„თქვენი პარლამენტი გველების ბუდეა, სადაც საქართველოს მტრები სხედან, დაითხოვეთ“, - ასეთნაირად დაუბარა ქართველ ხალხს ვალერია ნოვოდვორსკაიამ. რატომღაც რუს ჟურნალისტსა და დისიდენტს ასეთი რჩევების მოცემა მაშინ არ გახსენებია, როცა გასული ხელისუფლებების პირობებში სხვადასხვა მოწვევის პარლამენტი მართლაც დასათხოვი იყო. დღეს კი ექსცენტრული ქალბატონი კიდევ ერთ უცნაურ განცხადებას აკეთებს:
„ბატონო ქართველებო, რამდენადაც მომაკვდავმა ზვიად გამსახურდიამ თქვენი თავი მე ჩამაბარა და თქვენზე ზრუნვა დამავალა, როგორც ძველ დისიდენტსა და რუსეთის მიერ თავისი უბედური, ყოფილი კოლონიებისთვის დაგებული ხაფანგების კარგ მცოდნეს, უბრალოდ, გაფრთხილებთ, რომ ძალიან ცუდი დრო დაგიდგებათ, თუ დაუშვებთ „ქართული ოცნების“, უფრო სწორად, რუსეთის იმპერიის ოცნებების ასრულებასა და უკანონობას“.
ვალერია ნოვოდვორსკაიას თავგანწირული სიყვარული სააკაშვილის მიმართ არახალია. ალბათ, ეს ის იშვიათი ადამიანია, ვინც მომავალშიც ბოლომდე უერთგულებს თავის ფავორიტ სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ნოვოდვორსკაიას აზრები ქართველი ხალხისთვის უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე გასათვალისწინებელი. პერიოდულად ის არ ივიწყებს სააკაშვილს და მხსნელად ევლინება. ასე მოხდა 8 თებერვლის დაპირისპირების შემდეგაც. ნოვოდვორსკაიას უკვირს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ რატომ არ გამოვიდა ქართველი ხალხი საკუთარი სურვილით თავისი პატარა ქვეყნის მთავარ მოედანზე?! რატომ არ თქვეს ქართველებმა, რომ აღარ სურთ, ჰქონდეთ ასეთი პარლამენტი? იმიტომ, რომ „თუ პარლამენტი უკანონობას აღვივებს, ეს პარლამენტი არ არის, ეს ქურდული ქოხმახია“.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც კანონიერი ქურდი ისე იქცევა, რომლის უკანაც რუსეთი დგას. მისი მიზანია უკანონობის და ქაოსის დამკვიდრება საქართველოში.
For.ge დაინტერესდა, რით აიხსნება ნოვოდვორსკაიას ერთგულება სააკაშვილის მიმართ?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ნოვოდვორსკაიას აზროვნებას ასეთნაირად აფასებს - ვინც სააკაშვილის მტერია, ის პუტინის მეგობარია, ხოლო ვინც პუტინის მეგობარია, ის ნოვოდვორსკაიას მტერია.
„სწორედ ასეთ პრიმიტიულ აზროვნებასთან გვაქვს საქმე. ნოვოდვორსკაიას სერიოზულად არავინ აღიქვამდა არც საბჭოთა კავშირში. მისი დისიდენტობის ამბავიც ძალიან გაბერილია. ის ერთადერთი დისიდენტია, რომელიც არ მჯდარა ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა დროს რაღაც დამსახურება ჰქონდა, მისი შემდგომი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, ყოველთვის უსაგნო, ჩაუხედავი იყო. ვინ ჰკითხავს ნოვოდვორსკაიას ქართველი ხალხის არჩევანს ან რა იცის მან ამის შესახებ?!“ - კითხულობს ლევან ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას ისე უყვარდა საქართველო, რომ ნოვოდვორსკაიასნაირი გაქანების ქალს ნამდვილად ვერ ჩააბარებდა ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიაზე ზედმეტს ვერავინ იტყვის.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნოვოდვორსკაია მუდამ გამოირჩეოდა ექსტრავაგანტიზმით, მას თავიდანვე არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნდა, გარდა მოშხამული ენის. მეტიც, იგი დემოგოგიის დიდოსტატია.
