ზამთრის მიწურულს საქართველოში თავი ღორის გრიპმა წამოყო. H1 N1-მა უკვე შეიწირა 2 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ კარანტინის გამოცხადების საჭიროება ჯერ არ არსებობს.
ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალბატონი ე.წ ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ექიმების თქმით, გართულებული მდგომარეობის გამო, მისი ანალიზები ღუდუშაურის კნილიკიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაიგზავანა, სადაც დადგინდა, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1 N1 იგივე ღორის გრიპი გახდა.
საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ აღნიშნა, რომ პაციენტს ზემო სასუნთქი გზების პრობლემები აღენიშნებოდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს თერაპიულ განყოფილებაში. შემდეგ დაავადებამ აგრესიული ხასიათი მიიღო და მძიმე მიმდინარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოში 2 თებერვალს მოათავსეს და იგი H1 N1 ვირუსით 11 თებერვალს გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, გრიპის სეზონზე უკვე დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 5 B ტიპის გრიპის ვირუსი იყო, დანარჩენი კი, ე.წ. ღორის გრიპი. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან სამი ლეტალურად დამთავრდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ. ზახაშვილის ცნობით, ბოლო სამი კვირაა სწორედ ასეთი ტენდენცია შეინიშნება. „შემთხვევებმა პიკს მიაღწია თუ უკვე დაბლა ვეშვებით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გრიპის სეზონი ზოგადად 5-8 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება“, - აღნიშნა მან.
ზახაშვილის თქმით, გარდაცვლილის ახლობლები, შესაძლოა, ღორის გრიპის ვირუსის მატარებლები არიან, ამიტომ მათ მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართონ და არა ლაბორატორიას დასადასტურებლად.
იმავდროულად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ღორის გრიპი ფართოდ გავრცელდა, არ ადასტურებს. მისი აზრით, ამ ყველაფერს ეპიდემიური ხასიათი არ აქვს.
ამჟამად ღუდუშაურის რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი წევს, რომელიც, ათი დღის წინ, კლინიკაში შემოყვანისას ორსულად იყო. საკეისრო კვეთის შემდეგ, ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, 31 წლის დედა კი, მძიმე მდგომარეობით, რეანიმაციაში გადაიყვანეს.
მარინა გელანტია ამბობს, რომ ექიმებმა რეაგირება ორივე შემთხვევაში დროულად მოახდინეს.
„ორი შემთხვევა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეპიდემიად ჩაითვალოს. კარანტინი არ არის და არც მისი გამოცხადების საჭიროება არსებობს“, - აღნიშნა გელანტიამ.
გრიპის სეზონურობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის. საერთოდ სეზონი იწყება წლის მე-40 კვირიდან და მთავრდება შემდეგი წლის მე-20 კვირას. ამჯერად გრიპის ვირუსის პირველი ლაბორატორიული დადასტურება დაფიქსირდა 48-ე კვირაში, რაც მიუთითებს ამ სეზონზე გრიპის ვირუსის აქტიურ ფაზაში შესვლის დასაწყისს. როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური შედეგიც კი.
ქვეყანაში 2013 წლის მე-3 კვირიდან აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მატების ტენდენცია. საერთაშორისო გამოცდილებით, გრიპის სეზონური მატება შენარჩუნდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ბოლო სამი კვირის განმავლობაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 55 შემთხვევა, ხოლო გრიპის მიმდინარე სეზონის განმავლობაში - 72 შემთხვევა.
გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია. გრიპის ფართო გავრცელებისას რეკომენდებულია არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენება, კერძოდ:
უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან;
ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი;
გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;
იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.