„მელიას განცხადება არის კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა, ის რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ზუსტად იგივეს გვეტყვის“

„მელიას განცხადება არის კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა, ის რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ზუსტად იგივეს გვეტყვის“

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!“, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურის გაფრთხილებას, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობებზე. ნიკა მელია, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

პარლამენტის წევრი ბრალდებულია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველ ნოემბერს ბრალდებულმა საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 10 000 ლარამდე. შესაბამისად, საერთო ჯამში მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში მართალია. ამასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საპარლამენტო უფლებამოსილების შესაწყვეტად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა მის მიმართ, როდესაც 92 დეპუტატს მისთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილებისთვის „მხარი დააჭერინა“.

„ორი კვირის განმავლობაში, მე ჩემს კოლეგებთან ერთად, ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე–ფარცხალაძე–ივანიშვილის პროკურატურამ, თქვენ იცით, რომ ერთკვირიანი გაფთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ ჩემზე კარგად იციან, მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. ამიტომ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული და სხვანაირად, უბრალოდ, არ შემეძლო მოვქცეულიყავი.

ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე–ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე–ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე–გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარე, გენერალურ პროკურატურაში გაფრთხილების ოქმის ასაღებად არ გამოცხადდა, მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კი უწყებაში არ შევიდა, რადგან მელიას უფლებები და ვალდებულებები უნდა განუმარტონ. ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს უწყება ნიკა მელიასთან მიმართებაში, ვინაიდან უფლებადამცველის თქმით, ეს ყველაფერი კანონს მიღმა ხდება.

მისივე განმარტებით, მომდევნო პროცედურებთან დაკავშირებით განმარტება და განცხადება პროკურატურამ უნდა გააკეთოს. კონდახიშვილის თქმითვე, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებაში 50 დღე ჰქონდა მითითებული, რომელიც დეკემბერში გავიდა. შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია, პროკურატურა ნიკა მელიას 7-დღიან ვადას რის საფუძველზე აძლევს.

„პროკურატურამ რატომ გაააქტიურა აღნიშნული საკითხი დღეს, მაშინ, როცა მათივე განცხადებაში 2 თვის წინ იყო გირაოს გადახდის თემატიკა, რა ერთკვიარიან ვადას აძლევენ, რომელი კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ, ჩემთვის გაუგებარია. მელიას გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს, ნოემბერში მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კი უკანონოა.

ჩვენ ვაცხადებდით, რომ ამ გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობა არ გააჩნდა. ნიკამ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში, ამ ფარსში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. თუკი გირაო არალეგიტიმურია და გადაწყვეტილება, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები, ის კანონიერი მოთხოვნის უფლებას არ წარმოადგენს“, – აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

ბრალდებული მელიას პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითს უწოდებენ ნაციონალები. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეს არის ხელების გადაგრეხის პრინციპი, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს. მისი თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს პოლიტიკურ დევნას იმ ოპონენტების წინაღმდეგ, რომლებიც განსკუთრებულ საფრთხეს უქმნიან მათ რეჟიმს.

„მსგავსი აბსურდული განცხადება იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან: პირველი, ეს არის ის, რომ პოლიტიკური დევნა პოლიტიკური პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და, ასევე, ყველა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის.

ესენი ფიქრობენ, რომ თუ პოლიტიკური დევნა განხორციელდება, მაშინ ამ ადამიანების შეჩერება რამენაირად შეიძლება. ჩემი გადმოსახედიდან, ეს უკავშირდება პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას და ხელების გადაგრეხის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს, რომ ოპოზიცია დააშინონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომ არ გადაიხადოს დაკისრებული გირაო, მხარს უჭერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, გადაწყვეტილება სწორია, რადგან ეს საქმე პოლიტიკურია.

„ეს არ არის კანონისთვის უარის თქმა, როდესაც კანონი არღვევს შენს უფლებას, როდესაც სასამართლო არ გაქვს და ეს საერთაშორისო დასკვნებშიც ჩანს, როდესაც ყველა გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მიკერძოებული, უკაცრავად, მაგრამ ეს გაძლევს უფლებას პოლიტიკური წინააღმდეგობა გასწიო. ასე რომ, ნიკამ ასე გადაწყვიტა, ეს არის გზა და მე ამ გადაწყვეტილებაში მხარს ვუჭერ. „ქართული ოცნებისთვის“ რთული იქნება, დაჭერის გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ჩიხი ის არის, რომ ის დეპუტატად ითვლება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დაუმძიმდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, ეს თავად მელაზეა დამოკიდებული, რომელიც აცხადებს, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას ზუსტად 7 დღეში დააპატიმრებენ. უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გირაოს თანხის გაუხდელობის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების დამძიმება ხდება ყველგან და ყველა ბრალდებულის შემთხვევაში და მსოფლიოში გამონაკლისები, როგორც წესი, არ არსებობს.

