„მერიაში გვითხრეს, გრძელი ფეხები გაქვთ, კარგადაც დარბიხართ და შენობებში შეიჭერითო“

„მერიაში გვითხრეს, გრძელი ფეხები გაქვთ, კარგადაც დარბიხართ და შენობებში შეიჭერითო“

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცალკეულ შენობებში სოციალურად დაუცველებისა და დევნილების შეჭრის ფაქტები გახშირდა. ადამიანები, რომლებიც არც სააკაშვილის დროს ცხოვრობდნენ დალხენილად და რომელთა უბედურების მთავარი მიზეზი ყოფილი ხელისუფლება იყო, არც კი ფიქრობდნენ პროტესტის ასეთი სიხშირით გამოხატვას. დღეს კი, ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ეს ადამიანები ვიღაცისგან იმართებიან. For.ge-ს სანდო ინფორმაციით, შეჭრილი ადამიანების უკან მერიის, კონკრეტულად, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დგას. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სწორედ ქაცარავამ მიუთითა ცალკეულ ადამიანებს შეჭრილიყვნენ ფართში, რადგან ყოფილ ხელისუფლებას აწყობს ამგვარი არეულობა. 

შენობებში შეჭრა შემდეგი სქემით განხორციელდა - ადამიანები თავდაპირველად შეიჭრნენ რკინიგზის საავადმყოფოში და როგორც ამბობენ, ამ შევარდნას ხელმძღვანელობდა ვინმე კახა ოდიშელიძე. ასევე, ამავე შენობაში შეიჭრნენ ვინმე კუკავა და გველესიანი იმ მოტივით, თითქოს, ისინი უმწეოები იყვნენ. მოგვიანებით კი მათ პერმანენტულად ემატებოდა ხალხი. ყველამ მიაკითხა ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა წერდა განცხადებებს.

15 ნოემბრამდე შესული განცხადებები მართლაც შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობაში შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია და გადაწყდა, რომ ვისი შემოსავალიც 193 ლარს ქვემოთ იყო და ვისაც სახლ-კარი არ ჰქონდა, ან არ ირიცხებოდა დევნილთა კატეგორიაში, მათ ბინის დასაქირავებლად 200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში მიეცემოდათ. რა თქმა უნდა, მთავრობის ამ შეთავაზების შემდეგ განცხადებების რაოდენობა გაიზარდა და იმატა იმ ადამიანთა რიცხვმაც, ვისაც დახმარება არ ეკუთვნოდა. ამასთან, გაჩნდა ეჭვი, რომ ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა, ისინი ან თაღლითები ან მართულები იყვნენ. მით უფრო, რომ რკინიგზაში შეჭრილებმა მაშინვე დაიწყეს მიშენებაზე ფიქრი და ადგილზე ქვიშა და ცემენტი მიიტანეს. ამგვარად, რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილ კახა ოდიშელიძეს ახალი წელი გიგი უგულავამ მიულოცა და შუქიც ჩაურთო, რაც შეუთანხმებელი იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის ბალანსზეცაა რკინიგზის საავადმყოფო. ამდენად, ვალი დაედო ეკონომიკის სამინისტროს.

კანონის თანახმად, თუ ადამიანი უსახლკარო და უმისამართოა, სოციალური დახმარების შესახებ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ავალდებულებს, მათთვის თავშესაფარი უზრუნველყოს. ეს „ბომჟებსაც“ ეხება და უსახლკაროებსაც. დღესდღეობით, სოციალურად დაუცველებს სოციალური შემწეობა ეძლევათ და 1-ლი ივლისიდან გაორმაგებულ დახმარებას მიიღებენ, კერძოდ, ოჯახის პირველ წევრზე  30 ლარის ნაცვლად - 60 ლარს, შესაბამისად, გაიზრდება დახმარება ყოველ მომდევნო წევრზეც.