პოლიტოლოგს ახსენდება, რომ თავის დროზე ნოვოდვორსკაია აღფრთოვანებული იყო ზვიად გამსახურდიათი, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ მასზე ბრწყინვალე ესსეც დაწერა - Made in USSR (შესრულებულია საბჭოთა კავშირში), ანუ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. ამით ნოვოდვორსკაიამ გამოხატა აზრი, რომ ეს არის რუსეთის ხელწერა, შტამპი და ეს გაკეთებულია საბჭოთა კავშირში.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნოვოდვორსკაია კარგი წყვილი იქნებოდა ჟირინოვსკისთან ერთად. ნოვოდვორსკაიას არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, შეიძლება, თავის დროზე ივანიშვილი არ მოსწონდა რუსეთში. ყველას ჰყავს მტრები, თუმცა არა მგონია, ნოვოდვორსკაიას ივანიშვილთან შეხება ჰქონოდა, მაგრამ მისდამი სიძულვილი, როგორც ჩანს, არის მადრიდის სამეფო კარის საიდუმლოება“ - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება იმას, თითქოს მომაკვდავმა ზვიად გამსახურდიამ ნოვოდვორსკაიას ქართველებზე ზრუნვა დაავალა, სოსო ცინცაძის აზრით, ეს ხატოვანი გამოთქმაა, თორემ ზვიად გამსახურდიას ანდერძი არ დაუტოვებია, გინდათ თუ არა, ნოვოდვორსკაია რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო. პოლიტოლოგის შეფასებით, ლატინინას ტონალობა კიდევ გასაგებია, რომელიც წერს, რომ საქართველოში უკუნეთი სიბნელეა. ეს იმით აიხსნება, რომ ლატინინა ხშირად ჩამოდიოდა აქ და შესაძლოა, გარკვეულ წრეებთან კავშირებიც ჰქონდა. ნოვოდვორსკაია კი ბოლო ხანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო ვერ მოგზაურობს, ამას წინათ დაწერა კიდეც, თვითმფრინავი ამიკრძალეს ექიმებმაო და ამდენად, სოსო ცინცაძის თქმით, ის მაქსიმ გორკი არ არის, ფეხით ჩამოვიდეს რუსეთიდან.
პოლიტოლოგს ახსენდება, რომ ზვიად გამსახურდია მართლაც მეგობრობდა ნოვოდვორსკაიასთან და მიწერ-მოწერაც ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთხელ შესწრებია კიდეც, რომ ზვიადს მოსკოვიდან დაურეკეს და მან უთხრა, ნოვოდვორსკაია რეკავსო. მაშინ ნოვოდვორსკაია არ იყო ისე ცნობილი, თუმცა დისიდენტი იყო.
„სახაროვის გარდა, ზვიადს რუს დისიდენტებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. სახაროვთან ვერ ააწყო ურთიერთობა. ზვიადს და საქართველოს სახაროვთან ელენე ბონერმა გაუფუჭა საქმე. ბონერი ერთ-ერთი ქმრის გვარი იყო, თორემ, სახაროვის გარდა, ხუთი ქმარი მაინც ჰყავდა იმ შეუხედავ ქალს. თვითონ თბილისელი სომხის - ალიხანოვის შვილი იყო. ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ორი-სამი ადამიანი, რომელიც უშვერი სიტყვებით ლანძავს შვეიცარიას, საფრანგეთს, შვედეთს, ნორვეგიას, დანიას. არადა, ეს ქვეყნები ადამიანის დაცვის მხრივ პირველ ადგილას არიან“.
ადამიანისადმი ასეთ სიძულვილს სოსო ცინცაძე პირად პრობლემს ან ფობიებს უკავშირებს. მისი თქმით, რუსეთში არის ცნობილი ჟურნალისტი ვიტალი ტრეტიაკოვი, კრემლის იდეოლოგი, რომელიც ორგანულად ვერ იტანს ქართველებს. იგი „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი იყო და 2008 წლის ომის შემდეგ დაწერა, ქართველები რომელი მეომრები არიან, პლაჟებზე ქერა რუსი ქალების სიყვარულის მეტი რა შეუძლიათო. ამის გამო სოსო ცინცაძე რუს მეგობრებს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ ტრეტიაკოვის ქალიშვილი ქართველს უთხოვია ცოლად, შემდეგ სკანდალით გასცილებია და იმის მერე შესძულებია ქართველები.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ნოვოდვორსკაია მთელი ოცი წლის განმავლობაში პერიოდულად გამოდის ხოლმე ასპარეზზე და გვარიგებს ჭკუას მოსკოვიდან, თუ რა უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, იგი ძირითადად ტენდენციურია, მაინცდამაინც ღრმად ვერ ერკვევა და არც ცდილობს ღრმად გაერკვეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. იგი ზედაპირულად აფასებს პროცესებს, ადარებს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და გარკვეული დასკვნები გამოაქვს აქედან. ამიტომ ექსპერტი თვლის, რომ სჯობს, ნოვოდვორსკაიამ მიხედოს რუსეთს და ჯერ რუსეთში გაატაროს რეფორმები, შემდეგ კი შესაძლოა, ვიფიქროთ, დავუჯეროთ თუ არა მის რჩევებს.
„ის, რომ საქართველოში მისი რჩევები არ აინტერესებთ, მთლად ასეც არ არის. ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, ალბათ, აინტერესებს მისი შეფასებები. ნოვოდვორსკაია ძალიან დიდი დამცველი იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის და ბუნებრივია, მისტირის მის რეჟიმს. მისი გამოსვლა ყოფილ ხელისუფლებას ხელს აძლევს და მას მოიშველიებენ, როგორც უფლებადამცველს. თუმცა რით აიხსნება მისი ასეთი ერთგულება სააკაშვილის მიმართ, ვერ გეტყვით. საკმაოდ ექსცენტული პიროვნებაა და დისიდენტურ წრეებშიც არ ეკიდებიან სერიოზულობით. ამიტომ ასეთი ადამიანი ცდილობს, ქულები მოაგროვოს საზღვრებს გარეთ. ამით უნდა აიხსნას მისი აქტიურობა. შესაძლოა, ასრულებს კიდეც გარკვეულ დავალებებს“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.