„ოპოზიცია ხან მამა დავითზე ეფიცებოდა ერთმანეთს ერთობას, ხან წიწამურში, მაგრამ მათი ერთობა ორ კვირასაც ვერ ძლებდა, ეს ოპოზიცია კი ამ მხრივ გინესის წიგნშია შესაყვანი“

„ოპოზიცია ხან მამა დავითზე ეფიცებოდა ერთმანეთს ერთობას, ხან წიწამურში, მაგრამ მათი ერთობა ორ კვირასაც ვერ ძლებდა, ეს ოპოზიცია კი ამ მხრივ გინესის წიგნშია შესაყვანი“

ანალიტიკოსები და ოპოზიციონრები იმთავითვე ფიქრობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლის შანსს კიდევ ერთხელ მისცემდა ოპოზიციას. ოპოზიციონერი დეპუტატი კაკო ბობოხიძე ელოდა, რომ მმართველი გუნდი მოძებნიდა საბაბს, რათა არ დაეკმაყოფილებინა დეპუტატების განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, რაც ავტორიტარიზმისა და თვითნებობის გამოხატულება იქნებოდა.

„გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიასაც მსგავსი მოლოდინი ჰქონდა და წინმსწრებად აცხადებდა, თუ ხელისუფლება ოპოზიციას მანდატებს არ ჩაუხსნიდა, ეს დაარბილებდა ურთიერთობას პოზიცია-ოპოზიციას შორის და იქნებოდა კეთილი ნების ჟესტი, რის შემდეგაც ოპოზიციასაც მოუნდებოდა საუბარი ხელისუფლებასთან.

მართლაც, ახდა ეს მოლოდინი და ხელისუფლებამ 51 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმება გადაიფიქრა და გადაავადა, რის შემდეგაც გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ სხვა დეპუტატებიც გაივლიან ალეკო ელისაშვილის გზას.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მოელის, რომ ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან მათი გადაბირების იმედით.

„ჯერჯერობით ელისაშვილისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა ოპოზიციონრები არ შედიან პარლამენტში და ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მათი გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს არ არის „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი. სხვათა შორის, სააკაშვილიც ცდილობდა, მის დროს საპარლამენტო ავტორიტარიზმი არ დაფიქსირებულიყო, ზუსტად ამიტომ ცდილობდა, გამოეყენებინა ქდმ (ქრისტიან-დემოკრატები), თუმცა მის დროს საპარლამენტო ავტორიტარიზმი მაინც იყო და ქდმ-ს შესვლით, ამ ხუთმა ვაიდეპუტატმაც კი ვერ გამოასწორა სააკაშვილის სახე. აქედან ერთ-ერთი დეპუტატი დღეს გაქანებული ანტინაცია და მეცინება ხოლმე, რადგან „ნაცმოძრაობის“ პერიოდში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის პირდაპირი დამქაში იყო, დღეს კი გახდა მაგარი ანტინაცი. ასეთი რამეებიც ხდება ჩვენს პოლიტიკაში“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იმთავითვე ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნება“ სიებს არ ჩახსნიდა, ვინაიდან „ქართულ ოცნებაში“ ყველა უჭკუო არ არის.

„ბოლოს და ბოლოს, ორი კომიტეტის თავმჯდომარე ჩემი ყოფილი სტუდენტია, წულუკიანი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. ორივე კარგი სტუდენტი იყო, სხვებიც იქნებიან ასეთები. მათ იციან ერთი რამ, რომ ე.წ. „ევროპელი სოციალისტები“ ისეთივე სოციალისტები არიან, როგორიც ევროპელები და ისეთივე ევროპელები არიან, როგორიც სოციალისტები. ელისაშვილი კი მალე ქართველი პინოქიო გახდება, ასე შეიძლება შევიდეს ისტორიაში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, პრაგმატულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუნარჩუნა უფლებამოსილება იმ იმედით, რომ 51-დან ეგებ კიდევ ერთი გაბრიყვდეს და შევიდეს პარლამენტში, შემდეგ ამას მეორე მიჰყვეს, მერე მესამე და ნელ-ნელა ასე შევიდეს ოპოზიცია ამ მოწვევის პარლამენტში. ოპოზიციონრების გადაბირება დღეს აქტუალურია, რადგან საქართველოსთვის ოპოზიციის ერთობა მაინც უცხო ხილია.