თუმცა, ფართებში შეჭრილ ადამიანებს შორის ბევრია ისეთი, რომელთაც ბინა ნამდვილად აქვთ, მათ რეალური მისამართიც აქვთ, რადგან 1-ელ ოქტომბრამდე, ცხადია, ისინი სადღაც ცხოვრობდნენ. ამ დროს კი ისინი ამბობენ, თითქოს, სახლ-კარი არ აქვთ, პერმანენტულად იფიცებიან, ხან ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიდიან, ხანაც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს აწყობენ. თანაც, საეჭვოდ, ყოველთვის „რუსთავი 2“ იგებს მათი შეჭრის ამბავს. ამას კი ერთმანეთის ჩაშვება მოჰყვება.

ჩვენი წყარო აცხადებს, რომ ამ ადამიანებმა ასე ჩაუშვეს 1957 წელს დაბადებული დარეჯან გველესიანი. ეს ქალბატონი პერიოდულად პროტესტის მიზნით პირს იკერავს დაროგორც ამბობენ, ამ მეთოდით შოულობს ბინებს. რეალურად, მას სამი შვილი ჰყავს. ქმარი ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში. შვილები თბილისში ცხოვრობენ და სამივე დაბინავებულია. გველესიანი ინდივიდუალური მეწარმეა, „საბაზე“ ვაჭრობს და მის ოჯახს ავეჯის ქარხანა აქვს. თვითონ დარეჯან გველესიანს ქუთაისში ბინა აქვთ იპოთეკით დატვირთული. ამჟამად, იგი რკინიგზის საავადმყოფოშია შეჭრილი. ამავდროულად, არის ბენეფიციართა სიაშიც და ორას ლარსაც იღებს. მის შესახებ კი სპეციალურადაა მითითებული, თითქოს, ის მისამართის გარეშეა.

ერთ-ერთმა შეჭრილმა კახა ოდიშელიძემ, გავრცელებული ინფორმაციით, ბინა კაზინოში წააგო და სანამ რკინიგზაში შეიჭრებოდა, მანამდე მეუღლეს გაეყარა, რომ ცალკე დაეფიქსირებინა თავი.

ასევე, სხვის ფართში შეჭრილი 1936 წელს დაბადებული ნათელა შონია გულრიფშიდანაა. იგი ბაქოს ქუჩაზე ცხოვრობდა და ვინმე მარიამ ლიპირიდისთვის აქვს ქონება დაყადაღებული. უფრო ზუსტად, სხვისი ბინა ჰქონდა დაგირავებული მუხიანში 2012 წლის 23 აგვისტოს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანები მათ მიერ ძალით დაკავებულ ადგილებზე არ ცხოვრობენ, ან ამ ფართებს სხვებზე აქირავებენ. ამჟამად მათ საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს გენინსპექცია სწავლობს. 

For.ge სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ, ინვალიდი შვილის დედას მაია ინასარიძეს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ შეჭრილი ადამიანების ნაწილი მართულია.  

