პოლიტპატიმრები მიშას „ქორწილში“ არ დაპატიჟეს

პოლიტპატიმრები მიშას „ქორწილში“ არ დაპატიჟეს

ყოფილი პოლიტპატიმრები, ვახტანგ მაისაია და ლევან გოგიჩაიშვილი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის მერის, გიგი უგულავას დაკითხვას და იმ უფლებადამცველების წინააღმდეგ შავი პიარის შეწყვეტას ითხოვენ, ვისაც პოლიტპატიმრების განთავისუფლების საქმეში სერიოზული დამსახურება აქვს. ესენი არიან ნანა კაკაბაძე და ეკა ბესელია. ამის შესახებ განცხადება ვახტანგ მაისაიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ფორ.გე-ს პრეს-კლუბში გააკეთეს.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დაკავშირებულია იმ ბინძურ პიარ-კამპანიასთან, რომელსაც ექს-მმართველი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ახორციელებს. თანდათან ამ კამპანიამ აღვირახსნილი მასშტაბები მიიღო. წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი გაღიზიანება გამოწვეულია იმით, რომ მათთვის პოლიტპატიმრების თემა სასიკვდილო განაჩენია და ბუნებრივია, ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი. ისინი ცდილობენ, თავი რაღაცნაირად გადაირჩინონ, მოახდინონ პოლიტპატიმრების თემის დისკრედიტაცია და თავიდან აიცილონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ ამ ადამიანების მიმართ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში აქვთ ჩადენილი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების თემაზე საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში დიდი წვლილი მიუძღვით. საუბარია ეკა ბესელიასა და ნანა კაკაბაძეზე. მაისაია ამბობს, რომ სააკაშვილის გუნდი მთელი მისი ცხრაწლიანი მმართველობის მანძილზე ელიტური კორუფციის მორევში იყო ჩაფლული და ამიტომ მათგან წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხზე სხვაგვარი შეფასება გააკეთონ, მაგრამ უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ ამ კამპანიას ყოფილი პოლიტპატიმარი მიუღებლად მიიჩნევს.

ამასთანავე, ვახტანგ მაისაია სააკაშვილის რეჟიმსა და ჩილეში არსებულ დიქტატურას შორის ავლებს პარალელებს და აცხადებს, რომ ორივე ამ რეჟიმს ამერიკის ადმინისტრაციის ნეოკოსერვატორული ძალების წარმომადგენლები მფარველობდნენ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, თითქოს ვინმემ პოლიტპატიმრების საქმესთან დაკავშირებით ქრთამი აიღო, ვახტანგ მაისაია ხაზს უსვამს, რომ პოლიტპატიმრების სიის შედგენაში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა. კერძოდ, მისი კანდიდატურა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წამოაყენა და მაისაიას კანდიდატურას „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაუჭირეს მხარი. ამიტომ თუკი ამ თემის დისკრედიტაციაზე საუბარი, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყველა ამ ორგანიზაციას ჩირქს სცხებენ.

ლევან გოგიაშვილი კი ხაზს უსვამს იმას, რომ 8 თებერვლის მოვლენების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცილისწამებით არიან დაკავებულები.

„საპარლამენტო უმცირესობის წევრები, განსაკუთრებით ქალბატონი ნადირაშვილი ღიად და აბსოლუტურად უნამუსოდ ცილს სწამებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი განთავისუფლების საქმეში. ესენი არიან ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ქალბატონი ეკა ბესელია. ჩვენ გვესმის, რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ანგაჟირებული. პოლიტპატიმრების აღიარება მათი პოლიტიკური გუნდისათვის პოლიტიკურ სამარეს ნიშნავს, რადგან საერთოდ რეჟიმები ფასდება იქიდან გამომდინარე, ჰყავდათ თუ არა მათ პოლიტპატიმრები. საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა პარლამენტმა კი მიიღო დადგენილება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რისთვისაც დეპუტატებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ ის თავდასხმები, ის სიბინძურე, რაც მათგან მოდის, არის ცილისწამება ყველანაირი ფაქტების გარეშე. მათ ტალახის სროლა უნდათ იმ ადამიანებისთვის, რომლებაც თავისი ცხოვრება სუფთად განვლეს და ბუნებრივია, ჩვენ ამ ცილისწამებას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად ცნობილი ადამიანები სინამდვილეში პოლიტპატიმრები კი არ არიან, არამედ ისინი არიან კრიმინალები, რომელთა ციხიდან გამოშვებაც ახალ ხელისუფლებას კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებოდა. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები კლასიკური პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, რადგან განსხვავებული აზრის გამო იყვნენ დაპატიმრებულები და გასამართლებულები. შესაბამისად, პოლიტპატიმრები აპირებენ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათ წინააღმდეგ წარმოებული ამ შავი პიარის გამო პასუხი აგებინონ.

