„დასაქმება“ ნაციონალურად

„დასაქმება“ ნაციონალურად

დასაქმების პროგრამისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი თანხის ფიქტიურად ხარჯვის გამო ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა. საქმე ეხება სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულმა 21 ათასზე მეტმა პირმა, გამოძიების ინფორმაციით, ხელფასი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამაში მონაწილეობისთვის მიიღო. სინამდვილეში, ფიქტიურად დასაქმებულებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ყოველთვიურად მილიონობით ლარით ფინანსდებოდნენ. მაგალითად, „თბილსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ ბადრი ბასიშვილი, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახნელიძე, მამუკა ხერხეულიძე. ისინი  216 075 ლარით დაფინანსდნენ.

ასეთივე სქემა მოქმედებდა „სინათლის ქალაქშიც“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც დასაქმებულები იყვნენ ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, კოტე გაბაშვილი, ლაშა მაქაცარია და სხვები.

მუნიციპალური დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებში 5000 ლარად კი მუშაობდნენ გიორგი ასანიძე, ხათუნა ოჩიაური, კოკა სეფერთელაძე, ლაშა დამენია, ზაალ გამცემლიძე, რუსუდან კერვალიშვილი.

ბოლო დროს საზოგადოებამ იმის შესახებაც შეიტყო, რომ საზმაუს შემოწმებისას მსახიობი გოგოლა კალანდაძე გაფორმებული იყო პეტეეს-ის (პირდაპირი ტრანსლიაციის სატრანსპორტო საშუალების) მძღოლად და 3000 ლარი ხელფასი ერიცხებოდა. მსგავსი ფაქტები 700-მდე აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ თეატრალური კვარტეტის ბიჭების დასაქმების შესახებ, რომლებიც ისან-სამგორის რაიონის №2-ე განყოფილებაში დამგველ-ალპინისტის შტატზე იყვნენ გაფორმებულნი და სახელფასო ანაზღაურების სახით, საერთო ჯამში, 71 338 ლარი აქვთ მიღებული შეუსრულებელი სამუშაოსთვის. 

ე.წ. მკვდარი სულების დასაქმების შესახებ For.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრს კაკო ბობოხიძეს ესაუბრა.

იმ ფონზე, როცა საქართველოში მილიონ ნახევარი ადამიანი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ არის, მორალურად, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ ყოფილი ჩინოვნიკები ყოველთვიურად მილიონობით ლარს იღებდნენ? 

- რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ პროგრამაში ადამიანების ნაწილი არჩევნების ბოლო თვეს ჩაერთო, თუმცა ნაწილი მანამდეც იყო ჩართული. ვინც უფრო ადრე გახლდათ ამ პროგრამაში, მათ გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებული აქვთ და გარკვეული საინფორმაციო ბაზაც უკვე არსებობს. ადამიანების ნაწილი კი ჩაერთო არჩევნების წინა თვეს და ეს პროგრამა უბრალოდ შეწყდა 1-ელი ოქტომბრის საარჩევნო შედეგების გამო. მე არ ვიცი, რამ გამოიწვია ამ ადამიანების საქმიანობის შეწყვეტა და გამოიწვია თუ არა იმან, რომ მთავრობა შეიცვალა. არც ის ვიცი, შეასრულებდნენ თუ არა ისინი იმ დავალებას, რისთვისაც იყვნენ აყვანილნი, თუკი მთავრობა არ შეიცვლებოდა. ის, რომ ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ალბათ, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ, მეც ვინმემ რომ მითხრას და მთხოვოს რეკომენდაცია გავუწიო ადამიანებს, ბუნებრივია, რეკომენდაციას იმ ადამიანებს გავუწევ, რომელთაც ვიცნობ და იმათ ვერ გავუწევ რეკომენდაციას, ვისაც არ ვიცნობ.

იმ ფონზე, როცა ამდენი ხალხი შიმშილობდა, ხომ არ ჯობდა, უბრალო ადამიანების დასახმარებლად მიმართულიყო თანხები და არა წინასაარჩევნო მიზნებისთვის?

- თქვენ ვინმე ბრალიანი ადამიანი ნახეთ ამ სიაში?

არსებობს სხვა სიებიც, სადაც ჩინოვნიკები და მომღერლები არიან გაფორმებულნი. მაგალითად, გვყოლია ალპინისტი მომღერლები.

- ეს დასაქმების სააგენტოში აყვანილ ხალხს არ ეხება, მაგრამ გეთანხმებით, ეს ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო და ეს იყო არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული პრაქტიკა, არამედ სამწუხაროდ, აღნიშნული მოდელი საქართველოში ათეულობით წლების განმავლობაში არსებობდა, რიდესაც ესა თუ ის ჯგუფი ფორმალურად არსებობდა სხვა შემოსავლებით და ამ დროს აკეთებდა სულ სხვა საქმეს. თუ მომღერალთა ეს ჯგუფი ღირებული იყო ქართული საზოგადოებისა და კულტურისთვის, მაშინ მიმაჩნია, მათთვის რაღაც ფორმით გამონაკლისი უნდა დაშვებულიყო. იმავე ლოგიკით, მაშინ რუსთაველის თეატრსაც არ უნდა ვინახავდეთ და რუსთველის თეატრი თავისი შემოსავლებით უნდა ირჩენდეს თავს. ამიტომ რუსთაველის თეატრს საიდან შევინახავთ, პირდაპირ მივცემთ ბიუჯეტს თუ სადღაც გავაფორმებთ?! თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ, თუ ჩაითვალა საჭიროდ, რომ ამ ჯგუფს უნდა დავხმარებოდით, ალბათ, ჯობდა სხვანაირად დავხმარებოდით.

