რუსეთში ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებს აკავებენ

რუსეთში ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებს აკავებენ

რუსეთში კრემლის კრიტიკოს, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ პირებს აკავებენ. პოლიციამ ოპოზიციონერის ძმა ოლეგ ნავალნი და თანაშემწე ილია პახომივი დააპატიმრა.

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ნავალნის თანაგუნდელის, ლიუბოვ სობოლის სახლსა და ოფისშიც, თავად სობოლი კი 48 საათით დააკავეს. გაჩხრიკეს ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ოფისებიც. პოლიციას ორიგინალურად დახვდა ალექსეი ნავალნის პირადი ექიმი და თანაგუნდელი ანასტასია ვასილიევა. როდესაც სამართალდამცველები მისი ბინის გასაჩხრეკად შევიდნენ, ის ფორტეპიანოზე უკრავდა.

18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.