ფასადური განახლება თუ ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება? რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ გადაწყვიტა, რომ პარტიის ახალი სახეებით შევსების დრო დადგა?
For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ განახლებით ენმ-ს შესაძლოა, რამდენიმე მიზანი ამოძრავებს. პირველი ის, რომ საზოგადოებას აჩვენოს პარტიის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია სააკაშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და საუბარი იმაზე, რომ მას სააკაშვილის გარეშე არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია, მცდარია. ამის პარალელურად, ამომრჩეველს აჩვენებს, რომ პარტიას ახალი სახეებით ავსებს, ძლიერდება, იზრდება და ბრძოლას აგრძელებს. ასევე არაა გამორიცხული, რომ ეს ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებაც იყოს, რადგან ენმ-ს იმედი აქვს, რომ გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში გამოვა და ხავერდოვანი რევოლუციის საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებს. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი სახეების პარტიაში შეყვანის მიუხედავად, მათი მთავარი ლიდერი ისევ სააკაშვილი რჩება, რომლის იდეოლოგია 2003 წლის წინანდელს არ სცდება და უკან დაბრუნებას ისევ ქუჩიდან ცდილობს. ამიტომაც ეს განახლება მხოლოდ ფასადურია, რომელიც საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად ხდება.
ეკონომიკა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა - ეს არის ის ძირითადი სფეროები, რომელზეც განახლებული ენმ იქნება ორიენტირებული.
პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალი წევრები, ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში წარადგინა.
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი - საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;
რეზო ჩომახიძე - ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;
ანა გოგოლაძე - საჯარო მმართველობის მაგისტრი;
სოფო ჯაფარიძე - ლექტორი, იმუშავებს ჯანდაცვის მიმართულებაზე;
ნონა მამულაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
ზვიად ქვლივიძე - ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
გიორგი თარგამაძე - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი; მანუჩარ ახალაია - სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
გიორგი ჩალაძე - იურისტი, მედიატორი;
ნიკა ობოლაძე - იურისტი;
ბაჩო დოლიძე - პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
გიორგი ხვედელიანი - პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სახეებს და პარტიის განახლებას მესამე პრეზიდენტი „მთავარი აქცენტების“ ეთერში გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას წარმატებული სამუშაოს ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ პარტიას ასეთი მასშტაბური განახლება არ ჰქონია, რაც შიდაპარტიული დემოკრატიის ნიშანია:
„მინდა მივულოცო ნიკა მელიას წარმატებული მუშაობის ჩატარება. ასეთი მასშტაბური შევსება „ნაციონალურ მოძრობას“ არ ჰქონია 2003 წლის შემდეგ და ეს მართლაც შედეგია შიდაპარტიული დემოკრატიის, იმიტომ, რომ ჩვენ პირველად, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები პარტიის ლიდერის და მალე ყველა არჩევნები, მათ შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩატარდება, ჩატარდება უკვე იმედი მაქვს ელექტრონული კენჭისყრით“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში ახალი სახეების მიყვანით, დროებით არჩია, რომ კონსტრუქციული პოლიტიკა გამოაცხადოს. თუმცა, ეს იქნება დროებითი და მას გარკვეული პიარის ელემენტები ექნება. აბაშიძე ამბობს, რომ პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და ამ შემთხვევაში რაიმე კონსტრუქციულობაზე საუბარი მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელიც ენმ-ს გარკვეული მიზნების შესრულებისთვის სჭირდება. მისი აზრით, სააკაშვილის შემთხვევაში საღი პოლიტიკა გამორიცხულია, ამიტომაც ეს იქნება მხოლოდ პირობითი მოვლენა, რომლითაც ენმ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის გადაბირებას შეეცდება.
„ენმ-ში მიხვდნენ, რომ ვადაგასული სახეები, რომელთა ირგვლივაც წარსულში ძალიან ბევრი კითხვები არსებობს, გვერდით უნდა ჩაეჩოჩებინათ. კი ბატნონო, ეს ახალგაზრდები თავიანთ სფეროებში საკმაოდ წარმატებულები არიან, თუმცა ვერც ერთ მათგანში პოლიტიკური ალღო და ამბიციები ვერ დავინახე. პოლიტიკური ალღო თუ არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში უსახური სახე ხდები, რომელიც მხოლოდ იმის საჩვენებლად სჭირდებათ, რომ პარტია განაახლეს. პოლიტიკური კუთხით, ამ 12 ადამიანში ქარიზამტული, წონადი და ავტორიტეტული ვერავინ ვერ დავინახე.
