ირმა ინაშვილის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართვაზე

ირმა ინაშვილის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართვაზე

გავეცანი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართვას საქართველოს მთავარი პროკურორისადმი, სადაც ბატონი ლორთქიფანიძე ბელგიის სამეფოში ლადო ბედუკაძის გადაადგილების დეტალებით ინტერესდება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე ბრიუსელში ჩვენ ჩავიყვანეთ. მართალია, თავად ბედუკაძე ამტკიცებს, რომ ის მთელი ამ საგამოძიებო სქემის ( ანუ ციხის კადრების გადაღება-გავრცელების) ორგანიზატორია, მაგრამ, ცხადია, ეს არის სიცრუე. ვლადიმერ ბედუკაძე ჩვენი გამოძიების  მხოლოდ თანამონაწილე გახლდათ. ორგანიზატორი კი, ვიმეორებ, იყო „ობიექტივი“ და „წინააღმდეგობის მოძრაობა“. სწორედ ჩვენ „ჩავიტანეთ“ ბატონი ბედუკაძე ბრიუსელში.

ადრეც მითქვამს, რომ თანამოაზრეები და მოკავშირეები ჩვენ გვყავდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა სტრუქტურებში. ამას არც ახლა უარვყოფ და ხაზგასმით ვამბობ: ეს ადამიანები არიან საქართველოს პატრიოტები, რომლებიც ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და, სხვათა შორის, ახალი ხელისუფლებისათვის კარგადაა ცნობილი მათი დამსახურების შესახებ. ისინი დღესაც თავიანთ ადგილებზე მუშაობენ. არ ვიცი, შევძლებდით თუ არა ამ ადამიანების დახმარებით საქართველოში გაგვეკეთებინა ვიზა ბედუკაძისთვის, ან მოვახერხებდით, თუ არა საკონსულოს, ან სახელმწიფო პროტოკოლისა, თუ სხვა სამსახურების ჩართვას, - ე.წ. შენგენის ვიზით  ბედუკაძის  უზრუნველყოფის საქმეში - არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბატონ ბედუკაძეს ვიზა ჩვენ თურქეთში გავუკეთეთ. აქვე ერთსაც ვიტყვი - თუ სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურშიც გვყავდა მოკავშირეები, რომელთა დახმარებითაც ბედუკაძეს ვიზა გავუკეთეთ, ეს მხოლოდ ჩვენს სიძლიერეზე მეტყველებს და იმაზე, რომ აბსოლუტურად სწორად ვმოქმედებდით სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.

არ დაგიმალავთ, ვწუხვარ, რომ საუბარი დიმიტრი ლორთქიფანიძეზე მიწევს. დიმიტრი ლორთქიფანიძე ხშირად სტუმრობს „ობიექტივს“ და მონაწილობს სხვადასხვა გადაცემებში.   ციხის კადრებთან დაკავშირებით, მას ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ან დაზუსტება ჩვენთან და ჩვენგან უპრობლემოდ შეეძლო, რაც სამწუხაროდ, არ გააკეთა და გაუგებარია - რატომ?!

დღეს კი, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებიდან ვიგებ, რომ ის, თურმე, დიდიხანია აკვირდება, ვინ, სად, როდის და რატომ  დაგეგმა ე.წ. ციხის კადრების გამოძიება. ამ „დაკვირვების“ პროცესში, ჩემი ინფორმაციით, ლორთქიფანიძემ ბედუკაძეს საკუთარ სახლში უმასპინძლა. მოგვიანებით, ბატონი დიმიტრი რატი რეხვიაშვილის (პატიმარი, რომლის განცხადებით, მას ბედუკაძე აწამებდა) დედას, ქალბატონ მარინა ქებაძესაც შეხვდა და ბედუკაძის უდანაშაულობაში არწმუნებდა.

ლორთქიფანიძეს ვპასუხობ: მართალია, ბატონი დიმიტრი ბევრ რამეს გაცნობია და ბევრ რამეში გარკვეულა (როგორც თავად წერს), მაგრამ ამხელა გამოცდილების კაცს იმდენი უნარი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ გაარკვიოს, რა ტიპის სიცრუეს უწევს ტირაჟირებას. თუ ამას განზრახ არ აკეთებს, ანუ შეცდომაშია შეყვანილი, იმდენი გონი მაინც უნდა ეყოს, გაიაზროს, ვის შეჰყავს შეცდომაში და რატომ? კაცი იმას მაინც უნდა მიხვდეს, რომ  არსებობს კონკრეტული ტურისტული კომპანია, რომელმაც ვლადიმერ ბედუკაძე ჩაიყვანა თურქეთში. არსებობს ავტობუსი, მისი მძღოლები, მთელი ტურისტული ჯგუფი, რომელთან ერთადაც ბედუკაძემ თურქეთში 10 დღე გაატარა და ბოლოს, ვიზაც მიიღო.

