ანალიტიკოსების (ლატენტური ნაცების, ან ოცნებაზე განაწყენებულების) ნაწილის მოლოდინით, „ქართული ოცნების“ შიგნით ბევრმა ფიგურამ შეიძლება დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს იმ პროცესთა გამო, რაც მიმდინარეობს „ოცნებაში“. არავინ იცის, რეალურ ფაქტებზეა საუბარი თუ სასურველის რეალობად წარმოჩენის ფაქტზე, მაგრამ გააქტიურდა საუბრები ირაკლი კობახიძესა და „ოცნების“ გუნდის წევრებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე.
თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება კობახიძის მეთაურობით შეუძლებელია და, თუ არ გამოეყვნენ ადამიანები მმართველ პარტიას, ე.ი. ისევ ბიძინა ივანიშვილია გადაწყვეტილებების მიმღები.
სხვათა შორის, გუნდის ერთიანობის თემა ბიძინა ივანიშვილსაც აფიქრებდა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლისას იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც მის შემდეგ პარტიაში შეიძლება მომხდარიყო. მისი თქმით, „ოცნების“ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყონ.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილის გარეშე დარჩენილ „ოცნებაში“ ოპონენტები ელიან, როდის გამოჰკრავს კობახიძე ხელს ასანთს. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, სულ სხვა ვითარება იქნებოდა, პარტიის ლიდერად კალაძე ან გახარია რომ შეერჩიათ, რომელთაც გარკვეული ელექტორალური მიზიდულობა გააჩნიათ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, ერთი მხრივ, არ გამორიცხავს, „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფის პროცესი დაიწყოს, რადგან ბევრი ადამიანი არ აღიქვამს ირაკლი კობახიძეს სერიოზულ ლიდერად, განსხვავებით, გიორგი გახარიასგან, რომელიც მაინც განიხილება, როგორც ძლიერი ფიგურა. ამიტომაც შეიძლება, ზოგს გაუჭირდეს ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში ყოფნა. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში (თუკი რეალურად ის წავიდა პოლიტიკიდან, რის შესახებაც ბევრი კითხვაა), „ქართული ოცნების“ წევრებს შეკავშირება ესაჭიროებათ.
„დღესაც თუ დაიწყო „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება და „ოცნება“ დაიშალა, მაშინ მმართველი პარტია დაკარგავს ხელისუფლებას. ასე მგონია, „ქართული ოცნების“ წევრები დღეს აცნობიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე შეიძლება არ არის ძლიერი ფიგურა და ის არ არის „ოცნების“ წარმატების მთავარი გარანტი, აშკარა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის დამღუპველი იქნება. შეიძლება, ფარული დაპირისპირება არსებობდეს კობახიძის მიმართ, მაგრამ ეს დაპირისპირება ამ ეტაპზე აშკარა სახეს არ მიიღებს. თვითონ ბიძინა ივანიშვილიც არ დართავს ამის ნებას „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს, რადგან ბიძინა ივანიშვილი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული იმაში, „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუკი „ოცნება“ დაკარგავს ძალაუფლებას, მაშინ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არ დაედგომება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძეს დიდი ხანია, იცნობს და მიიჩნევს, რომ ვითარება პირიქითაა. ირაკლი არათუ კონფლიქტური პიროვნება არ არის პირად ურთიერთობაში, არამედ ყოველთვის ცდილობს, საერთო ენა გამონახოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. რა თქმა უნდა, კობახიძე არის პრინციპული და ყოველთვის საქმის ინტერესებიდან გამოდის.
„ნორმალური ადამიანის მიერ ირაკლის პიროვნული მიუღებლობა წარმოუდგენელია. შესაძლოა, საჯარო სივრცეში ის ჩანს, როგორც ხისტი ადამიანი ნაცებთან დამოკიდებულების გამო, მაგრამ ნაცობა საერთოდ არანორმალური მოვლენაა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს არანორმალურ მოვლენასთან ჰქონდეს ნორმალური დამოკიდებულება. პირიქით, ირაკლი ძალიან ლოიალურია, ადამიანურია და უფრთხილდება ადამიანურ ურთიერთობებს. ამიტომ ის, რომ ირაკლი პრობლემას შექმნის „ქართულ ოცნებაში“, არარეალისტურია. რაც შეეხება იმას, ჩამოყალიბდება თუ არა „ქართული ოცნება“ ინსტიტუციურ პარტიად და გადალახავს თუ არა კლიენტელიზმს, რაც საქართველოს ყველა პარტიის ჭირია, ეს არავინ იცის“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.