ბორის ჯონსონი: შოტლანდიის ხელისუფლების მისწრაფება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ უგუნური და უდროოა

ბორის ჯონსონი: შოტლანდიის ხელისუფლების მისწრაფება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ უგუნური და უდროოა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შოტლანდიის ხელისუფლების მისწრაფება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ უგუნური და უდროოა.

„არ მგონია, რომ სწორია დაუსრულებლად საუბარი კიდევ ერთ რეფერენდუმზე. ჩემი აზრით, შოტლანდიის მთავრობამ თავი ვერ გამოიჩინა ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება, კრიმინალთან და ნარკომანიასთან ბრძოლა. ვფიქრობ, რომ ის რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას და შოტლანდიის მოსახლეობას სურს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს უაზრო კამათის დაწყებას იმის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა.

„იგივე ხალხი, ვინც კიდევ ერთ რეფერენდუმზე საუბრობს, 2014 წელს ამბობდა, რომ ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება. მე ვემხრობი იმას, რაც მათ უკანასკნელად თქვეს“, - აღნიშნა მან.