ვფიქრობ, ამ სახეებს ცოტა ხანს პარტიულ მედიებში გააპიარებენ, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება, რომ ეს კონსტრუქციულობა დროებითია და ნაციოანლებს როგორც დესქტრუქციულ ძალას, რეალურად არაფერიც არ შეუცვლია. დებატებიდან დავინახე, რომ ეს პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. ეს ნიშნები მიხეილ სააკაშვილის საუბრიდან დავინახე. მას ეს ახალი სახეები ე.წ. რეევოლუციური სცენარის დასაფარად სჭირდება. სანამ სააკაშვილი და სხვები ენმ-ის ლიდერები არიან, ეს პარტია თავისას არ მოიშლის“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთიანობა მყიფე და მსხვრევადია, რადგან ენმ-ს თავისი დღის წესრიგი აქვს და სხვა ოპოზიციონრების აზრი სულაც არ აინტერესებს. შესაბამისად, მათ მანამდე გამოიყენებს, სადამდეც დასჭირდება. აბაშიძე აცხადებს, რომ ნაციონალები პოლიტიკური საბნის თავისკენ გადაქაჩვას ცდილობენ და ამ ბოიკოტის რეჟიმით მოგებული მხოლოდ ის არის. ამიტომაც სააკაშვილმა მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის და რევოლუციური სცენარისთვის დაიწყო. ეს ახალგაზრდები კი, უბრალოდ, პოლიტიკური ფასადია. სხვებს აჩვენებენ თითქოს ნაციონალები კონსტრუქციული ძალაა, რომელიც ახალგაზრდებს იზიდავს.
„პოლიტექნოლოგიურად მსგავსი განახლება გამართლებულია, ოღონდ ნაციონალების შემთხვევაში ვერა, რადგან პარტიის მთავარი მიზანი დესტრუქცია და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობაა. რასაკვირველია, სააკაშვილი ნებისმიერ ფასად ეცდება, რომ ხელისუფლება კვლავ მოიპოვოს. ამისთვის კი ყველას და ყველაფერს გამოიყენებს. თუმცა ეს არის წარმოუდგენელი, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს მისი ხელისუფლებაში ისევ დაბრუნების ეშინია და არ უნდა. ამიტომ რა სახეებიც არ უნდა შემოიყვანოს პოლიტიკურ თამაშში, მისი მცდელობა მაინც განწირულია. უბრალოდ, პატარა პარტიებს ითრევს, რომლებიც თავისი ამ მცდარი გადაწყვეტილებით უკვე ნაციონალებთან არიან გაიგივებულები და მათ ამომრჩეველსაც წაართმევს. საბოლოო ჯამში კი, 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიცია ისევ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია“, - აცახდებს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუნდის განახლებით საზოგადოებასაც და პოლიტიკურ სპექტრსაც რამდენიმე რაღაცას შეიძლება უმტკიცებდეს. ერთი ის, რომ აჩვენონ, თითქოს, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს. ასევე მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განახლება არ ხდებოდა. ახლა კი, ამომრჩეველს აჩვენეს, რომ პარტიაში ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანები მიდიან და მათ გადაწყვეტილებას ბოიკოტთან დაკავშირებით საზოგადოება დადებითად ხვდება.
თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორი ახალი სახეებიც არ უნდა მიიყვანონ პარტიაში, ის თავისი იდეოლოგიით ისევ 2003 წლის ტაქტიკით მოქმედებს და ამ განახლებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა იმას, მელია პარტიაში დამოუკიდებლად იმოქმედებს თუ არა, რადგან სააკაშვილის გარეშე ამ პარტიას ხმას ამომრჩეველი არ მისცემს. შესაბამისად, მელიას მხოლოდ შემსრულების როლი აქვს და სააკაშვილის მისით ჩანაცვლება თავად მათ ამომრჩეველს არ უნდა.
„ნიკა მელია ახალი ლიდერია, ამიტომაც, როგორც ჩანს, პარტიამ ახალი სტრატეგია დასახა და მოქმედებაზეც გადავიდა. პარტიას ახალი ძალა სჭირდება და გადაწყობა ხდება. იმით რომ ახალგზარდების საზოგადოებისთვის წარდგენა მოხდა, ენმ-ს პიარის კუთხით, ეს ახლა ძალიან სჭირდება. ამით აჩვენებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება, ძლიერდება, ხალხი ემატება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ ახალგაზრდებში მოწონებულია.
თუმცა სერიოზულად თუ შევხედავთ და ვიცით, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზული რებრენდიგი მას არც განუცდია და ვერც განიცდის. რებრენდინგი მხოლოდ ახალი სახეების მოყვანით არ ხდება. როცა მის რეალურ ლიდერად ისევ სააკაშვილი რჩება, აქ რაიმე ცვლილებებზე საუბრი ზედმეტია. მთავარი ისაა, რომ ნაციონალები ისევ იმ პოლიტიკურ ძალად დარჩა, როგორიც ის 2003 წლიდან იყო. რა თქმა უნდა, ამ პარტიის იდეოლოგია, სტრატეგია და მოქმედება ისევ იგივეა. პროცესების ქუჩიდან დაწყების გადაწყვეტილება, ზუსტად ისეთივე სტრატეგიაა, რაც 2003 წელს იყო. ამიტომ, ახლა, რა ცვლილებაზე შეიძლება იყოს საუბარი?!“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისვე თქმით, დანარჩენმა ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ პარლამენტში შესვლით მესამე პოლიტიკური ძალა გამხდარიყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაენაცვლებინათ. ისინი ბოიკოტის გადაწყვეტილებით უდიდეს შეცდომას უშვებენ, რითაც ისევ „ოცნებას“ და ენმ-ს აძლიერებენ. ამიტომ ნაციონალები ახლა ოპოზიციის დანარჩენი ამომრჩევლის გადაბირებაზე იმუშავებს და ეს პარტიაში ახალი სახეების გამოჩენით უკვე დაიწყო. მას აქვს თავისი დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვება და დანარჩენ ყველას ამ მიზნების შესრულებისთვის გამოიყენებს.