„კოჰაბიტირებულები ვიყავით და მაინც არ გვალაპარაკეს სააკაშვილს“

„კოჰაბიტირებულები ვიყავით და მაინც არ გვალაპარაკეს სააკაშვილს“

სააკაშვილმა რეგიონებში ჩასვლას ისევ მოუხშირა. თუმცა ამჯერად მისი ვოიაჟები თავსატეხად იქცა სამართალდამცავებისთვის, რომლებსაც მოსახლეობასა და პრეზიდენტს შორის გამშველებლის ფუნქცია ეკისრებათ. ახლაც სამეგრელოში ვიზიტისას ერთ-ერთმა ქალბატონმა პრეზიდენტის ესკორტს კვერცხი ესროლა, თუმცა ააცილა და სხვა მანქანას მოარტყა. ამის მიუხედავად, მეგრელი ქალბატონი დალი ლატარია აცხადებს, რომ მომავალში აბაშისწყალთან დახვდებიან პრეზიდენტს და არ მისცემენ უფლებას, ქუჩა-ქუჩა არბენინოს პროტესტანტები.

მართალია, დალი ლატარია ირწმუნება, რომ მან არ იცის, მის მიერ ნასროლი კვერცხი ვის მოხვდა, მაგრამ აცხადებს, რომ პროტესტის ეს ფორმა ყველა ქვეყანაშია მიღებული და საქართველო გამონაკლისი არ არის.

თუ რატომ გადაწყვიტა დალი ლატარიამ კვერცხის სროლა, ამის მიზეზი 2005 წლის 20 ნოემბერს იღებს სათავეს. კერძოდ, პრეზიდენტის უთავბოლო ვოიაჟების გამო  დალი ლატარია და მისი თანმხლები რამდენიმე ქალბატონი წლების წინ ქუთაისში გამოამწყვდია სააკაშვილმა კონსპირაციულ სახლში. ამიტომაც დღეს მასთან შეხვედრა სურდა, რათა ეკითხა, რატომ აყალიბებდა იგი საეჭვო რაზმებს და რატომ გამოამწყვდია ერთ-ერთ სახლში?! თუმცა სამართალდამცავებმა იგი პრეზიდენტამდე არ მიუშვეს. მანაც კვერცხის სროლით სცადა ყურადღების მიპყრობა.

„ვადაგასული პრეზიდენტია, რომელსაც არსად არ მიესვლება და ღობე-ყორე დაეთრევა“, - განაცხადა ლატარიამ.

დალი ლატარია ერთადერთი არ იყო, ვინც სააკაშვილს ხმაურით დახვდა. როგორც კი დაჭრილი პოლიციელის მონახულების შემდეგ პრეზიდენტი სოფელ ნარაზენში გაემართა, სოფლის ცენტრში მას ორგანიზაცია დაიცავი საქართველოს ლიდერი კახა მიქაია რამდენიმე აქტივისტთან ერთად შეეგება. აქტივისტები გზის იმ ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, სადაც სააკაშვილს უნდა გაევლო. სწორედ ამ დროს მოხდა კვერცხის სროლა მისი ესკორტისთვის.

სამეგრელოში სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით For.ge კახა მიქაიას ესაუბრა.

რა მოხდა ნარაზენში და რატომ ვერ მოახერხეთ სააკაშვილთან შეხვედრა?

- გაიქცა პრეზიდენტი, ხალხთან შეხვედრის შეეშინდა, 15 კაციანი შეხვედრა მოაწყო იმ სახლში. იგი მიჩვეულია წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებს და ვერ იტანს ალტერნატიულ აზრს, პოლემიკას, ამიტომ შეეშინდა საზოგადოების წევრებთან შეხვედრის და გაიქცა. საოცრება ის იყო, რომ მოვიდა მანქანით და გაიქცა თვიმფრინავით. პოლიციამ არ მიგვიშვა სააკაშვილთან სალაპარაკოდ. გამოიძახეს სპეცრაზმი, მთელი სამხარეო პოლიცია მობილიზებული იყო. ჩვენ მასთან შეხვედრა გვინდოდა, რადგან ვართ კოჰაბიტირებულები. ვიფიქრეთ, მოდი, ახლა მაინც შევხვდეთ-თქო პრეზიდენტს და ამ დროს სააკაშვილი გაიქცა.

კითხვების დასმა გინდოდათ პრეზიდენტისთვის

- რა თქმა უნდა, გუნავა და პრეზიდენტი რომ გვიწოდებდნენ, კრიმინალებიო, ამ დროს კრიმინალები თვითონ არიან. საზოგადოება კრიმინალი არ არის, კრიმინალი იყო წინანდელი ხელისუფლება. სწორედ კრიმინალებს ეშინიათ საზოგადოებისგან წამოსული კითხვების, საზოგადოების რისხვის. ამიტომ გაიქცა მიშიკო ზუგდიდიდან. იმდენი კითხვა გვქონდა მასთან, For.ge კი არა, ვერცერთი საიტი ვერ დაიტევს. მთავარი კითხვა ასეთი იყო, რატომ შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ზონდერბრიგადები, რატომ არბევდა ხალხს? 26 მაისს რა გააკეთა? 7 ნოემბერს რა ჩაიდინა? ვინ იყო მეგის ქარდავა? ვინ არის გუნავა? რატომ აწამებდნენ ხალხს და  აყალბებდნენ არჩევნებს?

კვერცხიც ამიტომ ესროლეს?

- დიახ, კვერცხი დალი ლატარიამ ესროლა ესკორტს. ის არ მალავს ამას და ამიტომაც დააკისრეს ასლარიანი ჯარიმა. ამით მან პროტესტი გამოხატა, რადგან თავის დროზე  24 საათი აყურყუტეს სადღაც სახლში, პირდაპირი მნიშვნელობით, დაიჭირა პრეზიდენტმა, მისი ბრძანებით მოხდა ეს და დღემდე არ იცის დალიმ, რატომ დაიჭირა პრეზიდენტმა.

ადგილობრივის ოჯახში რომ გამართა შეხვედრა? როგორც ჩანს, სამეგრელოში მას მაინც ჰყავს თანამოაზრეები.

- უბრძანეს იმ ოჯახს და რა ექნათ?! იმ ოჯახის პატრონს გუბერნიის ქვემოთ სასადილო აქვს გახსნილი და ასეთ ოჯახში მიიყვანეს. თანაც, არ უნდოდა საწყალს და ძალით მიუყვანეს პრეზიდენტი. 

კი მაგრამ, იგი, როგორც სააკაშვილის მასპინძელი, მისდამი დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა. ესეც დადგმული იყო?

- რა თქმა უნდა, მიშას სპექტაკლის დადგმის მეტი არაფერი უკეთებია ამქვეყნად. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ სასადილოს გამგეს ათქვმევინეს, მიშა მაგარიაო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი პერიოდულად სტუმრობს სამეგრელოს, ეტყობა, მეგრელებში გარკვეული დასაყდენი მაინც აქვს.

- დღეს ნახა მიხეილ სააკაშვილმა, რა დასაყრდენი აქვს სამეგრელოში. სააკაშვილს მარტო გუნავა და გუბერნია უჭერს მხარს, ასევე - საკრებულო.

თუ კიდევ ჩამოვა სააკაშვილი სამეგრელოში, რა განწყობით დახვდებით?

- რაც არ უნდა გაძვირდეს კვერცხი ზუგდიდის ბაზარში, ჩვენ მაინც სააკაშვილს კვერცხებით დავხვდებით.