„მე არ ვიცი ნიკა მელიას რა პოზიცია ექნება, მაგრამ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც იურისტმა შემიძლია განგიმარტოთ, რომ როდესაც ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, ისე როგორც არასდროს, მასზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ბუნებრივია, პროკურატურამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია აქვს პოლიტიკაში. აბაშიძე ელოდება, რომ პროკურატურა კანონის შესაბამისად იტყვის თავის სიტყვას. რაც შეეხება მელიას განცხდებას, მისი თქმით, ეს არის დაუმორჩილებლობა.

„სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ეს არის კანონით გაწერილი. სხვა კომენტარის გაკეთება აქ შეუძლებელია. „ვერ დამიჭერენ“ – ეს არის მისი ილუზია. ვერ დაიჭერენ კი არა, დაიჭერენ. დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს პროკურატურამ. შესაძლოა, მისი დაკავება მცირე ხნით გახდეს საპროტესტო აქციების მიზეზი, მაგრამ ისევე მინელდება, როგორც მანამდე ვიხილეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მას გამოაცხადებს ე.წ. პოლიტპატიმრად, თუმცა პარლამენტში შეჭრის თანაორგანიზატორი ვერანაირად ვერ იქნება პოლიტპატიმარი. ასე რომ, მელიას მოუწევს პასუხისმგებლობა, რაც არ უნდა მწარე იყოს მისთვის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

იურისტი, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ მელიას განცხადება არის უპასუხისმგებლო, ანტისამართლებრივი და ანტიპოლიტიკური. მისი თქმით, პოლიტიკოსი უნდა იძლეოდეს კანონმორჩილების მაგალითს, რასაც მელია თავისი ქმედებით ყოველდღიურად არღვევს.

„ამდენი ხანია პოლიტიკაშია ადამიანი და ვერ ისწავლა, რომ არსებობს სამართალი, სასამართლო. ბოლო–ბოლო არის სტრასბურგის სასამართლო. არ დაემორჩილები, ეს, რა თქმა უნდა, ზნეგადასულობაა. პოლიტიკოსი, რომ საჯაროდ ამბობს არ ემორჩილება კანონს, ეს არის კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა. ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ზუსტად იგივეს გვეტყვის შემდეგ. ეს რასში სჭირდება? ამით საკუთარ პოლიტიკურ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გასაგებია, რომ ასეთ ადამიანს არ უნდა გაყვე, იმიტომ, რომ შლეგია“, – აცხადებს ზარდიაშვილი.

დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ მელიას შემთხვევაში კანონი თავის სიტყვას იტყვის და დააპატიმრებენ.

„როდესაც აღკვეთი ღონისძიება არ სრულდება, მაშინ კანონის შესაბამისად, მოხდება რეაგირება. ერთხელ გააფრთხილებენ, მეორედ და მესამედ ხელბორკილებს დაადებენ და წაიყვანენ საპატიმროში. ძალიან მარტივია, თუ არ სრულდება აღკვეთის ღონისძიება – გირაო, მაშინ ის შეიცვლება უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით. ისევ შეაბრუნებენ საპატომროში. ერთხელ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, ახლაც დემონსტრაციულად ახდენს დაუმორჩილებლობას.

დაპატიმრების მერე იტყვიან, რომ აი, მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე დააპატიმრეს და იტყვიან, რომ პოლიტპატიმარია. ამის იმედი აქვთ და ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟი. შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. მელია, თავისი ამ ქმედებით კანონდაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სამართლის და კანონის აღსრულება. შესაბამისად, აღსრულდება კანონი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ახლა ამ რესლინგის მებრძოლს ნავალნობა სწყურია! თუ დააპატიმრებენ დასავლეთელი იმპერიალისტი დეიდები და ბიძიები ეგრევე ატეხენ საშინელ გნიასს. მათთვის ხომ სამართალი და კანონი შერჩევითია! ხოლო რესლინგისტი მელია მიაღწევს საწადელს, განიმტკიცებს პოლიტიკოსის სტატუსს!
3 წლის უკან