აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ხმა უამრავი რუსის ხმაა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ალექსეი ნავალნის საქმეზე აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ არც ერთ ზომას არ გამორიცხავს, თუმცა გადაწყვეტილებას საკითხის ანალიზის შემდეგ მიიღებენ.
25 იანვარს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს მაშინ და ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.
18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.