ამ შემთხვევაში, უბრალო ხალხზე მაქვს აქცენტი. ქვეყანაში იყვნენ მრავალშვილიანი დედები, მოშიმშილე ადამიანები. როგორ გგონიათ, ასეთ დროს პრიორიტეტები არ უნდა განსაზღვრულიყო?

- ბოდიშს ვუხდი, რომ ხალხი შიმშილობს, მაგრამ ჩვენ რუსთაველის თეატრს ვაფინანსებდით. მარჯანიშვილის თეატრი არ უნდა დაგვეფინანსებინა?

თეატრებზე არ გეუბნებით, აქ ცალკეულ ადამიანებზეა საუბარი.

- ესეც იყო ქართული კულტურის სახე.

ჩვენისთანა ქვეყანაში ხომ არ ჯობდა პრიორიტეტები სხვაგვარად გადანაწილებულიყო?

- ალბათ, აჯობებდა და ზუსტად იგივე უნდა გავავრცელოთ კულტურის სხვა სფეროებზეც მაშინ, როდესაც გვყავს უამრავი დამშეული ადამიანი, რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრებმა რამენაირად თავიანთი საქმიანობით უნდა ირჩინონ თავი.

ტარიელ ხიზანეიშვილის ერთგვარ აღსარებასაც გამოვეხმაუროთ, რუსუდან კერვალიშვილი და სხვები, მათ შორის, პარლამენტარები, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ ე.წ. სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმების შედეგად. არადა, მათი ფინანსები ისედაც სოლიდურია.

- არსებობს სამეთვალყურეო საბჭოები და ამ საბჭოების საჭიროება არც ახალ ხელისუფლებას არ დაუსვამს კითხვის ნიშნის ქვეშ. სამეთვალყურეო საბჭოები არ არის მარტო მერიის მიერ დაქვემდებარებულ სამსახურებში, არამედ ეს არის ცენტრალური სამსახურების მიერ დაქვემდებარებულ უწყებებშიც, სადაც, ასევე, წარმატებით არიან დასაქმებულნი საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, ოღონდ უკვე „ქართული ოცნებიდან“. ზოგადად, უნდა განვიხილოთ ამა თუ იმ სამსახურების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის არის თუ არა საჭირო სამეთვალყურეო საბჭოები?! თუ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ არ არის საჭირო ან მათ მიერ საქმიანობაში შეტანილი წვლილი არ ღირს იმ ხარჯად, რა ხარჯიც ამ საბჭოების არსებობას მოჰყვება, მაშინ ზოგადად უნდა ვიმსჯელოთ ამ საბჭოების გაუქმებაზე.

თუმცა, ჯერჯერობით, სამეთვალყურეო საბჭოების არსებობის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ არც ახალ ხელისუფლებას არ დაუყენებია.

არ ფიქრობთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოში რუსუდან კერვალიშვილის მოღვაწეობა ფიქცია იყო და ის სამშენებლო ბიზნესშიც წარმატებითაა ჩართული?

- კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ ვიცი, ფიქციაა თუ არა კოკა გუნცაძის სამეთვალყურეო საბჭოში ყოფნა.

ეს ერთეული ფაქტია და ტარიელ ხიზანეიშვილის ჩამონათვალში უამრავი შეძლებული ნაციონალი იყო სამეთვალყურეო საბჭოებში.

- ცალკე აღებული თითოეული შემთხვევა, მართალია, ერთეული შემთხვევაა, მაგრამ ერთად აღებული რამდენიმე შემთხვევა უკვე აღარ არის ერთეული. სამეთვალყურეო საბჭოების ფუნქციონირების საჭიროება ჯერჯერობით ახალ ხელისუფლებასაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ სჯობს, ვიმსჯელოთ სამეთვალყურეო საბჭოების საჭიროებაზე. სამეთვალყურეო საბჭოში შესვლის კრიტერიუმი ვერ იქნება მრავალშვილიანობა ან ადამიანის განსხვავებული სოციალური მდგომარეობა.

იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რატომღაც დამკვიდრდა ისეთი პრაქტიკა და ისეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა საზოგადოებაში, თითქოს კორუფცია აღარ იყო. გასაგებია, საქართველოში კორუფცია აღარ იყო დაბალ რგოლში, მაგრამ მაღალ რგოლში არსებული კორუფცია კითხვებს აჩენდა. თუკი ქრთამს არ იღებდა დაბალი რგოლის საჯარო მოხელე, არ ნიშნავდა, რომ ჩვენთან არ ყოფილა კორუფცია. ეს შეეხება როგორც ბიზნესთან დაკავშირებულ თემებს, ისე სხვადასხვა საწარმოებთან გაფორმებულ კონტრაქტებს.

„ის, რომ კონტრაქტები იდებოდა არარსებულ პირებთან, ბუნებრივია, ასეთი სახის შრომითი კონტრაქტები დარღვევაა, რადგან აუცილებელია, მიზნობრივად იხარჯებოდეს სახელმწიფო სახსრები და ფიქტიური ხელშეკრულებების დადება, როცა რეალურ მომსახურებას არ ახორციელებს კონკრეტული მხარე, დაუშვებელია.  მით უფრო, საჯარო დაწესებულებებში, როცა საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამდენად, ეს შეიძლება ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე განმარტებით, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე უნდა წყდებოდეს სამეთვალყურეო საბჭოების შექმნის საკითხი და არა კონკრეტული ადამიანების ინტერესიდან გამომდინარე, რაც ისევ და ისევ კორუფციას უკავშირდება. ამით მხოლოდ ცალკეული ადამიანი საქმდება და მატერიალურ სარგებელს ნახულობს, მაშინ, როცა საჯარო ინტერესი უკანა პლანზე გადადის.