„თუ პარალმენტში იმ მიზეზით არ შედიხარ, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს და არც საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობის მიღება გინდა, მაშინ რაღაში მონაწილეობ?!“

„თუ პარალმენტში იმ მიზეზით არ შედიხარ, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს და არც საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობის მიღება გინდა, მაშინ რაღაში მონაწილეობ?!“

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის მასშტაბურ რეფორმას აანონსებს და სათანამშრომლოდ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტიის წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი.

ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ასევე გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველი პარტია მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში თუ პარლამენტში შევა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს შეთავაზება ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა აწყობდეს, თუკი ისინი ქვეყნის ბედით არიან დაინტერესებული, რათა არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. მათი აზრით, ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების ძახილით, მანიპულირების საშუალება აღარ მიეცემა და ხელისუფლებაც მუდმივად თავის მართლების რეჟიმში აღარ იქნება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა ყველაზე მეტად პატარა პარტიებს უნდა სურდეთ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფეხის ხმას არ უნდა ჰყვებოდნენ.

მათი თქმით, ენმ საარჩევნო ბარიერის დაწევა არაფერში სჭირდებათ, რადგანაც 2024 წლის არჩევნეებში 5%-იანი ბარიერი მათ ყველაზე მეტად აწყობთ. ქუჩაში დარჩენილი პატარა პარტიები პოლიტიკურად განულდებიან და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ორ პარტიულ პარლამენტს მივიღებთ. ამიტომაც „ნაციონაალები“ არაფერს კარაგვენ და პირიქით, მათ ინტერესებში საარჩევნო ბარიერის არდაწევაა. ბარიერდაწეულ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბარიერის გადალახვას ახერხებს და ენმ-ს ამომრჩევლის ნაწილს ართმევს. ამიტომ ამ პარტიისთვის უფრო მომგებიანი ვარიანტი 5%-იანი ბარიერია, რათა ეს პატარა პარტიები მასთან ბლოკებად გაერთიანდნენ და მათი კონტროლი შეძლოს. ამით კი ნაციოანლები უფრო ძლიერდებიან. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ეშმაკობაც აქ არის ჩადებული, როცა საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრობს.

„საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 4:1 თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად არანაკლებ 2:1 თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას. გარდა ამისა, მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე იმუშავებს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები ვერ შეცვლის ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, რომელიც ახალ არჩევნებს გულისხმობს:

„ვერანაირი საარჩევნო ცვლილებები და ვერანაირი სხვა თემები ვერ გადაფარავს იმ მთავარ საკითხს, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები ქვეყანაში. ეს ცვლილებები უნდა განიხილებოდეს პაკეტში ახალ არჩევნებთან ერთად. ასე რომ, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის უცვლელი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი კი ამბობს, რომ მემორანდუმი შექმნილია იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მოლაპარაკებაზე „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა და რომელზეც ოპოზიციას უარი აქვს ნათქვამი. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკურ ძალებზე საუბრისას ლევან თარხნიშვილმა პარტია „მოქალაქეებიც“ „ქართულ ოცნებად“ მოიხსენია:

„მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ „ქართული ოცნება“ და ახლა უკვე „ქართული ოცნება“ (გულისხმობს „მოქალაქეებს“), არის ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებაზე და რომელზეც უარი უთხრა „ევროპულმა საქართველომ“ და მთლიანად ოპოზიციამაც, შესაბამისად რატომ უნდა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს, აბსოლუტურად გაუგებარია და ჩვენ ველით ახალ ადეკვატურ შეთავაზებებს“, - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

მემორანდუმში შემავალი საკითხების პრობლემურობაზე საუბრობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯაროდ ის 7 პუნქტი, რომელიც პრობლემურად მიგვაჩნია ამ მემორანდუმში. განსხვავებაა დიპლომატებთან შეთანხმებულ საკითხებსა და ამ ხელმოწერილ მემორანდუმის საკითხებს შორის. ეს გამოვაქვეყნეთ საჯაროდ იმისთვის, რომ ვინც შევიდა პარლამენტში, მათაც იცოდნენ, სად არის პრობლემა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს, მე მგონი, რომ უადგილო მოწოდებაა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება პარტია „გირჩს“, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ იქნება არჩევნების პროპორციული სისტემითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების პირობა, ისინი მზად არიან შეთანხმებას ხელი მოაწერონ და სხვებსაც მოუწოდონ ამისკენ:

„პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით ჩვენი მოთხოვნა იყო თავიდანვე და არ შეგვიცვლია. როგორც კი ეს მოთხოვნა დაიდება, ჩვენ ყველაფერს მოვაწერთ ხელს და სხვასაც მოვუწოდებთ“, - განცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში ნორმალური და გამართული საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდა, ამაში ყველა ოპოზიციური პარტია დაინტერესებული უნდა იყოს. თუმცა ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ თუკი ახლა ვინმეს საარჩევნო ბარიერის დაწევა არ აწყობს ეს ენმ-ია, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იან ბარიერს მის გარდა ვერავინ გადალახავს. ეს კი ენმ-ს პირველი ოპოზიციური პარტიის შენარჩუნების საშუალებას მისცემს და პოლიტკური ველი გასუფთავდება. მას ახლა სხვა ძლიერი ოპოზიციური პარტიები არაფერში აწყობს, ამიტომააც ამ რეფორმას, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს.

