმძღვანელობა სხვა იყო, თუმცა მე იმ ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ შემდეგ უკვე წამოვედი ტელეკომპანიიდან. თუნდაც იმ ხელმძღვანელობის მმართველობის ქვეშ მყოფმა ნანუკამ მაინც მოახერხა თავისი უფლებების დაცვა და მათ შეინარჩუნეს თავისი ჟურნალისტი, ეს ლოგიკურია. მსგავსი პრეცენდენტი „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერშიც მოხდა და მაშინაც ხელმძღვანელობამ დაიცვა თავიანთი ჟურნალისტები.
როგორ ფიქრობთ, აქამდეც ხომ არ იყო თქვენს მიმართ ნეგატიური განწყობა, რადგან ასე უცებ, ალბათ, არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას თქვენი გამოშვების შესახებ.
- ნეგატიური განწყობა თავიდანვე არ იგრძნობოდა. უბრალოდ, მე ვფიქრობ, არასწორი მენეჯმენტის ბრალია და იმ არაპროფესიონალების, რომლებიც კურირებენ გარკვეულ გადაცემებს.
ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სოლიდურად დაეჯარიმებინა ტელეკომპანია „იმედი“ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადების გამო. იქნებ, ამ ჯარიმების შიშით აიხსნება მათი დამოკიდებულება?
- ეს თემა იურისტებთანაც გავიარეთ და ეთიკის დამცველ საბჭოსთანაც. არანაირ ჯარიმაზე არ ყოფილა საუბარი და მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლება, ტელევიზია დაეჯარიმებინათ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე, მით უმეტეს, აღარ არის საუბარი.
საბჭოს წევრებთან არ გაარკვიეთ სიმართლე და არ გქონდათ მცდელობა, ტელეიმედზე დარჩენილიყავით?
- მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია, რადგან არ გვეგონა, ელემენტარული კომენტარისგან ამხელა პრობლემა თუ შეიქმნებოდა. ჩვენ შევხვდით ეთიკის საბჭოს, ვიმსჯელეთ და მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ უბრალოდ, ჩვენ უნდა გვცოდნოდა ნორმები, რომლებიც არ გაგვაცნეს და მომდევნო ეთერში, როდესაც გამოვიდოდით, მინიმუმ, ან შევასწორებდით, ან გადავაკეთებდით ამ ყველაფერს. მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეთერიდან ჩვენი უვადოდ მოხსნა. შემდეგ უკვე გვითხრეს, რომ ამერიკელები ჩამოვიდოდნენ და მათთან ერთად გავივლიდით ამ საკითხებს და ისინი გადაწყვეტდნენ, როდის დავბრუნდებოდით ეთერში. ამ დროს კი ამერიკელები არიან მათი დაქირავებული კონსულტანტები, რომლებიც საერთოდ არ წყვეტენ ამ პრობლემას. ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ ბევრი ტყუილი ითქვა. ზრდილობიანი ფორმით, ეს ნიშნავდა, რომ მათ ჩვენ გაგვათავისუფლეს ეთერიდან.
სხვა შემოთავაზება არ მიგიღიათ?
- მე შემომთავაზეს გადაცემის გაკეთება, ოღონდ, სხვა ხალხმა. ერთი პერიოდი, ჩემი სპონსორების და პროდიუსერისგანაც იდეა წამოვიდა, „იმედზე“ ხომ არ გაგვეკეთებინა გადაცემა, მაგრამ იმის გამო, რომ ვხვდები, რა არაპროფესიონალებთან მაქვს ურთიერთობა და შეიძლება, ხვალ მსგავსი ან თუნდაც არამსგავსი, უფრო მარტივი შეცდომის გამო იგივე პრობლემა შემიქმნან, იქ დარჩენის სურვილი არ მაქვს.
სად აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?
- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. მოხარული ვარ, რომ ახლა მაქვს შესაძლებლობა, ამ ყველაფრისგან დავისვენო, მერე უკვე მშვიდ გონებაზე გადავწყვეტ სად გავაგრძელებ მუშაობას და რას გავაკეთებ. ეს მწარე გამოცდილებაა, მაგრამ კარგია, რადგან შეცდომებზე სწავლობს ადამიანი. მეც ერთი რამ გავიგე, როდესაც სადმე მიდიხარ სამუშაოდ, პირველ რიგში, ხელმძღვანელობასთან უნდა გქონდეს შეხვედრა, რომ გაიგო, ღირს თუ არა მათთან კონტრაქტის გაფორმება. ამიტომ პირველ რიგში, ხელმძღვანელობას შევხვდები.
საინტერესოა, არარსებული კონტრაქტის მიუხედავად, როგორ დაიწყეთ მუშაობა?
- ჩვენ ძალიან სწრაფად გავედით ეთერში. ზოგჯერ, სანამ კონტრაქტს გააფორმებენ და საბუთები შეგროვდება, ასეთი რამ ხდება. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ტელევიზიისთვის პრობლემა და ცივილიზებულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია. რომ გითხრათ, კონტრაქტის დადების გაწელვამ გვანერვიულა-თქო, მოგატყუებთ. გვეგონა, ეს პრობლემა არ იქნებოდა.