წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერი, კევინ მაკკარტი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც დონალდ ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლისთვის კონგრესზე „რესპუბლიკელების“ კონტროლის მოსაპოვებლად ერთად იმუშავებენ.
„დღეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ვალდებულება აიღო, 2022 წელს „რესპუბლიკელებს“ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში არჩევაში დაეხმაროს. „რესპუბლიკური“ უმრავლესობა ჩვენს თანამოქალაქეებს მოუსმენს და იმ გამოწვევებს გადაწყვეტს, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას. „დემოკრატებმა“ მხოლოდ ის დღის წესრიგი წამოაყენეს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ჰყოფს. მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ენერგეტიკის სფეროში სამუშაოების განადგურება. რადიკალური „დემოკრატების“ დღის წესრიგი უნდა შეჩერდეს“, - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერის, კევინ მაკკარტის განცხადებაში.
2022 წელს აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები გაიმართება. ამჟამად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა „დემოკრატებს“ აქვთ.