„საარჩევნო ბარიერის დაწევა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას საკონსტიტუციო უმრაველსობა სჭირდება. უმარვლესობის მისაღებად კი აუცილებელია, რომ ენმ პარლამენტში შევიდეს. ამის მოლოდინი კი ნაკლებად არსებობს, რადგანაც ახლა ყველაზე მეტად ბარიერის დაწევა მათ არ აწყობთ. დანარჩენს რაც შეეხება, აქ უკვე დეტალურად არის ბევრი რამ სანახავი. ელექტრონულ კენჭისყრას რაც შეეხება, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის მანიპულირების საშუალებას აღარ ტოვებს.

 უბრალოდ, ამ ხელისუფლების იმიჯზე დაუბალანსებელმა ოქმება ძალიან ცუდად იმუშავა. ამან კი იმის განცდა შექმნა, რომ არჩევნები გაყალბებულია. ოპოზიცია ამ ფაქტორს ძალიან კარგად ჩაეჭიდა. ამიტომააც ხელისუფლებისთვის ახლა ამ თემის გადაჭრა პრინციპულად და რეპუტაციულადაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ამ არჩევნების ირგვლივ პრეტენზიებია, ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა, ამას უკვე საარჩევნო რეფორმით ვერ მოაგვარებ და სხვა მიდგომა სჭირდება. ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი სწორი მიმართულებით არის გადადგმული, რადგანაც არ იყოს ეჭვი იმაზე, რომ როდესაც საარჩევნო უბანზე მიხვალ და ხმას მისცემ, მაიმუნობა მერე დაიწყება. ამ რეფორმის შედეგად ეს განცდა თუ აღარ იარსებებს, ეს ხელისუფლება ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. თუმცა ამისთვის როგორც უკვე ვახსენე ენმ-ის პარლამენტში შესვლაა საჭირო“,-აცხადებს დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს, თუ ეს მიხეილ სააკაშვილმა არ დაადასტურა. შესაბამისად, საარჩევნო ბარიერის დაწევაც არ გამოვა. ზურაბიშვილს ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, რომ ენმ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მაშინ ადგილობრივ არჩევნებზე ნაციოანლების მონაწილეობა ლოგიკურად აუხსნელი იქნება და ეს მათ ძალიან დააზიანებთ. თუ პარალმენტში იმ მიზეზით არ შედიხარ, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს და არც საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობის მიღება არ გინდა, მაშინ რაღაში მონაწილეობ?!

ამიტომაც ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ ადგილობრივ არჩევნებისას საკამოდ მძიმე მდგომარეობაში იქნება ჩავარდნილი. მისი აზრით, ოპოზიცია იმდენად არის უკვე დაზიანებული, რომ გამოსავალი არსაიდან აღარ ჩანს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბოიკოტი და ის მოთხოვნები, რაც მათ ხელისუფლებას წაუყენეს, არასწორი იყო და ახლა უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ახლა მათი პარლამენტში შესვლა მორალური მარცხის აღიარება იქნება. მისი აზრით, პოლიტიკაში არ უნდა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც ჩიხში შეგიყვანს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ბარიერის დაწევა არაფერში არ აწყობს, ამიტომაც პარლამენტში ამის მხარდასაჭერად არ შევა. საყვარელიძის თქმით, ისინი ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ, რადგანაც არაკოლეგიალური იქნება და ამით ოპოზიციის განაწყენებას გამოიწვევნ. თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბარიერის დაწევას ხელი შეუშალონ. ანალიტიკოსი მათ ამ განზრახვას შემდეგი მიზეზით ხსნის:

„ენმ რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ ყველანაირად ეცდება, რომ ბოიკოტის მუხტი არ დავარდეს და მეორე მხრივ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხის შეფერხებას შეეცდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას კვებავს. ბევრი ადამიანი ვინც ადრე ენმ-ს ხმას აძლევდა, დღეს „სტარტეგია აღმაშენებელს“, „ევროპელებს“, „გირჩს“ და „ლელოს“ ხმას აძლევს. ასე რომ, ენმ დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოვა თუკი საარჩევნო ბარიერი დაიწევს. მისი ამომრჩევლის ხარჯზე რიგი პარტიები პარლამენტში შევლენ, მას კი ეს ხმები დააკლდება. ამიტომ არ აწყობს, რომ სხვა პარტიების ბარიერმა დაიწიოს. როცა ბარიერი მაღალია, ასეთი პატარა პარტიები ცდილობენ, რომ ენმ-ის წევრები გახდნენ, ანუ ბლოკებად გაერთიანდნენ და პარლამენტში შევიდნენ. ეს კი ნაციონალებს აძლიერებს და კვლავ პირველ ოპოზიციურ პარტიად ტოვებს. ამიტომაც იხმარა ხელისუფლებამ ეშმაკობა, როცა საარჩევნო ბარიერი დაუწია. როცა დაბალია ბარიერი, ამ პარტიებს ენმ აღარ სჭირდებათ“, - განაცხადა საყვარელიძემ for.ge-სთან.

მისივე თქმით, ახლა პრაგმატული ამომრჩევლისთვის, რომელიც პარტიულ ელექტორატზე გაცილებით მეტია, ოპოზიციის ქუჩაში დგომა მიუღებელია. საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთი ამომრჩევლისთვის საინტერესოა არა ოპოზიციის პარტიული ინტერესები, არამედ ქვეყნის და მისი პირადი ინტერესები. როცა ხედავს, რომ ოპოზიციას მისი პრობლემები არ აინტერესებს და ამის მოსაგვარებლად პარლამენტში არჩევის მიუხედავად არ შედის, ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხმა რატომღა უნდა მისცეს. ამიტომაც ოპოზიცია ორი დილემის წინაშე დგება - უცხადებს პარალმენტს ბოიკოტს, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში რატომღა უნდა მიიღოს მონაწილეობა?! ეს კი ისევ „ოცნების“ გაძლიერებას გამოიწვევს და ოპოზიცია მომავალ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც წააგებს.