- ამ შეჭრების ორგანიზებას მერია ახდენს. ჩვენ ვექვემდებარებოდით მერიის მიერ სოციალურად დაუცველებისთვის შედგენილ ხისტ კრიტერიუმებს. ამის გამო დახმარების სათხოვნელად მივდიოდით მამრიკიშვილთან (მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას მოადგილე), ასევე - მამუკა ქაცარავასთან. ამჟამად ვცხოვრობ დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე კორპუსში, რომელიც შვეიცარიის საქველმოქმედო სააგენტომ სპეციალურად სოციალურად დაუცველებისთვის ააშენა. შვეიცარიას მერიასთან აქვს გაფორმებული მემორანდუმი და აღნიშნული ფართები სწორედ მერიამ უნდა გაანაწილოს. ინვალიდი შვილის პატრონი ვარ და, პირველ რიგში, ბინით მე უნდა დავკმაყოფილებულიყავი. ერთხელაც ვხედავ, ტელევიზიით გამოდის ქალბატონი, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზით ცხრა წლის შვილი ჰყავს. მაშინ აჩვენეს ეს საცხოვრისი დიდ დიღომში, სადაც ხალხი იყო შემოჭრილი, მაშინვე წამოვედი და აქ უკვე მობილიზებული პოლიცია დამხდა, რომელიც შემოჭრილი პირების დაკითხვას აწარმოებდა. მაშინ პოლიციამ არ შემომიშვა, არადა, ვთხოვე, შევეშვი, რადგან საბუთები ხელზე მქონდა. ისიც ვუთხარი, კაცმა არ იცის, შეიძლება, ეს ადამიანები ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც მერიამ გამოაქვეყნა და მე ფართის გარეშე არ დამტოვოთ-თქო, რადგან ინვალიდი შვილი მყავს-თქო. თუმცა, არაფრით შემიშვა პოლიციამ და ჩვენების მიცემა მომთხოვა. მე პერიმეტრზე ვიყავი, ეზოს გარეთ, შიგნით არ შემიშვეს, ღობე იყო გაკეთებული, თუმცა მაინც წავედი მერიაში და მივეცი ჩვენება. მოგვიანებით პოლიციამ მითხრა, შეჭრილი ხალხი უკვე გამოვიყვანეთ და თქვენც სახლში მიბრძანდითო. წამოვედი, თუმცა ვიფიქრე, უნდა შევამოწმო-თქო, რატომღაც ეჭვი შემეპარა, ეს ხალხი გამოყვანილი იყო თუ არა. მივედი დილით და ვხედავ, ეს ხალხი ისევ აქ არიან, ავდექი და მეც შემოვედი და დავიკავე ოროთახიანი ბინა. სულ რვა ოჯახი ვიყავით, მოვიკითხე, მაჩვენეთ თქვენი საბუთები, რის საფუძველზეც აღნიშნულ შენობაში შემოიჭერით-თქო, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი აღმოჩნდა.

ფიქრობთ, ისინი ნაციონალებისგან მართულები იყვნენ?

- ნამდვილად მართულები იყვნენ. როცა შემოიჭრნენ, განაცხადეს, ჩვენ მამუკა ქაცარავასთან ვიყავით და ასე გვითხრა, ფეხები გრძელი გაქვთ, სირბილიც კარგად შეგიძლიათ და შეიჭერითო.

მათ საბუთები წესრიგში ჰქონდათ?

- მათ საბუთებში რომ ჩავიხედე, ადამიანურად ავუხსენი, არ არსებობს, თქვენი მონაცემებით ამ ბინებში მოხვდეთ-თქო. ისინიც ადგნენ და წავიდნენ. საბოლოოდ დავრჩით სამი ინვალიდი, ერთ ქალბატონს ცერებრალური დამბლით ჰყავს შვილი დაავადებული, პირადად მე მაქვს ღვიძლის ციროზი, მესამე ქალბატონი კი კოჭლია და ორივე მენჯ-ბარძაყის სახსარზე კოგსართროზი აქვს, იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, მაგრამ სოციალურად იმდენად დაუცველია, ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს. არცერთ ჩვენთაგანს ბინა არ გვქონდა და სხვებთან შეფარებულნი ვიყავით. მოგვიანებით დაგვირეკა მამრიკიშვილმა და გვითხრა, როდის გითხარით, რომ გრძელი ფეხები გაქვთ და შეიჭერითო? პირადად მე მელაპარაკა. ვუპასუხე, ჩემთვის არ გითქვამთ, მაგრამ, ვინც თქვენთან დადიოდა შეხვედრაზე, მათ თქვეს და მეც გავიმეორე-თქო. იმ ადამიანებს ამ კორპუსში შემოჭრის ხშირი მცდელობა აქვთ, თუმცა, ჩვენ არ ვუშვებთ. ერთ-ერთმა ქალბატონმა, ნინო თევდორაძემ, რომელიც აცხადებდა, რომ არასამთავრობოდან იყო, უამრავი ადამიანი მოიყვანა, ჩვენს კორპუსში უნდოდათ შემოსვლა, თუმცა ჩვენ მაშინვე პოლიციას დავურეკეთ, არ გავაღეთ კარები და პოლიციამ უკანვე გაუშვა. იყო კიდევ მეორე მცდელობა, როცა ოცი კაცი შემოიჭრა, ჩვენ ვერ გავიგეთ მათი შემოჭრის ამბავი და როცა გავიგეთ, ეს ხალხი გავუშვით. შეიძლება, ისინი მართლაც გაჭირვებულები არიან, თორემ ასე შემოჭრას ვინ გარისკავდა, მაგრამ არ გვინდოდა, ეს დაბრალებოდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ახალ მთავრობას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია ახალი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ვითომ იგი გაჭირვებულებს არ პატრონობს.

