თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ხუთნახევარ მილიარდზე მეტი, აღმოჩნდა, რომ რეალურად ჯარსა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას არ მოხმარდა".
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს მინისტრმა ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადისა და სენაკში მდებარე მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზებზე სტუმრობისას განაცხადა. გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ალასანია ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს ადგილზე გაეცნო.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა.
"ეს თანხები არ იყო გამჭვირვალედ დახარჯული და არ არსებობდა არანაირი კონტროლის მექანიზმი. ამის გამო, ის დიდი თანხები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაზე დაიხარჯა, პრაქტიკულად, ხუთნახევარ მილიარდზე მეტი, აღმოჩნდა, რომ რეალურად არ მოხმარდა ჯარს და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ეს ყველაფერი იცვლება. ამის გამოსწორებას ერთი დღე არ ეყოფა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის შეცვლის და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის გრძელვადიანი გეგმა. რაც კარგი გაკეთდა გასულ პერიოდში, იმას შევინარჩუნებთ და ამიათვის მადლობას ვეტყვით ყველას" - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის დავალებით, სამხედრო ბაზებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. სამუშაო ჯგუფმა უკვე შეისწავლა სამხედრო ნაწილებში არსებული პრობლემები და ჯარისკაცებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად, რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდა.