„მსხვილები“ პასიურობენ, „წვრილები“ ერთიორად გააქტიურდნენ

„მსხვილები“ პასიურობენ, „წვრილები“ ერთიორად გააქტიურდნენ

არჩევნებიდან მოყოლებული ბიზნესში დაახლოებით ამგვარი ვითარებაა: მსხვილი ბიზნესი შედარებით პასიური გახდა, ხოლო წვრილი და საშუალო ბიზნესი ერთობ გააქტიურდა. ექსპერტები თვლიან, რომ ზოგადად ბიზნესისთვის გარუკვევლობის პერიოდი დასრულდა.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალიამ რადიოეთერში დაუფარავად განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან საკრედიტო აქტივობები გაზრდილია, მსხვილი ბიზნესის მხრიდან კი - შედარებით შემცირებული.

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყო და გარანტირებული აქტივობები ჰქონდა ტენდერების თუ სხვა შესყიდვების სახით. შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კონკურენტულ გარემოში მუშაობის დაწყებამდე გარკვეული პაუზა აქვს.

ლექვინაძის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი პირიქით ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ისეთ ბაზრებზე გაუჩნდათ წვდომა, რაც წინა ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელი იყო. 

იგი წლის მეორე ნახევრიდან მსხვილი ბიზნესის გამოცოცხლებასაც ვარაუდობს. დიდი კომპანიები გამოცდილები და კვალიფიციურები არიან, ამიტომ შეძლებენ ბაზარზე არსებულ თამაშის წესებს აუწყონ ფეხი.

იმისათვის, რომ ბიზნესმენებს ყოველვარი ეჭვები გაუფანტონ, მთავრობა მათთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნეს ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდა.

მინისტრის თქმით, ბიზნესისგან არის სრული მზადყოფნა იმისა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

„საუბარი, ძირითადად, შეეხო იმ რეალობას, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება და იმ გზებს და ხედვებს, რომლებიც ახალ მთავრობას აქვს ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობას“, - განაცხადა ხადურმა შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ ბიზნესს უკვე ყველა გაურკვევლობა მოეხსნა და ეს ნიშანი არჩევნების დამთავრების პირველსავე პერიოდში გამოიკვეთა.

„ჩემი აზრით, ყოყმანის პერიოდი არჩევნების შემდეგ მალევე დასრულდა. ინვესტორებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, განსაკუთრებით კი ამით საშუალო და წვრილმა ბიზნესმა ისარგებლა. შემთხვევითი არ არის, რომ ამ სექტორს განვითარების ახალი შესაძლებლობები მიეცა, ხოლო წარმოების მოცულობა შეუმცირდათ ოლიგიპოლიურ კომპანიებს. მათ ჯერ კიდევ აქვთ გაურკვევლობის პერიოდი“, - აცხადებს სილაგაძე.

მისი თქმით, ეკონომიკაში კონკურენციის განცდა გაჩნდა, რაც ინვესტორთა აქტივობას განაპირობებს.

„ყველა პირობაა იმისთვის, რომ არ არსებობდეს მონოპოლიზმი და ოლიგოპოლიზმი. ამასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია გამოიკვეთა. ინვესტორთა მოსაზიდად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია პოლიტიკური სტაბილიზაცია.

ვფიქრობ, გაჩნდება სერიოზული რეზერვები სამშენებლო სექტორისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც. პერსპექტივა ექნება გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობას, რაზეც გადამწყვეტ გავლენას რუსული ბაზრის გახსნა მოახდენს. ამდენად, ინვესტორთა აქტიურობას ველოდები. გაზაფხულიდან კი მეტი სიახლისა და სასიკეთო ცვლილებების მომსწრენი გავხდებით“, - ამბობს ავთო სილაგაძე.