საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მტკიცედ სწამდათ და ეხლაც სწამთ, რომ პოლიტიკა ქუჩიდან იწყება და ქუჩაშივე კეთდება. ამ რწმენას დიდწილად განამტკიცებდა და განამტკიცებს ის სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე, რაც ქვეყანაში გვქონდა ბოლო 30 წლის მანძილზე და გვაქვს ახლაც. მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის პირობებში ეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა სრულიად წარმოუდგენელი იყო ქუჩის აქციების, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ერთ-ერთი ინსტრუმენტის გარეშე.
ტოტალიტარული რეჟიმის ბევრი ნიშნის მატარებელი სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან გასტუმრება დიდი ალბათობით ვერ მოხერხდებოდა, თუკი ქუჩის მასობრივი აქციებით ხალხი საკუთარ მტკიცე ნებას არ დაანახებდა როგორც რეჟიმს, ისე მის გარე მხარდამჭერებს.
ერთი სიტყვით, ქუჩას ჩვენს პოლიტიკაში ყოველთვის ეთქმოდა და ეთქმის თავის წონიანი სიტყვა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური ლიდერობის დეგრადაციის ფონზე, პროპორციულად განიცდის დეგრადაციას პოლიტიკის ქუჩაში კეთების შესაძლებლობაც.
სავსებით გასაგები მიზეზების გამო ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მოსწონს და არ უნდა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასვლა. ქუჩის აქციები დიდი ალბათობით არ უნდა სურდეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. სამი ათწლეულის მანძილზე ისინი გვარიანად გადაიღალნენ ქუჩის მიტინგებით, რომლებითაც დიდი სარგებელი ვერ ნახეს. სამაგიეროდ ნახეს, რომ ქუჩის აქციებით კარგად და მსუყედ ისარგებლეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ძალიან სწრაფად დაივიწყეს ისინი, ვინც ქუჩის პოლიტიკის მასალად გამოიყენეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისინიც, ვინც სწორედ ქუჩის მეშვეობით ამოიწია სოციალური თუ პოლიტიკური ფსკერიდან.
დღეს, როდესაც პოლიტიკის ქუჩაში გადანაცვლების საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში მათთვის, ვინც არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ჯიუტად არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი დაუდგათ მათ მხარდამჭერებსაც. რა თქმა უნდა, თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა დღეს ქუჩის პროტესტი ის, რაც მას სჭირდება.
აი, როგორ ახდენენ ქუჩის პროტესტის სარგებლიანობის დამტკიცებას ქუჩის პოლიტიკის აპოლოგეტები. ისინი ირწმუნებიან, რომ თუკი საზოგადოება პროტესტს არ მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ ის კომაშია ჩავარდნილი. მათ რომ ჰკითხო, უაპელაციოდ დაგიწყებენ დარწმუნებას, რომ ქუჩის პროტესტს ეწინააღმდეგებიან მხოლოდ უკიდურესად გულგრილი და ზნეობისგან დაცლილი ადამიანები. სწორედ ასეთად ცდილობენ წარმოაჩინონ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა, დღეს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ადრე, ფიქრობს, წავიდეს თუ არა მიტინგზე, რომელიც სხვებზე უფრო მეტად კრიტიკულად უყურებს და აფასებს, თუ ვინ იწვევს მათ მიტინგზე, რატომ, რისთვის და ა.შ.
თავის დროზე, ემანუილ კანტმა დაწერა, „ადამიანი თავისუფალია მაშინ, თუ იგი უნდა დაემორჩილოს არა სხვა ადამიანს, არამედ კანონს“. მცირე შესწორებას გავაკეთებდი, ჩვენი თანამედროვეობის გათვალისწინებით. თავისუფალი ადამიანი ემორჩილება სამართლიან და მის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ კანონებს. უსამართლო კანონებს თავისუფალი ადამიანი არაფრის დიდებით დაემორჩილება და სწორედ ამით სარგებლობენ და ამაზე აკეთებენ გათვლას სხვა ადამიანები, რომლებსაც მასების მართვა და დამორჩილება სურთ.
თუმცა, როგორი ცუდი კანონებიც არ უნდა გვქონდეს, ცდებიან ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ხალხი მასობრივად გაჰყვება და დაემორჩილება გუბაზ სანიკიძეს, ნინო ბურჯანაძეს, ნიკანორ მელიას, გიგა ბოკერიას ან გიგი უგულავას.
თუმცა იგივე ხალხი, რომელსაც ბევრი და მძიმე კითხვა დაუგროვდა ხელისუფლებასთან და არ სურს „მრუდე სარკეების“ სახელმწიფოში ცხოვრება, ყოველთვის ისარგებლებს ქუჩით, რომ ხელისუფლებას უთხრას: „ჩამოდით ღრუბლებიდან - აქ მიწაზე თქვენს მიმართ კითხვები დაგვიგროვდა!“
საქართველოში, სადაც დემოკრატიისა და თავისუფლების ცნებები ისე დაამახინჯეს, რომ ლამის საზოგადოების უმრავლესობა განაწყვეს მათ წინააღმდეგ, მაინც ავად თუ კარგად ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც გალიაში ვერ დაამწყვდევ და პირს დიდხანს ვერ ამოუკეტავ. იქნებ სწორედ ამიტომაც არის, რომ ხელისუფლება ბევრისთვის მიუღებელ და გაუგებარ ტოლერანტობას ავლენს სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიტინგური აქტივობების მიმართ, თუნდაც ისინი კანონს ეწინააღმდეგებოდეს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლებას არ სურს ადგილობრივი „მაიდანის“ პროვოცირება. თუმცა, მედალს მეორე მხარეც გააჩნია, მოქალაქეთა უმრავლესობისათვის ხელისუფლების გადამეტებული ლიბერალიზმი რადიკალების მიმართ სისუსტედ და სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიად აღიქმება და არანაკლებ უწყობს ხელს „რევოლუციური“ განწყობების მომწიფებას. ეს მით უმეტეს ცხადად იგრძნობა დღეს, როდესაც მასების მობილიზება Tik-Tok და Facebook მეშვეობითაც შეიძლება.