მიუხედავად პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებისა, როდიდან შემცირდება საქართველოში გაზის ტარიფი, ჯერჯერობით, საბოლოო პასუხი არ არსებობს. წესით და რიგით, ბუნებრივი აირის 10 პროცენტით გაიაფება თებერვალში უნდა მოხდეს, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, თუკი თებერვლიდან შეუძლებელი იქნება ახალი ტარიფის განსაზღვრა, მაშინ ახალი საფასური 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
კალაძის ინფორმაციით, სამინისტროს შემდეგი კვირიდან შეეძლება კონკრეტული თარიღის დასახელება. მინისტრის ასეთი პოზიცია, მაინც და მაინც მოწონებით არ ხვდებიან მოქალაქეები. შემოდგომიდან მოყოლებული მათ პირდებოდნენ, რომ გაზი სწორედ ზამთრის პერიოდში გაიფდებოდა თანაც საგრძნობი კოეფიციენტით. მოგვიანებით, მთავრობას იმის აღიარება მოუწია, რომ ბუნებრივი აირი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიაფდებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ ეს პროცესი გაზაფხულამდე გადაიდო. ერთი სიტყვით, მომხარებელმა მთელი ზამთარი კვლავ უშეღავათოდ გაატარა.
ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, გაზის ჯერ საფასური ერთი წლით შემცირდება და ისიც მარტოოდენ 5 თეთრით. ეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგების ხარჯზე მოხდება. კალაძის მტკიცებით, სამუშაო ჯგუფი მუშაობას ტარიფის დამატებითი შემცირების რესურსების მოსაძებნად კვლავაც აგრძელებს. აზერბაიჯანულ მხარესთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, გაზის შემოტანა იგივე ტარიფით გაგრძელდეს.
თებერვლიდან გაზის ტარიფის 10%-ით შემცირების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა წინა კვირას პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექტროენერგიის ფასი 21%-27%-ით შემცირდა, საწვავის 10%-ით. ასევე, შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია. თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება. ვაგრძელებთ მუშაობას, დიდი სურვილი გვაქვს, რომ შევამციროთ გაზის ტარიფი და, მგონი, კიდევ შევძლებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ამ ეტაპისთვის თბილისის მოსახლეობას 1კბ/მ ბუნებრივი აირი 50,6 თეთრად მიეწოდება, ხოლო რეგიონებში ეს ტარიფი 49–დან 59 თეთრამდე მერყეობს.
2006 წლამდე 1კბ/მ აირი - 26,55 თეთრი იყო, 2007 წელს კი, მისი ფასი გაორმაგდა. ექსპერტების თქმით, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის მიერ ბუნებრივ აირზე ფასის გაძვირება გახდა. თუმცა 2008 წლიდან, ხელისუფლების განცხადებით, გაზს უკვე რუსეთიდან აღარ ვყიდულობდით, საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მოწოდებას მთლიანად აზერბაიჯანული მხარე უზრუნველყოფდა. მიუხედავად ამისა, გაზზე ტარიფი იგივე დარჩა.
ექსპერტ თენგიზ ჯავახიშვილის თქმით, გაზის ტარიფის 10%-ით შემცირება პირველი ნაბიჯია და მუშაობა გაგრძელდება.
„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს შრომატევადი საქმეა, რომელიც დროს მოითხოვს. მუშაობის პროცესში შეთანხმდნენ გაზის გამანაწილებელ კომპანიებთან და ეს 10% არის პირველი ეტაპი“, - ამბობს ჯავახიშვილი.