ვიმეორებ: ბედუკაძემ ვიზა მიიღო ტურისტული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად და ამისი დამტკიცება ძალიან ადვილია, რადგან ცოცხალი ადამიანები, თვითმხილველები არსებობენ.

შეგიძლია მიმართო თურქეთში სლოვენიის საკონსულოს, რომელიც დაადასტურებს, რომ ბედუკაძეზე გასცა კონკრეტული ვიზა. შეგიძლია დაუკავშირდე სლოვენიის სასაზღვრო სამსახურს, რომელიც დაგიდასტურებს, რომ ბედუკაძემ თურქეთში მიღებული ვიზით გადახალა საზღვარი. შეგიძლია დაუკავშირდე ადვოკატ ამრაანს, რომელიც, ასევე, დაადასტურებს, რომ ბედუკაძე ბრიუსელში ჩავიდა თურქეთში მიღებული ვიზით. შეგიძლია დაუკავშირდე ბელგიის პოლიციას და საემიგრაციო სამსახურს, სადაც ბედუკაძე აღრიცხვაზე იმყოფებოდა და ეს უწყებებიც დაადასტურებენ, რომ ბატონი ვლადმიერი ბრიუსელში რამდენიმე ქვეყნის გავლით აღმოჩნდა და რაც მთავარია, მას სლოვენიის ვიზა თურქეთში განთავსებულმა საკონსულომ მისცა. შეგიძლია დაუკავშირდე ბელგიის პროკურატურას, სადაც ბედუკაძეს სარჩელი აქვს შეტანილი და აქაც დაადასტურებენ, რომ ბედუკაძე ბრიუსელში ჩავიდა თურქეთში მიღებული ვიზით, გაიარა რა რამდენიმე ქვეყანა.

ახლა ვეკითხები ლორთქიფანიძეს: ჩემთვის გაუგებარია, რატომ მონაწილეობ ამ ტყუილში? ვისი ინტერესით მოქმედებ? და სისულელებს წერ?

ყველას ვეუბნები - ვერც ლორთქიფანიძეები და ვერც ვინმე სხვა  ტყუილს სიმართლედ ვერ გადააქცევს და თეთრს შავს ვერ დაარქმევს. „შავი ფიარი“ ჩვენს წინააღმდეგ განწირულია! მეტიც, ბედუკაძემ ბოდიში უნდა მომიხადოს მე და „ობიექტივს“ მიზანმიმართული ცილისწამებებისა და პირადი შეურაცხყოფების გამო, რასაც მრავალი თვის მანძილზე საჯარო სივრცეში ავრცელებდა. არც ერთი მისი ცილისწამება, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დადასტურებულა და ვერც დადასტურდება, რადგან ტყუილია. ღიად ვეუბნები ბედუკაძეს -  ამისი პატიება არ იქნება. სხვა დაინტერესებულ პირებს კი, მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძეს,  ვურჩევ თავი დაანებონ ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

P.S. არაერთხელ მითქვამს, ჩვენ არ ვებრძვით ბედუკაძეს. ვიცი, ვინც მართავდა და მართავს მას. ვიცი, ვინაა ეს ხალხი და რატომ გვებრძვიან ჩვენ. სამწუხაროდ, ბედუკაძეს ინტელექტი არ ჰყოფნის, რომ ამ უსინდისო და უსამართლო ბრძოლას გაერიდოს. ალბათ, გესმით, რომ ჩვენ არავითარი კავშირი არა გვაქვს გუშინ, „რუსთავი-2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ ბევრი (ხაზს ვუსვამ, ბევრი) ნაწამები პატიმარი ადებს ხელს ბედუკაძეს. აქამდე არაფერში ვერეოდით. ვამბობდით, ეს გამოძიების საქმეა. ჩვენი ეს საქციელი არ დაფასდა. ახლა გეუბნებით, მივიღებ და გავასაჯაროებ ყველა საჩივარს და ყველა ამ საქმეზე მოვითხოვ ახალი გამოძიების დაწყებას.

ირმა ინაშვილი. 2013 წლის 14 თებერვალი. თბილისი.