ჭიათურელმა მაღაროელებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ საწარმოს მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 1200 თანამშრომლის შემცირებას აპირებს. გარდა ამისა, ადმინისტრაცია მათ დაშინებასაც ცდილობს.
მათ ამ ეტაპზე, სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ისინი უქმე დღეებით სარგებლობას, საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ადამიანებისათვის დღეების რაოდენობის მომატებასა და შვებულების ვადის 28 კალენდარული დღიდან, 45 კალენდარულ დღემდე ზრდას ითხოვენ.
როგორც ჭიათურის მაჟორიტარმა მალხაზ წერეთელმა განაცხადა ამ ეტაპზე „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია ელემენტარულ შეთავაზებებზე არ მიდის.
„ეს ადამიანები ხელფასების მატებას არ ითხოვენ. მათ სამი პირობა აქვთ. ეს არის კედელთან მიყენებული ადამიანების პროტესტი. ყველას უნდა სამუშაო და არავინ არის გაფიცვის მომხრე, მაგრამ მაღაროელების მდგომაროებას ართულებს ის ფაქტიც, რომ კომპანიაში იგეგმება შიდა შემცირებები და სტრუქტურული ცვლილებები. მუშებს გამოცდები უნდა ჩაუტარონ, რისთვისაც ეს ადამიანები მზად არ არიან და მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებათ“,- ამბობს წერეთელი.
ჭიათურის მაჟორიტარის თქმით, მუნიციპალიტეტს გარკვეული სამინისტროების მხრიდან მეტი ყურადღება და სწრაფი რეაგირება სჭირდება.
ამ ეტაპზე მუშების ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან, ნაწილი თავიანთ მაღაროებთან არის განაწილებული, ხოლო ერთ-ერთ მაღაროში - შუქრუთში, 9 ადამიანი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება.
„ჭიათურა რეგიონთა და ქალაქთა შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. ამ ხალხს უნდა შრომა. ჭიათურაში კი მაღაროს მეტი არაფერი მუშაობს. თუ ამ ხალხს ყურადღება არ მიაქციეს, გაფიცვა პერმანენტულ სახეს მიიღებს და მოთხოვნებიც გაიზრდება“,- ამბობს წერეთელი.
მაღაროელებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციებს მართავდნენ. მაღაროელებმა აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ხელისუფლებისაგან მათი პრობლემების შესწავლის დაპირება მიიღეს.
ჭიათურელი მაღაროელები აცხადებენ, მოთხოვნები, რაც მათ გასული წლის ოქტომბერში წაუყენეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, დღემდე არ შესრულებულა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს მოსალოდნელი შემცირებების შესახებ აცნობა, რამაც მაღაროელები აღაშფოთა.
„4 თვის განმავლობაში ჩვენი არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. პირობები არ გაუმჯობესებულა, ისევ არის ზეწოლა მუშებზე, არის შემცირებები. ახლა შემცირებების საბაბად მოიგონეს გამოცდები, რადგან აქციების ორგანიზატორები ვერ მოგვიშორეს“, -ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი გულთამზე ჩუბინიძე.
„ჯორჯიან მანგანეზში“ ამ დროისთვის 3700-მდე ადამიანი მუშაობს. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 1200 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს.
„თუ ის ადგილები საჭირო არ იყო, თავის დროზე თავად არ შექმნეს?! არ აცდიან ადამიანებს პენსიაზე გასვლას. მე კომპანიაში ვუთხარი, რომ გაითვალისწინეთ, პატარა ქალაქია ჭიათურა, სხვა სამსახური არ არსებობს და მაგ მანგანუმით ვართ დაავადებული ყველა-მეთქი“, - აცხადებს გულთამზე ჩუბინიძე.
ჭიათურაში ყველა მაღაროსა და მადნის გადამამუშავებელ საწარმოს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს, რომლის დირექტორია უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკი.
როგორც მაღაროელი მერაბ ჭითანაძე ამბობს, „ჯორჯიან მარგანეზი“ მუშების შემცირების მიუხედავად, წარმოების მოცულობის შემცირებას არ აპირებს და გათავისუფლებული მუშების საქმეს დანარჩენებს გადაუნაწილებენ. მისივე ინფორმაციით, ქარხნის ადმინისტრაცია მათი სოლიდარობის გატეხვასა და დაშინებას ცდილობს და მუშებს ზესტაფონიდან პოლიციის ჩამოყვანით ემუქრება.