„ხშირია ხოლმე რიტორიკა და ტყუილების კასკადი, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ პატიმრებზე საუბრობენ. მათ ერთ-ერთ მაგალითად ჩრდილოეთ კორეა მოჰყავთ ხოლმე, რაც სასაცილოა, რადგან ჩრდილოეთ კორეაში რეალურად მთელი ქვეყანა არის პოლიტპატიმარი. საქართველოში კი არა მხოლოდ 190 პოლიტპატიმარია, რადგან არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მიკროფონს მოგწყვიტონ ადამიანი და მიტინგიდან აგიყვანონ. ადამიანი, რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო იდევნება, ის პოლიტიკურ პატიმრად ითვლება“, - აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, 2011 წელს იგი ციხეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამერბერგმა მოინახულა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გოგიჩაიშვილი პოლიტპატიმარი იყო, რადგან ევროკომისრები ციხეში კრიმინალების სანახავად არ დადიან. ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტპატიმრების თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ისტერიკას უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები უახლოეს დღეებში საკუთარი საქმეების პრეზენტაციას დაიწყებენ, რითაც როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მთელს მსოფლიოს დაუმტკიცებენ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი დიქტატორი იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ნაცისტური ტიპის პარტია, რომელიც ადამიანებს მთელი მისი მმართველობის პერიოდში აწამებდა.

8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს კი  ლევან გოგიჩაიშვილი კლასიკურ პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ თვითონ ყველანაირად უწყობდა ხელს პოლიციას, რომ კორიდორი გაკეთებულიყო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იქ არსებობდა კორიდორი, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სრულიად თავისუფლად შეეძლოთ ბიბლიოთეკის შენობაში შესვლა. ამის დასტურია ის, რომ შენობაში ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა. მე მაქვს გადაღებული კადრები, როგორ ვიმყოფებოდი შენობაში მეც, როდესაც იქ პრეზიდენტის ვიზიტისთვის მზადება მიდიოდა. როდესაც მე ამ შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოვთქვი, ასეთი პასუხი მივიღე (სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ეს ადამიანი საკრებულოს წევრია და სააკაშვილის ადმინისტრაციაშიც მუშაობს) - სხვის ქორწილში ვერ დაგპატიჟებთო. შესაბამისად, ისინი თავიდანვე განწყობილები იყვნენ იმისთვის, რომ იქ პროვოკაცია მოეხდინათ“, - ამბობს გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, ყოფილ პოლიტპატიმრებს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მშვიდობიანი აქციის ჩატარება სურდათ იმის სადემონსტრაციოდ (განსაკუთრებით დიპკორპუსის წარმომადგენლებისთვის უნდოდათ ამის ჩვენება), რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები და არ ეგუებიან წინა რეჟიმის მიერ მათ დევნას. გოგიჩაიშვილის თქმით, აქციაში მხოლოდ პოლიტპატიმრები არ მონაწილეობდნენ, იქ რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ და გიგი უგულავამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმა ამ ადამიანების პროვოცირება მოახდინეს. ყოფილი პოლიტპატიმარი სამწუხაროს უწოდებს ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, მაგრამ გოგიჩაიშვილის თქმით, თავად დეპუტატმა მოახდინა ამ ადამიანის პროვოცირება, რადგან ლანძღავდა მას. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ასევე იქცეოდნენ სერგო რატიანი, გიგი უგულავა, გიორგი მელაძე და სხვები, რომლებმაც აქციის მონაწილეები პროვოკაციაზე წამოაგეს.