ვაუჩერები გლეხებისკენ დაიძრა

ვაუჩერები გლეხებისკენ დაიძრა

პირველი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს ქვემო ქართლელი გლეხები მიიღებენ. 11 თებერვილიდან ბარათების დარიგება უკვე დაიწყო, ხოლო 15 თებერვლიდან კი საგაზაფხულო სამუშაოები სტარტს აიღებს.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი, რომელიც საერთო ჯამში გათვალისწინებულია 640 000-ზე მეტი მიწის მესაკუთრისთვის, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, გლეხებს 2 ტიპის ბარათები დაურიგდებათ, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ.

„პირველი - ეს არის ბარათი, რომელზეც ტრაქტორია გამოსახული. ამ ბარათის მიმღები ყველა ადამიანი შეძლებს თავისთვის საჭირო მომსახურების მიღებას, ვგულისხმობ, მიწის მოხვნას და გაფხვიერებას. მეორე ბარათი ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად არის გამიზნული და მის დარიგებას მარტიდან დავიწყებთ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების მომხმარებლები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით სახნავი ფართობის მქონე მიწათმესარგებლეები მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით. 1 ჰექტარზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება ისეთი კომპონენტებისაგან, როგორიცაა ნიადაგის ხვნა და გაფხვიერება. ამ ბარათში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად 300 ლარია გათვალისწინებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი 0, 25-დან 1, 25-მდე ჰექტარის მიწის მესაკუთრეებისგან შედგება. 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები ნედლეულის შესაძენად 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ.

1,25-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერებს 640 ლარის ღირებულების ბარათები დაურიგდებათ.

მთელი საქართველოს მასშტაბით მიწათმესაკუთრეთა აღწერა „კარდაკარის“ პრინციპით განხორციელდა და შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ბაზა, რომელშიც 640 000-ზე მეტი მესაკუთრე დაფიქსირდა.

რამდენად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო ბარათები სოფლის მეურნეობის განვითარებას და რამდენად ოპტიმალურია გლეხისთვის ამ ფორმით დახმარება? ამ საკითხის კომენტირებისას ეკონომისტმა ვაჟა ბერიძემ რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ვაუჩერები საერთოდ სოფლის მეურნეობის სტიმულირების მაინც და მაინც საუკეთესო ფორმა არ არის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების გარკვეულ სახეობასთან.

„ვფიქრობ, მხოლოდ სოფლის მომავლის განსაზღვრის შემდეგ, დაწვრილებული საგლეხო ნაკვეთების გაერთიანების სამართლიანი გზის მოძებნის შემდეგ გახდება შესაძლებელი ეფექტიანი ზომების მიღება. ამ ეტაპზე კი მყისიერად და სერიოზულად უნდა დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს. ამის შემდეგ საჭიროა ვიფიქროთ სოფლის განვითარების კონცეფციაზე“, - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს შეხვდა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილე სასოფლო-სამეურნეო ბარათების გადაცემის პროცესსაც დაესწრო.

15 თებერვლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორი“ საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს დაიწყებს.