„უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – ეს განცხადება ექს–პრეზიდენტმა 2007 წლის 12 მაისს გააკეთა.
სწორედ ამ დროს შეათანხმა მიხელ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დავითგარეჯის საკითხი. თავადე აღიარებს, რომ სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანს სჭირდება, ამიტომ ილჰამ ალიევს მოურიგდა უდაბნოს მთის თხემზე არსებულ სტრატეგიული სიმაღლის გადაცემის თაობაზე. ამ მორიგების შემდეგ ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს ტერიტორიაზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადების პარალელურად, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩნდებიან თხემზე და იკავებენ ჩიჩხიტურის კოშკს, ასევე უდაბნოს მონასტერს. სწორედ ამ პერიოდიდან დავითგარეჯში მოღვაწე ბერებს ეკრძალებათ სამონასტრო კომპლექსის, უდაბნოს მონაკვეთზე გადაადგილება, რაც დღემდე გრძელდება.
ექს–პრეზიდენტის ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას 2012 წლის 15 მაისს გამოეხმაურა კათოლიკოს–პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დავითგარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს.
„ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა, ფაქტობრივად, საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის.
პირდაპირ წარმოუდგენელია, მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტებისკენ, კომუნისტური მმართველობის პერიოდისკენ, თითქოს მაშინ გადაეცა აზერბაიჯანს. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
თუ ეს მაშინვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით?! ძალიან სამწუხაროა ეს ყოველივე. გამოდის ისე, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა. ძნელად წარმომიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
სააკაშვილის განცხადება რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, დარწმუნებულია უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, სააკაშვილის განცხადება გამოძიების თემა უნდა იყოს. მისი თქმით, ექს–პრეზიდენტს არ ჰქონდა არანაირი უფლება, ეს განცხადება გაეკეთებინა, ვიდრე იქნებოდა შესაბამისი კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, დღეს ამ საკითხის გადაწყვეტის გზა არის რუკები, რომელზეც მკაფიოდ ჩანს, სად გადის საზღვარი და მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან სწორედ ამ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.
„სავარაუდოდ, ეს რუკები იმიტომაც ჰქონდათ გადამალული სააკაშვილს, კომისიას და მისი მთავრობის წევრებს, რომ ამ რუკებზე ნათლად ჩანს ის ზღვარი, რომელიც ნამდვილად არ გადის ქედზე, რომელიც ასე უაპელაციოდ მიაკუთვნა სააკაშვილმა მეზობელ და მეგობარ ქვეყანას. 2005–2006 წლებამდე დავითგარეჯის ორი მონასტერი, უდაბნო და ჩიჩხიტური იყო საქართველოს შემადგენლობაში.
ქართველი მესაზღვრეები იდგნენ ამ უდაბნოს ქედის ძირში სამხრეთით, შესაბამისად, ორივე მონასტერი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. 2006 წელს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ქართველი მესაზღვრეები ამოდიან ქედზე და შესაბამისად, ქედის წვერიც და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშ ექცევა. ისინი ამოდიან ზემოთ და ამას არ ჰქონდა არანაირი დასაბუთება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხაზგასმით ამბობს, რომ საბოლოოდ გაირკვა სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავითგარეჯს.
„ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები, თავისუფლებააღკვეთილი პირების დამჩაგვრელები, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარეს რუს ოკუპანტს და არა მხოლოდ, უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს ეს ადამიანები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
განცხადებების პარალელურად, პროკურატურა აგრძელებს საქმის ფიგურანტების დაკითხვას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით დარჩიაშვილი, რომელიც 2012 წელს თანაპარტიელებთან ერთად ამტკიცებდა, რომ საზღვარი აზერბაიჯანთან გადის ქედზე და მონასტრის ორი პროცენტი ექცევა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამი საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების კითხვებს.
„მე კარტოგრაფი არ ვარ, მე ვარ ისტორიკოსი. მე მათგან ვიცი, ასევე გამოძიიებასაც ვუთხარი, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, დავდიოდი გარეჯში და როგორც კი ავდიოდით თხემზე იქაურები – სამღვდელოების წარმომადგენლები, გეოლოგები, მხატვრები სხვადასხვა ხალხი გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ თხემის იქით უკვე აზერბაიჯანის ტერიტორია იწყება. ეს იყო ჩემი ცოდნა სტუდენტობიდან მოყოლებული. რაიმე სპეციალური გამოკვლევა არ ჩაგვიტარებია“, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის შემდეგ, პროკურატურაში ყოფილ დეპუტატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ელოდებიან. ასევე, გამოძიებამ მესამედ დაკითხა სადელიმიტაციო–სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, მალხაზ მიქელაძე. როგორ განვითარდება პროცესები და ვის წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, ამას გამოძიება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იტყვის. სანამ გამოძიება უმძიმეს საქმეზე ბრალდებულების ვინაობას დაასახელებს, ამ საქმის მთავარ ფიგურანტად ანალიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ.