სოსო ცინცაძის თქმით, ასეთი ერთობა პირველია, რადგან ყველას კარგად ახსოვს, ჩვენი ოპოზიცია ხან მამა დავითზე ადიოდა, იქ ეფიცებოდა ერთმანეთს ერთობას, ხან წიწამურში მიდიოდა და იქ ეფიცებოდა ერთმანეთს, მაგრამ მათი ერთობა ორ კვირასაც ვერ ძლებდა. დღეს უკვე ამ ოპოზიციის ამდენხნიანი ერთობა გინესის რეკორდების წიგნშია შესაყვანი. ამდენად, ჩვენმა პარლამენტარმა ჭკვიანმა ბიჭებმაც და გოგოებმაც კარგად იციან, რომ ევროპას ვერ მოატყუებენ, თითქოს ჩვენს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა - „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და „ქართული ოცნება“. სინამდვილეში, ეს პარლამენტი ერთპარტიულია. ამ საკითხს გინდ იქიდან მიუდგნენ, გინდ აქედან, სანამ მთავარი ოპოზიციური ძალიდან - „ნაცმოძრაობიდან“ ვინმე არ შევა პარლამენტში, მანამ არაფერი შეიცვლება. „გირჩი“ კი გინდ შესულა პარლამენტში, გინდ არა.

„მე წავიკითხე მემორანდუმი, სინამდვილეში, ეს მემორანდუმი არ არის. მემორანდუმი არის, როცა ერთი მხარე მეორეს თავის ხედვას გადასცემს, ეს კი შეთანხმებაა. დიპლომატიაში მემორანდუმი სხვა არის, კომუნიკე სხვა არის, ხელშეკრულება სხვა არის. გარდა ამისა, შიგნით იმდენი ორაზროვანი დეტალები და წყალქვეშა რიფებია, რომ აშკარაა, ელისაშვილი და იოსელიანი (რომელიც უფრო სერიოზული ბიჭი ჩანს) გააბითურეს. კახეთში იციან, წყალზე წაიყვანეს და წყალი არ დაალევინესო, ზუსტად ასეა, ხელი მოაწერინეს „ტუფტა“ ხელშეკრულებას, ამით არაფერი არ გაუმჯობესებულა. მოხდება ისე, როგორც მარტის ხელშეკრულების დროს, წრის კვადრატურასავითაა, ტექსტი ერთია, მაგრამ ამ ტექსტს ერთი ერთნაირად კითხულობს, მეორე-მეორენაირად. ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. შევარდნაძის დროს, მიშას დროს და დღესაც ევროსაბჭო ღებულობდა და ღებულობს დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებს ოპოზიცია თავის სასარგებლოდ კითხულობდა და კითხულობს, მმართველი პარტია - თავის სასარგებლოდ. ელისაშვილი და იოსელიანი შეიძლება კარგი ბიჭები არიან, მაგრამ მოლაპარაკების დროს გამოცდილება არ აქვს არც ელისაშვილს, არც იოსელიანს. თვითონაც ისე ღრმად შევიდნენ, რომ უკან დახევის საშუალება აღარ ჰქონდათ. უცებ რომ ეთქვათ, აღარ ვაწერთ ხელს და გამოვდივართ პარლამენტიდანო, ოპოზიცია მათ აღარ მიიღებდა. ძველ ბიჭებს უყვართ გამოთქმა „გაფუჭებული ქურდიაო“, ესენიც ცოდოები არიან, ორივე ახალგაზრდაა, მათგან შეიძლებოდა წლების განმავლობაში კარგი პოლიტიკოსები დამდგარიყვნენ, ბრძოლის ჟინი, პრინციპულობა, ცოტა ქარიზმის ნიშნებიც ჰქონდათ. ალეკო პოპულარულიც იყო, მაგრამ ეს პოპულარობა ვერ აქცია დივიდენდების მომტანად“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.