რკინიგზაში რომ ხალხი შეიჭრა, მეორე დღეს მერიამ იქ ლეიბები და საჩუქრები მიიტანა. მაშინ, როცა იცოდნენ, რომ აღნიშნული შენობა მერიის ბალანსზე არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ჩვენთან კი 1-ელ იანვარსაც არ მოსულა მერიის წარმომადგენელი. ეს მაშინ, როცა მერიის ბალანსზე ვიმყოფებით, არც პური გვაქვს და დღემდე ვშიმშილობთ.

ანუ, თქვენი მოთხოვნაა, რომ კორპუსში მხოლოდ სოციალურად დაუცველები დაბინავდნენ და არა თვითმარქვია ან მართული ადამიანები?

- დიახ, რეალურად გაჭირვებულები უნდა დაკმაყოფილდნენ. დღემდე ერთმანეთი გაგვყავს და ასე ვარსებობთ, ათი დღის ჩვილიც გვყავს აქ, მისი დედაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელაა. წყალს მეზობლებისგან ვეზიდებით. ახლა კი დენი გაგვითიშეს და გამწარებულები ვართ. მამრიკიშვილსაც დავურეკეთ და არ შემიძლია, თანაც, არც სურვილი მაქვს, დაგეხმაროთო. სამი კვირის წინ ორი ქალბატონი მივიდა მამრიკიშვილთან და მან ასეთი რამ უთხრა, მე მივმართე შს სამინისტროს, რომ ამ კორპუსიდან გამოგიყვანოთ პოლიციის ძალით და თუ ეს მთავრობა მართლა მთავრობაა, გამოგიყვანთ. თუ არადა, მაშინ თქვენს წინააღმდეგ ღონისძიებას არ გაატარებენო. ახლა ვაკე-საბურთალოს გამგეობის დახმარება გვჭირდება, რადგან ინვალიდებს დენი გაგვითიშეს.

For.ge ვაკე-საბურთალოს გამგეობის ცხელ ხაზზე რეკავდა, რათა ამ ადამიანებისთვის დენი ჩაერთოთ, მაგრამ, ალბათ, იმის გამო, რომ შაბათი დღე იყო, არავინ გვიპასუხა. თუმცა, ამ ადამიანების დახმარება მერიის პრესსამსახურსაც ვთხოვეთ.  

For.ge რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილ დარეჯან გველესიანსაც ესაუბრა. იგი აცხადებს, რომ ამჟამად რკინგზის საავადმყოფოს შენობაშია შეხიზნული და სხვა ადამიანებთან ერთად, გაუსაძლის მდგომარეობაშია. მის მსგავსად, ამ ფართში სხვა გაჭირვებულებიც არიან, ზოგიერთ მათგანს სოციალურად დაუცველი ინვალიდი შვილი ჰყავს, ზოგიც მრავალშვილიანი და უსახლკაროა. ამდენი ხნის მანძილზე ისინი პასუხს ელოდნენ მერიისგან, მაგრამ - ამაოდ. მერიამ მათ ყურადღება არ მიაქცია. ამდენად, დარეჯან გველესიანს ახალი მთავრობის იმედი აქვს და ფართს მოითხოვს.

როცა დავინტერესდით, რატომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, იგი უსახლკარო არ არის და ამ სტატუსის მოპოვებას ცდილობს, დარეჯან გველესიანმა გვითხრა, რომ სიმართლეს გენერალური ინსპექცია დაადგენს, რის შემდეგაც უსახლკაროები შესაბამის ფართს მიიღებენ. ამ ეტაპზე კი ისინი დროებით ფართში იმყოფებიან, თუმცა მომავალში მუდმივ ფართს ელიან.