თანამონაწილეობის გარდა, სხვა ვერსია არ აქვს რამაზ საყვარელიძეს. პოლიტოლოგის განცხადებით, რაც არ უნდა კარგი მეზობელი გყავდეს, მისი ტერიტორიული ინტერესი, შენი ქვეყნის ტერიტორიულ ინტერესებზე მაღლა დააყენო, უკვე დანაშაულია.
„უნდა მოხდეს“ – ამბობს სააკაშვილი, ასეთ დროს „უნდათი“ არ წყდება საკითხი. „უნდა“ ამ შემთხვევაში გაუგებარი ტერმინია. ეს დათმობა და მით უმტეს ასეთი ფორმულირებით, ძალიან უხერხულ მდგომარეობას უქმნის საქართველოს. ამ შემთხვევაში არ ჩანს, რომ საქართველომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რამე დათმო.
სამწუხაროდ, საქართველო არ ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სააკაშვილმა აზერბაიჯანის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა. ამბობს კიდეც, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, სხვა ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს დაცული, რაც სრულიად გაუგებარია“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას გარდა, გამოძიებამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავოს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. როგორც აბაშიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ხმაურიან დაკავებებს აუცილებლად ელოდება, რადგან მისი თქმით, ბუნებრივია, კარტოგრაფების დონეზე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაწყდებოდა.
„მართალია, დროებით და არა საბოლოოდ, მაგრამ ბუნებრივია, რომ დასასჯელი აუცილებლად დაისჯება – ვინც მაშინ იყო ხელისუფლების სათავეში და ახლაც არის - იქნება ეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, თუ დაზვერვა. მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს ერთი თვისება, რომ მას წამოსცდება და თავად აღიარებს საკუთარ დანაშაულებებს.
2007 წლის 12 მაისის განცხადებით პირდაპირი აღიარა, რომ სიტყვიერი შეთანხმებით მიაღწია ისეთ უაზრობას, რა მოცემულობაც, სამწუხროდ, დღეს გვაქვს. დავითგარეჯის საქმე იმდენად აქტუალურია და იმდენად მშობლიურია ქართული საზოგადოებისთვის, რომელშიც არ შედიან „ნაციონალური მოძრაობა“ და სექტანტები, აუცილებლად ბოლომდე მივა, პროკურატურის მხიდან დასასჯელი დაისჯება. დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ამ საკითხს ისე გადაწყვეტენ, რომ არ დაზიანდეს არც ერთი ქვეყნის ინტერესები“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.
გეოგრაფი, სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი რუსუდან თევზაძე ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადება - „ჩვენ შევთანხმდით, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს“, - დანაშაულებრივია და ფიქრობს, რომ შესაძლებელია, სპეციალურად გააკეთა ამგვარი დივერსიფიცირება საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ვერ ერკვევა ამ საკითხში.
„დავითგარეჯი ისტორიულად ჩვენია, იქ გაიშალა რელიგიური საქმიანობა, ეს ერთ–ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. რაც შეეხება სტრატეგიულ სიმაღლეებს, რომელზეც სააკაშვილი ლაპარაკობს – სტრატეგული სიმაღლე, სწორდ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ტოლფასია და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით. ამიტომ, მით უარესი, თუ დათმო და ამის ლუსტრაცია იყო სააკაშვილის განცხადება, რომ აზერბაიჯანისთვის საჭიროა ის სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების დაცვის და თავდაცვის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
ამ კომპონენტის მიზანმიმართულად, გააზრებულად, შეგნებულად გადაცემა და თან ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლეები საჭიროა აზერბაიჯანისთვის, ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია. აღიარებს, რომ ამ სიმაღლის გადაცემას გააჩნია სახელმწიფოებრივი საჭიროება აზერბაიჯანისთვის. ეს განცხადება მყარი არგუმენტია გამოძიებისთვის, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რუსუდან თევზაძემ.